დაზღვევა საბანკო სექტორის დანამატი ხდება, გამოსავალი აქტივების ფლობის აკრძალვაა – არჩილ მორჩილაძე

დაზღვევა საბანკო სექტორის დანამატი ხდება, გამოსავალი აქტივების ფლობის აკრძალვაა – არჩილ მორჩილაძე

სადაზღვევო კომპანიების ნაწილი კომერციული ბანკებისთვის სადაზღვევო სფეროში აქტივების ფლობის შეზღუდვის ინიციატივის გააქტიურებას გეგმავს.

როგორც „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ დამფუძნებელმა BMG-ის განუცხადა, კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების მიუხედავად, კვლავ მწვავედ დგას პრობლემა, როდესაც ბანკები მხოლოდ მათ მფლობელობაში ანდაც მათთან აფილირებულ კომპანიებთან თანამშრომლობენ, რაც ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს ქმნის.

არჩილ მორჩილაძის თქმით, ვითარების გამოსწორების გზა მხოლოდ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა და ბანკებისთვის სადაზღვევო აქტივების ფლობის აკრძალვაა.

მისი თქმით, უახლოეს ხანებში დაზღვევის კავშირის სახელით კომპანიები აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მისამართით მორიგი ოფიციალური წერილის გაგზავნას აპირებენ.

„სადაზღვევო ბაზარი ინარჩუნებს იმ არასახარბიელო ვითარებას, როდესაც სექტორში საბანკო კომპანიების სრული დომინირებაა. დაზღვევის კავშირის სახელით არაერთხელ ვთქვით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. კონკურენციის სააგენტომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა საქმე ბოლომდე არაა მიყვანილი. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებს ოფიციალური წერილით რომ მიიღონ გარკვეული ზომები და საბანკო-სადაზღვევო კომპანიების ექსპანსია შეწყდეს. ნებისმიერ სესხს კონკრეტული ბანკის მფლობელობაში ან მასთან ასოცირებული კომპანიის დაზღვევა მოჰყვება. სრული დაუცველობაა ამ მხრივ და ბიზნესს თავისუფალი არჩევანი არ აქვთ. დაზღვევა საბანკო სექტორის დანამატი ხდება, აქ შუალედური ჩარევები აღარ უშველის, რადიკალური ზომებია მისაღები და ბანკებს სადაზღვევო კომპანიებში აქტივების ფლობა უნდა აეკრძალოთ“, – განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.

ცნობისთვის, გასული წლის ბოლოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის ბაზარზე 6 რეკომენდაცია გასცა. კერძოდ, სააგენტოს პოზიციით – კომერციულ ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებულ სტრუქტურულ პირდაპირ/არაპირდაპირ კავშირის შედეგად, ისევე როგორც კონკრეტული „ანაზღაურების სქემების“ არსებობისას, შესაძლოა, სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი, რის შედეგადაც შესაძლოა მომხმარებლისთვის მოხდეს იმ სადაზღვევო კომპანიის პროდუქტის შერჩევა/შეთავაზება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანი შეიძლება არ იყოს. სააგენტოს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ საკანონმდებლო დონეზე ჩამოყალიბდეს 3 სადაზღვევო კომპანიის შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის გამოყენების ვალდებულებაც კომერციულ ბანკს შერჩევის პროცესში ექნება.

მსგავსი სიახლეები

ვეყანაში ცხოვრების დონე ყოველწლიურად უმჯობესდება – ირაკლი კობახიძე

ვეყანაში ცხოვრების დონე ყოველწლიურად უმჯობესდება – ირაკლი კობახიძე

ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ ქვეყანას აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია, დამაკავშირებელი ფუნქცია, ეს არის დაკავშირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის,…
რუსეთიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვა აგვისტოდან განახლდება

რუსეთიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვა აგვისტოდან განახლდება

რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვას აგვისტოდან გააახლებს. რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრომ ითხოვა, აკრძალვა სექტემბერ-ოქტომბრამდე გაგრძელდეს. ცნობისთვის, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა რუსეთმა…
საიდან შემოდის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილები საქართველოში? – TOP-5

საიდან შემოდის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილები საქართველოში? – TOP-5

2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 1.2 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები იყიდა. საქართველოდან კი 933.9 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები გადაყიდა. თითქმის უცვლელია ავტომობილების იმპორტიორი…