ელექტრომობილების რეგულაციის ასამოქმედებლად, აბასთუმანში 3 მილიონად ელექტრომობილების 100 დამტენი ეწყობა

ელექტრომობილების რეგულაციის ასამოქმედებლად, აბასთუმანში 3 მილიონად ელექტრომობილების 100 დამტენი ეწყობა

აბასთუმანი შიგა წვის ავტომობილებისთვის ჩაიკეტება, ამას მოიცავს კურორტის განვითარების კონცეფცია, რომელზედაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს. აღნიშნულისთვის დღეს გამოცხადდა 3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომელიც აბასთუმანში ელექტრომობილების 100 დამტენის მოწყობას ითვალისწინებს. სატენდერო განაცხადის მიხედვით, 81 დამტენი აბასთუმნის ცენტრალურ პარკინგზე მოეწყობა, ხოლო დანარჩენი 19 დამტენი უშუალოდ დაბა აბასთუმნის ტერიტორიაზე.

პროექტის თანახმად, მოქალაქეები თავიანთ შიგა წვის ავტომობილებს აბასთუმნის ცენტრალურ პარკინგზე დატოვებენ, რომელიც 738 მანქანაზე იქნება გათვლილი, ხოლო უშუალოდ აბასთუმანში მხოლოდ ელექტომობილები იმოძრავებენ.

დაბა აბასთუმანში შიდაწვის ძრავიანი ტრანსპორტის შეზღუდვის განსახორციელებლად მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს ავტოსადგომს აბასთუმნის სამხრეთით, რომელიც გათვალისწინებული იქნება 738 მანქანაზე, მათ შორის: 10 განკუთვნილია საქალაქთაშორისო ავტობუსზე, 9 ელექტრო ავტობუსზე (ან მინი-ფურგონი), რომელიც მოემსახურება დაბა აბასთუმანს, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო 25 სადგომი განკუთვნილი იქნება შშმ პირებისთვის.

პროექტი მოიაზრებს 100 EV დამტენის მონტაჟს, სადაც 19 დამტენი დამონტაჟდება უშუალოდ დაბა აბასთუმნის ცენტრში.

დაბა აბასთუმანი წარმოადგენს კლიმატურ, ბალნეოლოგიურ და ტურისტულ კურორტს, ადიგენის მუნიციპალიტეტში. ეკოლოგიურად სუფთა კურორტის მიზნის მისაღწევად, გენგეგმით განსაზღვრულია ხეობაში შიდა წვის ძრავიანი ტრანსპორტის შეზღუდვა ეკოლოგიურად სუფთა ელექტრომობილების სასარგებლოდ,”- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

აბასთუმანში ელექტრომობილების ზონის შექმნის იდეა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რომელმაც ინიციატივის შესახებ 2018 წლის ოქტომბერში განაცხადა.

“აბასთუმანი უნდა გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი, მე საკუთარი ხარჯებით, სახელმწიფოს არ აქვს ამის საშუალება, იქ ადგილობრივებს დავეხმარები და მოვახერხებ, რომ წელსვე პრეცედენტი შეიქმნას. რომ აბასთუმანში იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრომანქანები და ჩვენ ამას კარგად გავაპიარებთ ტურიზმისთვის,”- განაცხადა ივანიშვილმა 2018 წელს.

საქართველოს მასშტაბით ელექტრომობილების დაახლოებით 400 დამტენია, შესაბამისად სახელმწიფო დაფინანსებით მათი რაოდენობა 500-მდე გაიზრდება, თუმცა ის მხოლოდ აბასთუმანში იქნება კონცენტრირებული.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობისთვის კომპანიებს შემდეგი გამოცდილების წარდგენა დასჭირდებათ:

“პრეტენდენტს, 2021 წლის 01 იანვრიდან, წინამდებარე ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, არანაკლებ 3 (სამი) სხვადასხვა ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული უნდა ჰქონდეს ელექტრომობილების დამტენები, თანმდევი მონტაჟითა და გაშვება-გამართვის მომსახურებით. აღნიშნული დამტენები (თანმდევი მონტაჟითა და გაშვება-გამართვის მომსახურებით) სავალდებულოდ მიწოდებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე, ამასთან არ განიხილება იმ ქვეყნების რეზიდენტი მიმწოდებლების (იგულისხმება წინამდებარე ელ. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები) გამოცდილება, რომელთანაც შემსყიდველის ქვეყანას (საქართველო) არ გააჩნია, შეჩერებული, ან შეწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები,”- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

კომპანიებს ტენდერში მონაწილეობა 5 აგვისტომდე შეეძლებათ.

მსგავსი სიახლეები

ვეყანაში ცხოვრების დონე ყოველწლიურად უმჯობესდება – ირაკლი კობახიძე

ვეყანაში ცხოვრების დონე ყოველწლიურად უმჯობესდება – ირაკლი კობახიძე

ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ ქვეყანას აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია, დამაკავშირებელი ფუნქცია, ეს არის დაკავშირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის,…
რუსეთიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვა აგვისტოდან განახლდება

რუსეთიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვა აგვისტოდან განახლდება

რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვას აგვისტოდან გააახლებს. რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრომ ითხოვა, აკრძალვა სექტემბერ-ოქტომბრამდე გაგრძელდეს. ცნობისთვის, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა რუსეთმა…
საიდან შემოდის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილები საქართველოში? – TOP-5

საიდან შემოდის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილები საქართველოში? – TOP-5

2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 1.2 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები იყიდა. საქართველოდან კი 933.9 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები გადაყიდა. თითქმის უცვლელია ავტომობილების იმპორტიორი…