სექტემბრიდან ენერგეტიკული ბირჟა სრულად ამუშავდება – მინისტრი

სექტემბრიდან ენერგეტიკული ბირჟა სრულად ამუშავდება – მინისტრი

„საქართველოს ენერგეტიკული სისტემა აქტიური განვითარების ფაზაშია და რეფორმები ძირითადად განპირობებულია ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ქართული კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნება ევროდირექტივებთან.

„2022 წლის სექტემბრიდან სრულად ამუშავდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა (სენბი), რომლის მიზანსაც წარმოადგენს ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტიანი ოპერირებით გამჭვირვალე და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა, ასევე სწორი საფასო სიგნალების მიწოდება ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისთვის“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ენერგეტიკის სფეროს ყველა რგოლის თანაბრად განვითარება – ეს არის ამოცანა, რომელიც, მინისტრის განცხადებით, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში განახლებადი ენერგიის გენერაციის პროექტების განვითარებას, ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებას მოიტანს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს, მინისტრის თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტია, რომელიც მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

„პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1200 კილომეტრამდე, ალბათ ყველაზე გრძელი ელექტროკაბელი, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, პირდაპირ კავშირში იყოს ევროკავშირის ბაზართან. ეს, რა თქმა უნდა, ახალ შესაძლებლობებს აჩენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის და გაზრდის ქართული ენერგეტიკული სისტემის შესაძლებლობებს, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის, რადგან თავისუფალ რეჟიმში შეგვეძლება ოპტიმალურად, საათობრივ რეჟიმში გვქონდეს ევროკავშირთან ვაჭრობის საშუალება – განახლებად ენერგიაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნის ბაზართან. შესაბამისად, ჩვენთვის ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია, მაგრამ ასევე პრიორიტეტული პროექტია ევროკავშირისთვის და ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები