აუდიტმა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა – რა წერია?
- ეკოლოგია
- დეკემბერი 20, 2025
- 140
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა.
მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში გაგრძელებული დადებითი ეკონომიკური ტენდენციების შედეგად 9 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდის წინასწარმა მაჩვენებელმა 7.7% შეადგინა, 2026 წლის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 5%-ის დონეზეა განსაზღვრული.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვერსიით, 2026 წელს შემოსულობები − 971.8 მლნ ლარს, ხოლო გადასახდელები 1 მლრდ ლარს შეადგენს და 2025 წლის გეგმასთან შედარებით, ორივე მაჩვენებელი იზრდება, შესაბამისად, 106.5 მლნ და 93.5 მლნ ლარით.
აუდიტი მიუთითებს, რომ რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში ფისკალური დისციპლინის მდგრადობა და ფისკალური პოლიტიკის პასუხების სწორად განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტში, მიზანშეწონილია, გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი საკითხები:
- შემოსულობების შესრულების ბოლო წლების ტენდენციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, არაფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს არსებული რესურსების სათანადო შეფასებისა და სისტემური ანალიზის საფუძველზე;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში შემოსავლების დინამიკის გათვალისწინებით, ხარჯების ოპტიმიზაციის შემთხვევაში, შესაძლებელია დივიდენდების საპროგნოზო მაჩვენებლების მოცულობითი ზრდა;
- მნიშვნელოვანია, საბიუჯეტო დაწესებულებებმა ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე გაითვალისწინონ პროექტის განხორციელების/მიმდინარეობის როგორც წინარე გამოცდილება, ასევე დასაგეგმი წლისათვის მოსალოდნელი აქტივობების მასშტაბი და აღნიშნულზე დაყრდნობით განსაზღვრონ მომდევნო წლისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოცულობა, რათა ოპტიმალურად მოხდეს რესურსების გადანაწილება ბიუჯეტის დამტკიცების ეტაპზე;
- პროგრამული ბიუჯეტირების კუთხით არსებული ნაკლოვანებების ეტაპობრივი გამოსწორებისა და ამ მიმართულებით საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების ამაღლების მიზნით, მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და ფორმალურად განისაზღვროს რეგიონში პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობები, შესაბამისი ვადებითა და პასუხისმგებელი უწყებებით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გარდა დასკვნაში მოცემული შენიშვნებისა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი სათანადოდ არის მომზადებული არსებული დაშვებების საფუძველზე, შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით.
აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრები
2026 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი აჭარის უმაღლესმა საბჭომ პლენარულ სხდომაზე 18 დეკემბერს დაამტკიცა.
აჭარის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 1 002 000 000 ლარს შეადგენს. რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, 2025 წელთან შედარებით, 93 480 000 ლარით 10,29%-ით გაიზარდა.
2026 წელს, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 971 795 700 ლარს შეადგენს, 2025 წელთან შედარებით ზრდა 106 475 700 ლარია. 2026 წლის შემოსავლები 816 795 700 ლარით განისაზღვრა, 2025 წელთან შედარებით ზრდა – 131 695 700 ლარი. ბიუჯეტის დაგეგმილი საშემოსავლო გადასახადი 800 000 000 ლარს შეადგენს, 2025 წელთან შედარებით ზრდა – 140 000 000 ლარი.
2026 წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროექტების დაფინანსება, 173 247 200 ლარს შეადგენს, 2025 წელთან შედარებით ზრდა 23 218 100 ლარია (15,48%).
სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარება 2 718 000 ლარით დაფინანსდება.
ე.წ “ოცნების ქალაქის” მშენებლობის მეორე ეტაპისთვის, 2026 წელს, 51 137 100 ლარია განსაზღვრული. პროექტის ფარგლებში (მეორე ეტაპზე) 1077 საცხოვრებელი ბინა მოეწყობა.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 87 000 000 ლარს შეადგენს, 2025 წელთან შედარებით ზრდა – 6 500 000 ლარი (8,1%).
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროექტების დაფინანსება, 119 001 800 ლარს შეადგენს, 2025 წელთან შედარებით ზრდა – 2 681 900 ლარი (2,31%).
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 40 939 600 ლარს შეადგენს, 2025 წელთან შედარებით ზრდა 4 119 000 ლარი (11,2%).
აჭარის კულტურის სამინისტროს დაფინანსება, 52 000 000 ლარს შეადგენს, 2025 წელთან შედარებით ზრდა – 7 517 300 ლარი (16,9%).
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 5 124 100 ლარი დაიხარჯება.
2026 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 69 000 000 ლარი, ხოლო ტურიზმის ხელშეწყობისთვის 21 215 000 ლარი დაიხარჯება.
- Tags
- აუდიტი
- აჭარის ბიუჯეტი
- ბიუჯეტი