გადამუშავდა 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც ₾5 მილიონამდე სუბსიდია გაიცა – აჭარის მთავრობა

გადამუშავდა 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც ₾5 მილიონამდე სუბსიდია გაიცა – აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის თქმით, ციტრუსის სეზონი წარმატებით დასრულდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, სულხან თამაზაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის წევრებს და ციტრუსის მიმღებ – გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის საქმიანობა შეაჯამეს. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კოორდინირებული მუშაობის შედეგად ციტრუსის სეზონი მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე წარიმართა.

“ციტრუსის სეზონი წარმატებით დასრულდა. კოორდინირებული მუშაობის შედეგად, პროცესი ეფექტურად და მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე განხორციელდა, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახა საბოლოო შედეგებზე. ექსპორტირებულია 27 000 ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი, რომლის ღირებულებამ 43 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. გადამუშავდა 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც 5 მილიონ ლარამდე სუბსიდია გაიცა. ფერმერების მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ, რათა რეგიონში სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს”, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

შეხვედრაზე სეზონის განმავლობაში მიღწეული შედეგები განიხილეს და არსებული გამოწვევების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფერმერთა მხარდაჭერის მექანიზმებზე, ციტრუსის რეალიზაციის პროცესსა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებებზე.

ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ორი თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

აღსანიშნავია, რომ 2025–2026 წლების ციტრუსის სეზონზე, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 2.5 მილიონ ლარზე მეტი სუბსიდია გამოიყო. სეზონის განმავლობაში საექსპორტო მანდარინის მიღებას 20-ზე მეტი კომპანია ახორციელებდა, ხოლო არასტანდარტული ნაყოფის გადამუშავებას ქობულეთში მოქმედი ორი საკონსერვო ქარხანა უზრუნველყოფდა.

შეხვედრას აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი, უმაღლესი საბჭოს წევრები და ქობულეთისა და ხელვაჩაურის მერები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

მთავრობა არასტანდარტულ მანდარინს დამატებით 2.6 მილიონი ლარით დაასუბსიდირებს

მთავრობა არასტანდარტულ მანდარინს დამატებით 2.6 მილიონი ლარით დაასუბსიდირებს

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარი გამოეყოფა, – ამის შესახებ აღნიშნულია…
ციტრუსის ექსპორტით საქართველომ $12 მლნ-ის შემოსავალი მიიღო – სამინისტრო

ციტრუსის ექსპორტით საქართველომ $12 მლნ-ის შემოსავალი მიიღო – სამინისტრო

“მიმდინარე ციტრუსის სეზონზე უკვე ექსპორტირებულია $12 მილიონის ღირებულების 20 ათას ტონაზე მეტი პროდუქცია”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის…