სტუდენტებისთვის, რომლებმაც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის სახელმწიფო დაფინანსება 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოიპოვეს, დაფინანსების წესი და პირობები უცვლელი რჩება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა.
ნორმატიული აქტის მიხედვით, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს ეფუძნება, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, სტუდენტებს გრანტი 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით შეუნარჩუნოს.
აღნიშნულით, სარგებლობა შეუძლია ყველა პირს, ვინც უმაღლესში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩაირიცხა და დაფინანსება ძველი წესით ჰქონდა მოპოვებული.
დაფინანსება გაგრძელდება 2030-2031 სასწავლო წლის დასრულებამდე.
შენარჩუნდება ზუსტად ის ოდენობა და წესები, რომლებიც 2025 წლის 17 დეკემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით იყო განსაზღვრული.
პროცესის მართვა და სტუდენტებისთვის თანხების გამოყოფა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა. სამინისტრომ და მის დაქვემდებარებაში არსებულმა სსიპ-ებმა (მაგალითად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ) უნდა უზრუნველყონ, რომ ძველი სისტემით ჩარიცხულ პირებს დაფინანსების მიღებისას შეფერხება არ შეექმნათ.
დადგენილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა, თუმცა მისი მოქმედება უკუძალით გავრცელდა 2025 წლის 17 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები მიზნად ისახავს გარდამავალი პერიოდის დარეგულირებას.
შეგახსენებთ, რომ რომ 2026-2027 წლიდან უმაღლესი განათლების დაფინანსების წესი იცვლება. “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, ახალი მოდელი ასე ჩამოყალიბდება:
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სტუდენტებისთვის იქნება უფასო, უნივერსიტეტები ბიუჯეტიდან მიიღებენ დაფინანსებას.
კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო გრანტი აღარ მიეცემათ.
დღევანდელი სისტემა აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით მიღებული გრანტი გამოიყენონ როგორც საჯარო, ისე კერძო უნივერსიტეტში. მაქსიმალური გრანტი ბაკალავრიატზე 2250 ლარია, ანუ 100%-იანი დაფინანსების შემთხვევაში. ამას გარდა, გაიცემა 70%-ის და 50%-ის გრანტებიც