მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტი მთავრობას სავარაუდოდ, 2-3 კვირაში წარედგინება

მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტი მთავრობას სავარაუდოდ, 2-3 კვირაში წარედგინება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ კანონპროექტი მთავრობას სავარაუდოდ, 2-3 კვირაში წარედგინება.

ნადარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ კანონპროექტი მიმდინარე წელს, საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცდეს.

„საქართველოს მთავრობისთვის დაზღვევა წარმოადგენს გამორჩეულ პრიორიტეტს. გასული წელი იყო მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მთავრობამ სადაზღვევო სფეროს ესტონური მოდელით დაბეგვრის გადაწყვეტილება მიიღო. ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა კანონის პროექტი კერძო საპენსიო შენატანების შესახებ. ეს არის მოდელი, რომელიც მთლიანად აწყობილია სადაზღვევო პრინციპებზე და აქ მოთამაშეები იქნებიან სადაზღვევო კომპანიები.

ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტრო, ზედამხედველობის სამსახური და ინდუსტრია აქტიურად ვმუშაობთ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაზე, რომელიც უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს განსახილველად. დეტალების დამუშავება თითქმის ბოლოშია გასული. უკვე არის დრაფტი, 2-3 კვირის განმავლობაში წარედგინება მთავრობას და მერე პარლამენტს. ვფიქრობთ, ამ კანონის მიღება მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე მოხდება“, – თქვა ნადარეიშვილმა.

სადაზღვევო სექტორი „ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონის მიღებას უკვე რამდენიმე წელია ელის. პარლამენტში კანონპროექტი ჯერ კიდევ 2018 წელს დარეგისტრირდა, თუმცა მისი განხილვა შეჩერდა. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნაა.

უცნობია, რა იცვლება კანონპროექტის პირვანდელ ვერსიასთან შედარებით. კანონპროექტის პირვანდელი ვერსიის მიხედვით კი, სადაზღვევო პრემიის მოცულობა ტრანსპორტის კატეგორიების მიხედვით განსხვავებული იყო. მაგალითად, მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში წლიური მაქსიმალური სადაზღვევო პრემია, რისი გადახდაც მოქალაქეებს სავალდებულო წესით მოუწევდათ, მაქსიმუმ 150 ლარით იყო განსაზღვრული.

მსგავსი სიახლეები

ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნის შემდეგ, არსებული დაიხურება – ეკონომიკის სამინისტრო

ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნის შემდეგ, არსებული დაიხურება –…

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვაზიანში გადატანის შემდეგ, არსებული აეროპორტი დაიხურება. როგორც BMG-ის კითხვის პასუხად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მოგვწერეს, ვაზიანში ახალი საერთაშორისო…
ახალგაზრდულ ორგანიზაციებს 50 000 დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ – მერიის პროგრამა განახლდა

ახალგაზრდულ ორგანიზაციებს 50 000 დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ – მერიის…

თბილისის მერიამ ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამის პირობები განაახლა, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდულ ორგანიზაციას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში და მოიპოვოს…
საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში იახტების იმპორტი საქართველოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48.5%-ით გაიზარდა. იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები…