გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის, ავჭალა-წიწამურის მონაკვეთის პროექტი დაახარვეზა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის, ავჭალა-წიწამურის მონაკვეთის პროექტი დაახარვეზა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაახარვეზა თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეორე ლოტის პროექტი, რომელიც ავჭალიდან-წიწამურამდე ახალი 6.5-კილომეტრიანი ოთხზოლიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორი პარალელური 3.4-კილომეტრიანი გვირაბების გაყვანაც, თუმცა როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღნიშნავს წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული მისამართი სადაც გვირაბების გაყვანით მიღებული ფუჭი ქანების დასაწყობება უნდა მოხდეს არ იძებნება.

ამასთან, უწყება აღნიშნავს რომ წარდგენილ დოკუმენტებში გვირაბების სიგრძეებთან დაკავშირებითაც აღმოაჩინეს უზუსტობები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი მაგისტრალის ავჭალა-წიწამურის გზის მონაკვეთის დეტალური ნახაზები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 2024 წლის 30 დეკემბერს წარუდგინა.

“გზშ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 72.13.38.498) საზღვრებში, შესაძლებელია ტერიტორიის მოძებნა სამუშაოების წარმოებისას დროებითი სარგებლობისთვის და/ან სანაყაროს მოსაწყობად, თუმცა მონაცემთა ელექტრონული გადამოწმების შედეგად, მოცემული საკადასტრო კოდი არ იძებნება. გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების პროცესში მოხსნილი/მოჭრილი ქანების/გრუნტის ჯამური მოცულობა შეადგენს 817,086 მ 3 -ს (434,935 მ 3 – გვირაბიდან და 178,509 მ 3 – სხვა მიწის სამუშაოებიდან), რაც საჭიროებს დაზუსტებას. გზშ-ის ანგარიშის დანართების ტომი N1-ის მე-5 და მე-12 გვერდებზე წარმოდგენილი სქემები შეუსაბამოა Shp ფაილებთან. გზშ-ის ანგარიში მოიცავს ურთიერთშეუსაბამო ინფორმაციას საპროექტო მონაკვეთის სიგრძის შესახებ (მაგ: გვ. 20, გვ. 60), ასევე, გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია საპროექტო ორზოლიანი ჯვრის გვირაბების (N1 და N2) სიგრძეების შესახებ (გვ. 116) არ ემთხვევა დანართების ტომი N6-ში (გვ. 2) მითითებულ სიგრძეებს,”- ნათქვამია დოკუმენტში.

თბილისის შემოვლითი გზის საპროექტო სიგრძე 50 კილომეტრია, ის მცხეთის, ჯვრის მონასტრის მიმდებარედ დაიწყება, გვირაბის მეშვეობით ავჭალის, გლდანის და თბილისის ზღვის მიმართულებით გაგრძელდება, შემოუვლის ლილოს დასახლებას და სამხრეთით, რუსთავისკენ მიემართება. სწორედ ამ გზის მეორე ლოტი იქნება წიწამური-ავჭალის გზის მონაკვეთი.

“ნატახტარი-ჟინვალის (ლოტი 1), ნატახტარი (წიწამური)-ავჭალას (ლოტი 2), ავჭალა-აეროპორტის (ლოტი 3) და აეროპორტი-ლოჭინის უბნის (ლოტი 4) გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკოპინგის ეტაპი დასრულებულია. ლოჭინი-რუსთავის (ლოტი 5) მონაკვეთის პროექტზე მიღებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტლება,”- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი მაგისტრალი ზემოქმედებას მოახდენს კერძო საკუთრებაში არსებულ 183 მიწის ნაკვეთზე, რომელთა ფართობიც 329,310 კვადრატული მეტრი იქნება. ის ასევე მოახდენს გავლენას 56 სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელთა ფართობიც 123,971 კვადრატული მეტრი იქნება.

საპროექტო გზის ძირითადი ტექნიკური პარამეტრები:

  • გზის სიგრძე – 6.5 კმ;
  • საპროექტო სიჩქარე – 120 კმ/სთ;
  • სავალი ზოლების რაოდენობა – 4 ზოლი;
  • თითოეული სავალი ზოლის სიგანე – 3.75 მეტრი;
  • 2-ზოლიანი პარალელური გვირაბები – პირველი გვირაბი 3372 მეტრის სიგრძის, მეორე გვირაბი 3365 მეტრის სიგრძის.

თბილისის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში მცხეთის რაიონის სოფელი წიწამურიდან, თბილისში ავჭალის დასახლებამდე ახალი 6.5-კილომეტრიანი 4-ზოლიანი გზის მშენებლობა იგეგმება, რომელიც 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანასაც ითვალისწინებს.

თბილისის შემოვლითი გზის პროექტირების სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წლიდან მიმდინარეობს და მასზე იტალიური საინჟინრო კომპანიები Anas International Enterprise-ი და IRD Engineering-ი მუშაობენ. ახალმა გზამ გვერდი უნა აუაროს თბილისს და ის ძირითადად იმ მონაკვეთებზე გაივლის, სადაც წარსულში თბილისის შემოვლითი რკინიგზის მონაკვეთს უნდა გაევლო, თუმცა აღნიშნული რკინიგზის განვითარება 2013 წელს შეჩერდა, მას შემდეგ კი დაიწყო მსჯელობა ამ ტერიტორიაზე თბილისის შემოვლითი მაგისტრალის განვითარების შესახებ, რასაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტს არა თბილისის მერია, არამედ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა, ქათმის გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა,…

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 760.6 ათასი სული შეადგინა, რაც წლიურად 6%-იანი კლებაა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის…
თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა

თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა…

თბილისის მერიამ 500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დღემდე 220 338 მოთხოვნა დააფინანსა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე…
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

16 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6799 ლარი გახდა.…