ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში, მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ბულგარეთი 5:2 დაამარცხა

ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფში, მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ბულგარეთი 5:2 დაამარცხა

„ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა, წინა შეხვედრასთან შედარებით,
სასტარტოში 5 ცვლილება განახორციელა და უფრო დაცვითი, თუმცა შედარებით
ოპტიმალური შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე. ჩვენი გუნდი თავიდანვე
დაეუფლა ინიციატივას და კვარაცხელიას პასით დავითაშვილმა თავურით
დალაშქრა მიხაილოვის კარი. შემდეგ ზივზივაძემაც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა
თამაშგარეს გამო არ ჩათვალა. მასპინძლებმა პირველი მომენტი მე-15 წუთზე
შექმნეს, როდესაც დესპოდოვი ლორიასთან პირისპირ გავიდა და მეკარემ
გადაგვარჩინა. 31-ე წუთზე კი შეტევაში ჩართულ აზაროვს გადაცემა კვარაცხელიამ
გაუკეთა და მან
ხრისტოვისგან რიკოშეტით ანგარიში გაზარდა. ბოლოს აბურჯანიამ კარგი შანსი ვერ
გამოიყენა და პირველი ტაიმი 2:0 მოვიგეთ.
შესვენების შემდეგ ბულგარელებმა შემოგვიტიეს. ილიევმა ცენტრალურ მცველებს
მეორე სართულზე ბრძოლა მოუგო და ანგარიში შეამცირა. თუმცა მასპინძელთა
სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა – აბურჯანიას პასით ამჯერად მიხაილოვს
ზივზივაძემ გაუტანა. მერე კვარაცხელია საჯარიმოში ტურიცოვმა წააქცია,
უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი თავად დაზარალებულმა მოიყვანა სისრულეში
და მატჩის ბედიც გადაწყდა. სანიოლმა უკვე შემდეგი შეხვედრისთვის კვარაცხელია
და ზივზივაძე დაასვენა, მათ ნაცვლად შეცვლაზე მიქაუტაძე და ყაზაიშვილი შეუშვა
და სწორედ მათ „გააკეთეს“ მეხუთე გოლი – მიქაუტაძემ ყაზაიშვილს გაატანინა და
არენაზე მყოფი ქართველი გულშემატკივრები აღფრთოვანებაში მოიყვანა,
რომლებიც გუნდს აქტიურად ქომაგობდნენ. მერე ილიევს გატანა ლორიამ არ
დაანება, ცოტა ხანში კი გოლი მაინც გავუშვით და ისევ მეორე სართულზე
წაგებული ბრძოლის შემდეგ. კომპენსირებულ დროში ბურთი ხელზე საჯარიმოში
პოპოვს მოხვდა, თერთმეტმეტრიანი კი კვეკვესკირმა ვერ გამოიყენა.
ერთი სიტყვით, სანიოლის არჩეულმა სტრატეგიამ და ტაქტიკამ გაამართლა. მან
თავის ვიზავის, პეტროვს დუელი პირწმინდად მოუგო, უკეთესმა გუნდმა
გაიმარჯვა, რომელიც ჯგუფში 6 ქულით ლიდერია და 9 ივნისს სკოპიეში
ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.
რაზგრადი. „ჰუვეფარმა“
ბულგარეთი – საქართველო 2:5

გოლები: 0:1 დავითაშვილი (4), 0:2 ხრისტოვი (31 საკ. კარში), 1:2 ილიევი (49), 1:3
ზივზივაძე (52), 1:4 კვარაცხელია (58, პენ), 1:5 ყაზაიშვილი (70), 2:5 სტეფანოვი (83)
გამოუყენებელი პენალტი: კვეკვესკირი (90+4)
ბულგარეთი: მიხაილოვი, ტურიცოვი (პოპოვი 64), ა. ხრისტოვი, ნედიალკოვი,
იორდანოვი (პ. ხრისტოვი 46), ნედელევი (კრასტევი 64), ჩოჩევი, მილანოვი
(სტეფანოვი 46), დესპოდოვი, მინჩევი (იანკოვი 64), ილიევი
საქართველო: ლორია, კაკაბაძე (კიტეიშვილი 84), კაშია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი,
აბურჯანია (გვილია 75), კვირკველია, აზაროვი, დავითაშვილი (მამუჩაშვილი 75),
კვარაცხელია (ყაზაიშვილი 68), ზივზივაძე (მიქაუტაძე 68)
წყარო – SPORTALL>GE

მსგავსი სიახლეები