საავტორო უფლებების ასოციაციამ შეგროვილი თანხის კანონით დადგენილი 20%-ის ნაცვლად, 40% გახარჯა – საქპატენტი

საავტორო უფლებების ასოციაციამ შეგროვილი თანხის კანონით დადგენილი 20%-ის ნაცვლად, 40% გახარჯა – საქპატენტი

საქპატენტი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ავტორთა უფლებებს კოლექტიურ საფუძველზე მართავს ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაა (შემდგომ – ასოციაცია), რომლის გამგეობის თავმჯდომარე 2011 წლიდან დღემდე გიგა კობალაძეა.

საქპატეტის ინფორმაციით, შემოწმების შედეგად არაერთი ხარვეზი გამოვლინდა. კერძოდ, ასოციაციას დარღვეული აქვს შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის მეთოდი, კერძოდ, ასოციაცია დარიცხვის მეთოდის ნაცვლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ე.წ. საკასო მეთოდს იყენებს. ამასთან, საქპატენტის ინფორმაციით, აუდიტმა ვერ დაადგინა, თუ რა თანხის გადახდის ვალდებულება გააჩნდა/გააჩნია ასოციაციას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.

საქპატენტის ინფორმაციით, აუდიტის ანგარიშში მითითებულია, რომ 2021 წელს ასოციაციის მიერ ავტორთა ქონებრივი უფლებების განკარგვის გზით შეგროვებული ჰონორარების ჯამმა შეადგინა 3 822 063 ლარი. ასოციაციის წესდების მიხედვით დამტკიცებული წესის თანახმად, შეგროვებული ჰონორარიდან ადმინისტრაციული ხარჯისათვის ასოციაციას შეუძლია გამოიყენოს არაუმეტეს 20%. თუმცა აუდიტმა დაადგინა, რომ ადმინისტრირებისათვის არა 20%, არამედ 47% გაიხარჯა. უფრო ზუსტად კი ასოციაციის მართვის ხარჯმა შეადგინა 1 791 597 ლარი. საინტერესოა, რომ აუდიტის ანგარიშში, ამ მიგნებასთან ერთად ასოციაციის განმარტებაცაა მითითებული, სადაც აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯის ასეთი დიდი მოცულობა პანდემიის პერიოდში შემოსავლების შემცირებითა და არსებული ფიქსირებული ხარჯით იყო განპირობებული, მათ განმარტებაზე უფრო საინტერესო კი ის „ფიქსირებული“ ხარჯია, რომელიც ასოციაციამ პანდემიის პერიოდში ავტორთა ჰონორარებიდან გახარჯა.

ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ხარჯის ძირითადი ნაწილი თანამშრომლებზე გაცემული შეუსაბამოდ მაღალი სარგებელია. მაგალითად, ასოციაციაში ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე დასაქმებულმა პირმა 2021 წელს სარგებლის სახით 233 062 ლარი მიიღო (მათ შორის: ხელფასი 150 000 ლარი; პრემია 6 250 ლარი; ბონუსი 25 000 ლარი და სარგებელი 51 812 ლარი, რომელიც, თავის მხრივ, უცხოეთში სწავლის ღირებულებას – 28 086 ლარს, ნორმის ზემოთ მივლინების თანხას – 19 417 ლარს, დაზღვევის საფასურს – 2 921 ლარს, სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულებას – 188 ლარს და ავტომანქანით სარგებლობის ღირებულებას – 1 200 ლარს მოიცავს).

დამატებით აღნიშვნის ღირსია, რომ ასოციაციამ 2021 წელს ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის, მათი კუთვნილი ჰონორარების შეგროვებით მიღებული თანხიდან 42 316 ლარის ღირებულების ავტომობილი შეიძინა.

აუდიტის ანგარიშით დგინდება, რომ გასული 2021 წლის მსგავსი მდგომარეობა დაფიქსირდა 2022 წელსაც, კერძოდ, ასოციაციის ავტორთა უფლებების მართვის შედეგად შეგროვებული 5 412 250 ლარიდან ასოციაციის მართვის ხარჯმა, ნაცვლად 20%-ის შეადგინა 40%, კერძოდ, 2 158 279 ლარი.

გასულ წელთან შედარებით გაზრდილი შემოსავლებიდან 2022 წელსაც მნიშვნელოვანი თანხები ქონებრივი უფლებების მფლობელ ავტორთა ნაცვლად, ადმინისტრაციასა და მაღალ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს მოხმარდა.

მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულმა იგივე პირმა კი 2022 წელს სარგებლის სახით 336 569 ლარი მიიღო (მათ შორის: ხელფასი 143 750 ლარი; პრემია 27 500 ლარი; ბონუსი 37 500 ლარი და სარგებელი 127 819 ლარი, რომელიც მოიცავს სწავლის ღირებულებას – 77 957 ლარს, ნორმის ზემოთ მივლინების თანხას – 42 516 ლარს, დაზღვევის ღირებულებას – 5 959 ლარს, სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულებას – 188 ლარს და ავტომანქანით სარგებლობის ღირებულებას – 1 200 ლარს).

