მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2025 წელს შექმნილმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვებსა და პროგრამებში ბიუჯეტის არარაციონალურად და შესაძლო გაუმჭვირვალედ ხარჯვის რისკები გამოავლინა, რის საფუძველზეც მასალები შესაბამის საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნა. ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ საქმეებზე უკვე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება.
“მონიტორინგის ფარგლებში შემუშავდა ანგარიში, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება. მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირებული რისკების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა შესაბამის უწყებებს, რომლებსაც, რისკების პრევენციისა და შესაძლო ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის მიზნით, მიეცათ მითითებები და რეკომენდაციები”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პრესრელიზის თანახმად, ეფექტიანობის დეპარტამენტმა გასულ წელს შეისწავლა 114.9 მილიონი ლარის მოცულობის სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები. ამ პროცესის შედეგად, მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ბიუჯეტმა 67.4 მილიონი ლარის ეკონომია მიიღო. თუმცა, ოფიციალურ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, კონკრეტულად რომელ უწყებებსა და პროგრამებს უკავშირდება როგორც დაზოგილი თანხები, ასევე გაუმჭვირვალე ხარჯების მხრივ გამოვლენილი რისკები.