რატომ მყარდება ლარი? – “თიბისი კაპიტალის” შეფასება

რატომ მყარდება ლარი? – “თიბისი კაპიტალის” შეფასება

“თიბისი კაპიტალის” თანახმად, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება სიურპრიზი არ ყოფილა, ვინაიდან წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება.

“თიბისი კაპიტალის” მაკროეკონომიკურ განახლებაში ლარის გამყარების მიზეზებზეა საუბარი. პუბლიკაციაში მოყვანილია უცხოური ვალუტის ნაკადები და აღნიშნულია, რომ მიმდინარე მოვლენების ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითია, თუმცა არა – ლარზე.

“როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამისად, ბაზრის მონაწილეთა უმრავლესობისგან განსხვავებით, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება სიურპრიზი არ ყოფილა.

უცხოური ვალუტის ნაკადების კიდევ ერთხელ ილუსტრაციისა და შედარებისთვის, გამოვყოფთ ძირითად წყაროებს (2023 წლის მე-4 კვარტალიდან 2024 წლის მე-3 კვარტალის ჩათვლით): საქონლის იმპორტი ($14.7 მლრდ); საქონლის ექსპორტი ($8.3 მლრდ); ტურიზმიდან შემოსავლები მიგრაციის გარეშე (დაახლოებით $4.0 მლრდ); მიგრაციის ეფექტი (დაახლოებით $1.1 მლრდ); უცხოეთში მოგზაურობა ($490 მლნ); წმინდა ფულადი ტრანსფერები ($4.0 მლრდ); წმინდა დივიდენდები უცხოური ინვესტიციიდან ($1.1 მლრდ); წმინდა რეინვესტიცია უცხოური ინვესტიციიდან ($1.0 მლრდ); წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეინვესტიციის გარეშე (-$147 მლნ); წმინდა პორტფელური ინვესტიციები, სესხები და სხვა ინვესტიციები სექტორულად: მთავრობა ($309 მლნ), კერძო სექტორი ($192 მლნ), კომერციული ბანკები (-$133 მლნ).

რომელია ყველაზე მგრძნობიარე აღნიშნული ნაკადებიდან? ტურიზმიდან შემოსავლები, დაახლოებით 45%-იანი იმპორტის კომპონენტის ჩათვლით; მოთხოვნა ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე, რომელიც საქართველოში თითქმის მთლიანად იმპორტულია; და, აგრეთვე, ინვესტიციები. უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, მათ შორის, თებერვლის ჩათვლით, მიმდინარე მოვლენების ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითია, განსაკუთრებით იმპორტის მხრივ, თუმცა არა – ლარზე. გარდა ამისა, თებერვლის საწყისი დღეების მდგომარეობით, ტურიზმის შემოსავლებში გარკვეული აღდგენა იკვეთება, ხოლო გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე მოთხოვნა დაბალ ნიშნულზე რჩება”,- წერია პუბლიკაციაში.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც “თიბისი კაპიტალი” ამახვილებს ყურადღებას ლარის კურსზე დეპოზიტების დოლარიზაციისა და კრედიტის ლარიზაციის ზრდიდან მომდინარე პოზიტიური ეფექტია.

“ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს ე.წ. „კარგი დროის ბუფერი“, რომელიც, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ფარგლებშია და დეპოზიტების დოლარიზაციისა და კრედიტის ლარიზაციის ზრდიდან მომდინარეობს. შესაბამისი ნაშთები, დეკემბრის მდგომარეობით, მოცულობითია და ასე გამოიყურება: ლარის სესხები – $12.6 მლრდ (დოლარის ეკვივალენტი), უცხოური ვალუტის სესხები – $9.6 მლრდ, ლარის დეპოზიტები – $9.8 მლრდ და უცხოური ვალუტის დეპოზიტები – $10.9 მლრდ. ამ კუთხით, ბოლო პერიოდში დეპოზიტების მნიშვნელოვანი დამატებითი კონვერტაციები არ იკვეთება, ხოლო, სესხების მხრივ, უცხოური ვალუტის დაკრედიტება გააქტიურებულია, რაც ლარისთვის პოზიტიურია.

ლარი/დოლარი/ევროს არჩევანის სტრატეგიის კონტექსტში, მომატებული გაურკვევლობის ფონზე, ჩვენი რეკომენდაცია კვლავ დივერსიფიკაცია და საშუალო-გრძელვადიან ინდიკატორებზე აქცენტის გაკეთებაა, რათა თავიდან ავირიდოთ გადაჭარბებული რეაქცია მოკლევადიან პერიოდში, რასაც ხშირად, თუ ყოველთვის არა, მნიშვნელოვანი დანაკარგები მოსდევს”,- აღნიშნულია მაკროეკონომიკურ განახლებაში.

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, გრივნა, ლირა და სხვა ვალუტები?

მსგავსი სიახლეები

გერმანიაში, ProWein Dusseldorf-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა – სააგენტო

გერმანიაში, ProWein Dusseldorf-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა…

გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ProWein Dusseldorf ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა.…
“1 გრამი ბაჯაღლო ოქროს ფასი 270 ლარამდე გაიზარდა” – საერთაშორისო ფასების გავლენა ქართულ ბაზარზე

“1 გრამი ბაჯაღლო ოქროს ფასი 270 ლარამდე გაიზარდა” –…

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალი ამ დროისთვის 3 030 დოლარის ფარგლებში ივაჭრება, რაც ბოლო ერთ წელში თითქმის…
სომხეთში, საქართველოს გავლით, რუსული გაზის მიწოდება დროებით შეჩერებულია

სომხეთში, საქართველოს გავლით, რუსული გაზის მიწოდება დროებით შეჩერებულია

რუსეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერებულია. ინფორმაცია „გაზპრომ სომხეთის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდების შეჩერების მიზეზი საქართველოს…