საქართველოს მთავრობის 16 დეკემბრის განკარგულებიდან ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა უფლება გამოყოს 10,000 დოლარი ნებაყოფლობითი შენატანის სახით უღარიბესი და მცირე კუნძულოვანი ქვეყნების გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქმიანობის დასაფინანსებლად.
“ნება დაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მხრიდან ნებაყოფლობითი შენატანის განხორციელების მიზნით, „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი მიმართოს ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისა (LDC) და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების (SIDS) წარმომადგენელთა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ ნებაყოფლობით ფონდში,”- ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მთლიანი ბიუჯეტი 216 მილიონი დოლარია, რაც სრულად ნებაყოფლობით შენატანებისგან შედგება. საქართველოზე დაბალი შენატანი საბჭოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ გააკეთა – სომხეთი – 5,000 დოლარი, ბოსნია და ჰერცოგოვინა – 5,000 დოლარი, ტაჯიკეთი – 4,900 დოლარი, ბაჰამის კუნძულები – 1,333 დოლარი, ბენინი – 1,000 დოლარი.
რაც შეეხება საბჭოს უმსხვილეს დონორებს, ესენია – ევროკომისია 26.4 მილიონი დოლარი, შვედეთი 25.9 მილიონი დოლარი, ნორვეგია 20.4 მილიონი დოლარი.