ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა $236-მილიონიანი “მტკვარი ჰესის” პროექტი გაყიდა

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა $236-მილიონიანი “მტკვარი ჰესის” პროექტი გაყიდა

მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა “თანაინვესტირების ფონდმა” “მტკვარი ჰესის” დაუმთავრებელი პროექტი გაყიდა, – ამის შესახებ საჯარო რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა.

თანაინვესტირების ფონდმა “მტკვარი ჰესის” ნასყიდობის ხელშეკრულება 16 ივლისს გააფორმა. ჰიდროელექტროსადგურის პროექტი სააქციო საზოგადოება “ჰიდროენერჯიუსმა” შეიძინა, რომელიც 2024 წლის თებერვალში დაფუძნებული კომპანიაა. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული კომპანიის 66%-იანი წილი ეკუთვნის სს “გრევითი ინვესთმენთს”, რომელიც 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანიაა და მისი 100%-იანი წილი იურისტ კობა ჩეკურიშვილს ეკუთვნის. 33%-იანი წილის მფლობელი კი ასევე 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანია “ლატერენია”, რომელიც იურისტ თინა ბარბაქაძეს ეკუთვნის. საგულისხმოა გარემოება, რომ “გრევითი ინვესთმენთი” 2023 წლის 23 მარტს, “ლატერენი” კი 2023 წლის 24 მარტს დაფუძნდა. სააქციო საზოგადოება “ჰიდროენერჯიუსის” დირექტორი კი იურისტი კობა ჩეკურიშვილია.

BMG-იმ ჩეკურიშვილს მიმართა კითხვებით, თუ რამდენი მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს ჰესის განვითარებაში და როდის იგეგმება მისი გახსნა. ჰიდროელექტროსადგურის ახალი მესაკუთრისგან კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

მტკვარი ჰესი 54-მეგავატიანი სადგურია, რომლის განვითარებაც ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა 2014 წელს დაიწყო. პროექტის თავდაპირველი საინვესტიციო ღირებულება $100 მილიონს შეადგენდა, თუმცა სხვადასხვა ტექნიკური და საინჟინრო სირთულეებიდან გამომდინარე მისმა ღირებულებამ $236 მილიონს მიაღწია. თავად ბიძინა ივანიშვილი პროექტის განვითარებითა და მკვეთრად გაზრდილი ხარჯებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რასთან დაკავშირებითაც გასული წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ჰესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია პროკურატურას მიეწოდა, რაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის თანმდევი გამოძიების საგანს წარმოადგენდა.

“თანაინვესტირების ფონდი” “მტკვარი ჰესის” პროექტს “თიბისი ბანკისგან”, “საქართველოს ბანკისგან”, “ტერაბანკისგან” და “იშბანკისგან” აღებული კრედიტით ახორციელებს. ჰესის ნასყიდობის ხელშეკრულებას თან ახლავს ამ ბანკებისგან მიღებული თანხმობის წერილები იმასთან დაკავშირებით, რომ თანახმა არიან ჰესის მესაკუთრე შეიცვალოს.

მტკვარი ჰესის პროექტის შესახებ:

მტკვარი ჰესი მოდინების ტიპის ჰიდრეოელქტოსადგურია, რომელიც მდინარის ნაკადის დაახლოებით 10%-ს ჰიდროელექტროსადგურში მიმართავს. საინჟინრო გეგმის თანახმად, ჰესის მთავარი ნაგებობაა 9.6-კილომეტრიანი სადერივაციო გვირაბი. ჰესის ზედა წერტილი ზღვის დონიდან 1,015 მეტრზე, ხოლო ქვედა წერტილი 909 მეტრზე მდებარეობს.

როგორც საარქივო ჩანაწერებიდან ირკვევა, ყველაზე რთული მონაკვეთი, რაც პროექტის განხორციელებას უკავშირდებოდა, 9.6-კილომეტრიანი და 6 მეტრის დიამეტრის გვირაბის გაყვანა იყო, რომელიც სპეციალური TBM მანქანით გაიყვანეს.

“მტკვარი ჰესის” პროექტს 2009-2014 წლებში სააქციო საზოგადოება “კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა” ახორციელებდა, რომლისგანაც შემდგომში “თანაინვესტირების ფონდმა” სადგურის 100% გამოისყიდა.

2023 წლის 12 ივლისს თანაინვესტირების ფონდმა პროექტის ღირებულების გაორმაგების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც პროექტის ღირებულების გაორმაგებასთან დაკავშირებით შეშფოთება არის გამოთქმული:

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ბატონი თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თანაინვესტირების პროექტ “მტკვარი ჰესის” ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, დღევანდელი მონაცემებით, პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების მომენტისათვის მისი ღირებულება დაახლოებით $100 მილიონით გადააჭარბებს მის საწყის საპროექტო ღირებულებას.

პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ ბუნებრივია, წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან. ამის გამო, თანაინვესტირების ფონდიდან და შპს მტკვარიდან პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა მტკვარი ჰესის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები.

სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენი განზრახვა და ინტერესია ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას”.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

მთავრობა მართვის მოწმობისა და იარაღის ლიცენზიის გაცემისთვის ნარკომანიის, ფსიქ. აშლილობის და ალკოჰოლიზმის ბაზას ქმნის

მთავრობა მართვის მოწმობისა და იარაღის ლიცენზიის გაცემისთვის ნარკომანიის, ფსიქ.…

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში მართვის მოწმობებისა და იარაღის ლიცენზიის გაცემისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის, ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის და ტოქსიკომანიის მქონე პირების ერთიანი ბაზის შექმნას გეგმავს.…
ComCom ფიქსირებული ინტერნეტის კორპორაციულ შეთავაზებებს შეისწავლის – რას მოიცავს კვლევის II ეტაპი?

ComCom ფიქსირებული ინტერნეტის კორპორაციულ შეთავაზებებს შეისწავლის – რას მოიცავს…

კომუნიკაციების კომისიამ (ComCom), ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი დაიწყო. კომისიის ინფორმაციით, კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ფიქსირებულ საცალო ბაზარზე,…
იანვარში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა – ეროვნული ბანკი

იანვარში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა – ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის იანვრის თვის…