
ლაშა ხუციშვილმა და ნათია თურნავამ IMF-ის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს
- ეკონომიკა
- თებერვალი 4, 2025
- 22
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს.
IMF-ის მისია ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით საქართველოში 29 იანვრიდან იმყოფებოდა, შეხვედრები გაიმართა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან და ეროვნულ ბანკთან. არსებული ინფორმაციით, მისიის მიზანს წარმოადგენს საქართველოსთან ახალი პროგრამის მონახაზის შექმნა, რომლის შესაბამისადაც ქვეყანაში შესაძლოა IMF-ის ახალი პროგრამა დაიწყოს. თუმცა, თავის მხრივ ქართული ოცნების მთავრობის განცხადებით, პროგრამას დათანხმდებიან მხოლოდ მაშინ თუ IMF-ის წინადადება მათთვის “საინტერესო იქნება”, რის შესახებაც განცხადება 20 იანვარს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა.
“ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც ალეხანდრო ჰაჟდენბერგი ხელმძღვანელობს.
მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში გადადგმულ ნაბიჯებზე, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, მიმოიხილეს და შეჯერდნენ არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების თანხვედრაზე. ქართული მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
რატომ შეწყდა IMF-ის წინა პროგრამა, რომლის ფარგლებში გათვალისწინებული რეფორმები ქართული ოცნების მთავრობამ არ განახორციელა
IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა , რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.
ამ ფაქტების გამო, IMF-ის პროგრამა შეჩერდა, რადგანაც საქართველოს მთავრობას ფონდთან გაფორმებულ მემორანდუმში ვალდებულებად ჰქონდა აღებული, რომ ხელისუფლება ფონდთან შეუთანხმებლად სებ-ის კანონმდებლობას არ შეცვლიდა, პარლამენტის მიერ დაძლეული ვეტო კი სწორედ ამ ვალდებულების დარღვევას წარმოადგენდა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სავალუტო ფონდი უსვამს ხაზს უკავშირდება სახელმწიფო საწარმოების მართვას. IMF მიიჩნევს, რომ კანონში, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს ასახული უნდა იყოს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელიც ასახულია ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებულ სტრატეგიაში. თუმცა, როგორც საქართველოში IMF–ის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი BMG-სთან აღნიშნავს, კანონპროექტში, რომელიც მათ იხილეს ამ სტრატეგიით განსაზღვრული პუნქტები სრულად ასახული არაა. საუბარია სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის მიცემაზე და ამ უწყების მიერ სახელმწიფო კომპანიების ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგზე.