რა იცვლება “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს

რა იცვლება “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს

“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებები იგეგმება, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს.

კანონპროექტის ავტორი, საქართველოს განათლების სამინისტროა. კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა.

დოკუმენტის თანახმად, კანონპროექტი შემუშავებულ იქნა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის საფუძველზე.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები კი შემდეგნაირად არის განმარტებული:

მიმდინარე წლის თებერვლიდან ცხადდება პირველკლასელთა რეგისტრაცია. იმისათვის, რომ სამინისტრომ, სამინისტროს სისტემამ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა განახორციელონ წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების თავიანთ საქმიანობაში ასახვა და მიმდინარე სასწავლო/სარეგისტრაციო პროცესების შეუფერხებლად ჩატარება, მიზანშეწონილია კანონპროექტი მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით.

პროექტის თანახმად:

    • საქართველოში სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 წელი და არაუმეტეს – 12 წელი. კერძოდ, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X და XI კლასების დაძლევის საფუძველზე. XII კლასის გავლა იქნება ნებაყოფლობითი.

    • ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელი იქნება, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეუსრულდეს.

    • ყველა საჯარო სკოლაში მხოლოდ განათლების სამინისტროს მომზადებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან; “ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას სკოლა
      განახორციელოს სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და სამინისტროსთან შეთანხმებული
      ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით”, – წერია დოკუმენტში.

    • დამტკიცდება საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების ზოგად წესი, რომლის მიზანია მოსწავლეთა კონცენტრაციის გაძლიერება, კომუნიკაციისა და ქცევის უფრო ჯანსაღი მოდელის ჩამოყალიბება და სასწავლო პროცესის უწყვეტობის დაცვა.

    • ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტარება სავალდებულო იქნება. ამასთან, სასკოლო ფორმის დაწესებისას, სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი ფორმით.“

    • ამავე პროექტის მიხედვით, მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს, ასევე ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება.

    • გარდა ამისა, “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობისა და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

მსგავსი სიახლეები