ამავდროულად, ასოციაციამ 2021 წელს თუ ავტომობილი შეიძინა, 2022 წელს შეისყიდა უძრავი ქონება ქალაქ ბათუმში, რომლის ღირებულებამ 146 669 ლარი შეადგინა.

“ზემოთ აღწერილ ხარვეზებთან ერთად, ვფიქრობთ, აღნიშვნის ღირსია აუდიტის ანგარიშში მითითებული კიდევ ერთი ნაკლოვანება, კერძოდ დგინდება, რომ ასოციაცია სადეპოზიტო ანაბარზე დარიცხულ თანხას (2021 წ – 2 804 ლარი, 2022 წ – 9 599 ლარი) არამიზნობრივად იყენებდა ადმინისტრაციული ხარჯებისთვის ავტორებზე განაწილების ნაცვლად.

დამატებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2023 წლის 7 აპრილს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ წერილობით მიმართა საქპატენტს და აცნობა, რომ 2023 წლის 23 აპრილს ტარდებოდა ასოციაციის საერთო კრება, რომელზეც განიხილებოდა 2022 წლის საქმიანობის შეჯამება და ანგარიშის დამტკიცება, ასოციაციის წესდებასა და ავტორთა საბჭოს დებულებების ახალი რედაქციების მიღება, ავტორთა საბჭოს, გამგეობისა და თავმჯდომარის არჩევა, ასევე, ასოციაციის საქმიანობის მომავალი სტრატეგიული გეგმების წევრებისთვის გაცნობა.

საქპატენტმა წერილობით მიმართა ასოციაციას საერთო კრების გადადებასთან დაკავშირებით (ვინაიდან მიმდინარეობდა ზემოხსენებული აუდიტორული შემოწმება და არსებობდა შესაძლებლობა, რომ შემოწმების დასრულების შემდგომ აუდიტის ანგარიშში აისახებოდა ასოციაციის საქმიანობის შესახებ რიგი მიგნებები და გაიცემოდა შესაბამისი რეკომენდაციები), რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის შედეგების სრულყოფილი გაცნობა და ასოციაციის სტრატეგიული გეგმებისა და მომავალი საქმიანობის აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განსაზღვრა”, – იტყობინება საქპატენტი.

მიუხედავად საქპატენტის დასაბუთებული მოთხოვნისა, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ არ გადადო საერთო კრება, უფრო მეტიც, კიდევ ერთხელ აირჩიეს მოქმედი გამგეობის თავმჯდომარე, თუმცა, როგორც ირკვევა, საერთო კრების კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსაბამოდ ჩატარებისა და პროცედურული დარღვევების გამო, ასოციაციის საერთო კრების შედეგები საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა.

„აუდიტის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ, ავტორთა ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით, აუცილებელია ეფექტიანი ზომების დროულად მიღება. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ მართვასთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გასწორება. ამ მიზნით უცხოელი პარტნიორების (CLDP, USAID) ჩართულობითა და, ასევე, მოწვეული უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან ერთად, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის განხილვას პარლამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს“, – წერია საქპატენტის ინფორმაციაში.

აქვე უწყებაში განმარტავენ, აუდიტორული შემოწმების შესახებ საქპატენტმა ოფიციალურად აცნობა ასოციაციას 2022 წლის 19 დეკემბერს და ამ საკითხზე საქპატენტში შეხვედრისა თუ სხვა არაერთი, მათ შორის, წერილობითი კომუნიკაციის შემდეგ, ასოციაციამ 2023 წლის 12 იანვარს წერილობით გამოხატა თანხმობა ეთანამშრომლა აუდიტორულ კომპანიასთან და მიეწოდებინა მისთვის ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

მსგავსი სიახლეები

მოლოდინია, რომ EURO 2024-ის ტურისტული პაკეტების ღირებულება მინიმუმ 50%-ით გაიზრდება – Travelfy

მოლოდინია, რომ EURO 2024-ის ტურისტული პაკეტების ღირებულება მინიმუმ 50%-ით…

ტურისტული კომპანია Travelfy-ის მარკეტინგის მენეჯერის თქმით, EURO 2024-ისთვის შექმნილ პაკეტებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. BM.GE-სთან საუბრისას მარიამ დგებუაძე ამბობს, რომ კომპანიაში ტურისტულ…
2023 წელს „გადაიღე საქართველოში“ პროგრამით 9 ფილმის გადაღება უკვე დასრულდა – რომელი ქვეყნებიდან იყო ინტერესი?

2023 წელს „გადაიღე საქართველოში“ პროგრამით 9 ფილმის გადაღება უკვე…

სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“-ს ფარგლებში 2023 წელს ხელშეკრულება 11 პროექტის გადაღებაზე გაფორმდა, საიდანაც გადაღებები 9 ფილმზე უკვე დასრულდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო…
საქართველოში OneRepublic-ის, Jungle-ის და Scorpions-ის კონცერტები გაიმართება

საქართველოში OneRepublic-ის, Jungle-ის და Scorpions-ის კონცერტები გაიმართება

Black Sea Arena საქართველოში 2024 წლის კამპანიას – „Starring Georgia“-ს იწყებს და ქვეყანაში დაგეგმილი კონცერტების თარიღებსა და მსოფლიოში ცნობილი პოპულარული არტისტების…