„მოსახლეობას 100%-იანი ფასნამატით უწევს პროდუქტების შეძენა“ – პრემიერის დავალება მინისტრებს

„მოსახლეობას 100%-იანი ფასნამატით უწევს პროდუქტების შეძენა“ – პრემიერის დავალება მინისტრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორები გააკრიტიკა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს იმპორტისას არსებული მაღალი ფასნამატის შესწავლა დარგის წარმომადგენლებთან ერთად დაავალა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან დავითაშვილს, ლაშა ხუციშვილსა და ოთარ შამუგიას საკითხის შესწავლისა და დასკვნების დადებისთვის ორკვირიანი პერიოდი მისცა. მთავრობის მეთაურმა ისიც აღნიშნა, რომ მისი დავალებით კონკურენციის სააგენტომ პირველადი მოხმარების პროდუქტის იმპორტიორების ბაზრის მოკვლევა ჩაატარა, რა დროსაც გამოიკვეთა რომ კომპანიები მაღალ მარჟებზე მუშაობენ და მოსახლეობას დახლიდან პროდუქტის შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს.

„რამდენიმე კვირის წინ კონკურენციის სააგენტოს სურსათის პროდუქციის ფასების შესწავლა დავავალე. მაინტერესებდა რამდენად კეთილსინდისიერად და გონივრული მარჟებით მუშაობდნენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც შემაშფოთებელი იყო. მინდა წარმოგიდგინოთ პირველადი მოკვლევის შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და მაგალითად ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი თუ მარილის შემთხვევაში საბითუმო ფასებზე დამატებულია50%,  70%, 60%, 80%-იანი ფასნამატი, ამას ემატება საცალო ფასნამატი მინიმუმ 20-25%; გამოდის ჩვენს მოსახლეობას ამ პროდუქტების შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენი მხრივ მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს არის მიღწეული და შენარჩუნებული, ამ დროს იმპორტიორების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. მინდა დავავალო ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა ის მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მაქსიმუმ ორ კვირაში მაგიდაზე უნდა მქონდეს სრული სურათი შესაბამისი გამოსავლის გზებით“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც განაცხადა, რომ ხალხის ხარჯზე გამდიდრება მიუღებელია და პარალელი მედიკამენტების ბაზრის დარეგულირებასთან გაავლო.

„ეს მიუღებელია, ამხელა მოგებით მუშაობდნენ წამლების იმპორტიორები და გვახსოვს რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა, როცა ეს თემა გავხსენით და შედეგიც სახეზე იყოს. გავხსენით თურქეთის ბაზარი და დავაწესეთ რეფერენტული ფასები, რამაც მედიკამენტების ფასი 70-80%-ით შეამცირა. ჯამში ჩვენმა ხალხმა 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა.

ამიტომ მე აქ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავ. სამწუხაროდ, არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან და საჭიროა მათთან საუბარი. დიდი იმედი მაქვს, ამ მოწოდებას და მიმართავს ანგარიშს გაუწევენ, არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არასწორი საქციელია. რაც გონივრული პროცენტები და მარჟებია, იმ ფარგლებში უნდა იყოს ეს ყველაფერი დარეგულირებული“, – თქვა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნის შემდეგ, არსებული დაიხურება – ეკონომიკის სამინისტრო

ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნის შემდეგ, არსებული დაიხურება –…

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვაზიანში გადატანის შემდეგ, არსებული აეროპორტი დაიხურება. როგორც BMG-ის კითხვის პასუხად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მოგვწერეს, ვაზიანში ახალი საერთაშორისო…
ახალგაზრდულ ორგანიზაციებს 50 000 დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ – მერიის პროგრამა განახლდა

ახალგაზრდულ ორგანიზაციებს 50 000 დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ – მერიის…

თბილისის მერიამ ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამის პირობები განაახლა, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდულ ორგანიზაციას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში და მოიპოვოს…
საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში იახტების იმპორტი საქართველოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48.5%-ით გაიზარდა. იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები…