რა ემართება ლარს?

რა ემართება ლარს?

12 ივნისს აშშ-მა გააფართოვა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები და ჩამონათვალს მოსკოვის ბირჟაც (MOEX) დაამატა. ამის გამო მოსკოვის ბირჟა იძულებული გახდა, 13 ივნისიდან შეეწყვიტა ამერიკული დოლარითა და ევროთი ვაჭრობა. თუმცა რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ბირჟის მიღმა დოლარით და ევროთი ვაჭრობა გაგრძელდება.

ცნობისთვის: მოსკოვის ბირჟა რუსეთის ფინანსური სტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც ვალუტით ვაჭრობა მიმდინარეობს. რუსეთის ცენტრალური ბანკი რუბლის კურსს სწორედ ამ ვაჭრობის შედეგების მიხედვით ადგენდა. შესაბამისად, ამიერიდან რუსეთის ცენტრალურ ბანკს რუბლის კურსის დადგენა ბანკების ანგარიშგებისა და ბირჟის მიღმა ვაჭრობის მონაცემების მიხედვით მოუწევს. ამის გამო კი, ანალიტიკოსების განმარტებით, კურსის განსაზღვრა გაუმჭვირვალე გახდება. აშშ-ის მიერ ამ სანქციის დაწესების მეორე დღეს იგივე სანქციები დაუწესა რუსეთს დიდმა ბრიტანეთმაც. გარდა ამისა, ბრიტანულ სანქციებში მოხვდნენ დამატებით 7 ფიზიკური პირი და 35 კომპანია. რას ნიშნავს ეს რუსული ეკონომიკისა და ფინანსური სისტემისთვის, ექნება თუ არა გავლენა ლარზე, რომელიც ბოლო პერიოდში ისედაც სულ უფრო უფასურდება და სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის გაუფასურება და ეს ყველაფერი როგორ აისახება მოსახლეობაზე, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრებით.

– რუსეთის ბანკები სვიფტის პროგრამიდან ისედაც ჩახსნილი არიან და ამას ემატება ის, რომ რუსეთი, მაგალითად, ჩინეთთან ვაჭრობს იუანებში, ინდოეთთან ვაჭრობს რუპიებში, საუდის არაბეთმა საერთოდ თქვა, რომ მზად არის ნებისმიერ ვალუტაში ივაჭროს. ასე რომ, მსოფლიოში მთელი რიგი პროცესები მიდის ისე, რომ დოლარი ნაკლებად გამოიყენება სავაჭრო ურთიერთობებში. ამაზე თვითონ ცნობილი ამერიკელი ეკონომისტებიც ამახვილებენ ყურადღებას, რომ სავალუტო რეზერვებში დოლარის წილმა კლება დაიწყო. ეს ორმა მიზეზმა განაპირობა: ჯერ ერთი, რუსეთის აქტივების დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებით “გაყინვამ” და მისი “გადამისამართებით” თუნდაც კრედიტის სახით უკრაინაზე, არაერთი სახელმწიფო “დააფრთხო” და ურჩევნიათ, ამერიკული დოლარი ნაკლებად გამოიყენონ დარეზერვების მიზნით; მეორე კი, რადგანაც ნავთობპროდუქტების შესყიდვა შესაძლებელი გახდა სხვა ვალუტებშიც, ამან დოლარზე მოთხოვნა შეამცირა. შედეგად, სავალუტო რეზერვებში ტრადიციული ვალუტების “დიდი ოთხეულის” (ამერიკული დოლარი, ევრო, იაპონური იენა და ბრიტანული გირვანქა სტერლინგი) გარდა, გამოიყენება ისეთი არატრადიციული ვალუტები, როგორიცაა ავსტრალიური, კანადური და სინგაპურული დოლარი, ჩინური იუანი, სამხრეთკორეული ვონი, ასევე შვედური, დანიური და ნორვეგიული კრონა. შედეგად, ისეთი ვალუტები წამოიწია წინ, რომლებიც აქამდე სავალუტო რეზერვებში არც განიხილებოდა. რაც შეეხება იმას, თუ ეს გადაწყვეტილება ტექნოლოგიურად როგორ განხორციელდება, ვიცით, რომ სვიფტიდან რუსეთის ძირითადი ბანკები ისედაც გათიშული იყო. თუმცა ამ სისტემაში რამდენიმე ბანკი მაინც იყო დარჩენილი, ცალკეულ შემთხვევებში რუსულ ბანკებს ოპერაციების განხორციელების ნებას რთავდნენ და, როგორც წესი, დოლარებში. მეორე მხრივ, რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებს მოსთხოვა, თუ გაზი გინდათ, რუბლებში ვივაჭროთო. ასე რომ, ეს ერთმნიშვნელოვანი საკითხი არ არის და ტექნიკურად როგორ განხორციელდება აღნიშნული აკრძალვა, მალე გაირკვევა. მაგრამ თავისთავად ის, რომ დოლარი ნაკლებად გამოიყენება საერთაშორისო ვაჭრობაში, ვიდრე იყო მანამ, სანამ რუსეთი ომს დაიწყებდა უკრაინაში, ესეც ფაქტია.

 

 

- ეს პროცესები სადამდე მივა, არ შეექმნება დოლარს საფრთხე? და თუკი ასე მოხდა, ამას რა მოჰყვება?

– უახლოეს ხანებში დოლარის ჰეგემონია, რა თქმა უნდა, არ დამთავრდება, თუმცა ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, ცნობილი ეკონომისტები ამაზეც წერენ, რომ სიტუაცია ნაკლებად პროგნოზირებადია. მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი რომ იცვლება, ამაზე ყველა ლაპარაკობს. იქნება მულტიპოლარული გლობალური წესრიგი, ანუ არა ერთ, არამედ რამდენიმეპოლუსიანი სისტემა, რაც შეიძლება სავალუტო ბაზარზეც აისახოს. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჯერჯერობით არ არის საფრთხე, რომ დოლარის ჰეგემონია ჩანაცვლდეს სხვა რომელიმე ვალუტის ჰეგემონიით, ეს შეუძლებელია.

დოლარის ყველაზე ახლო “მოწინააღმდეგე” ვალუტად შეიძლება განიხილებოდეს ჩინური იუანი, თუმცა ჯერჯერობით საფრთხეს, რომ იუანი ჩაანაცვლებს დოლარს, სერიოზულად არც ერთი ცნობილი ეკონომისტი არ აღიქვამს. იმავდროულად, ყველაფერი იქით მიდის, რომ მრავალვალუტიანი სისტემა სულ უფრო პოპულარული ხდება და როგორც გითხარით, ბევრმა ქვეყანამ ცენტრალური ბანკების რეზერვებში ისეთი ვალუტების შეტანა დაიწყო, რომლებიც არც ითვლება კონვერტირებად ვალუტებად საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე.

 

- ბრიკსი თავისი ვალუტის გამოშვებას რომ აპირებს, შეიძლება აშშ-ის გადაწყვეტილება გარკვეულწილად ამის პასუხი იყოს? თუ ეს უშუალოდ აშშ-რუსეთის ურთიერთობის გამო გადადგმული ნაბიჯია?

– აქ უპირველესად საუბარია რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე, იმიტომ, რომ ბრიკსი, რომლის წევრებიც არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, ძალიან რთული წარმონაქმნია. ბრიკსში შედიან როგორც ამერიკის ღია მტრები, ასევე ისეთი ქვეყნებიც, რომლებსაც აშშ-თან კარგი ურთიერთობა აქვთ. შორს არ წავალ და, ინდოეთი, ბრიკსის თავდაპირველი წევრი, არასდროს მალავდა, რომ რუსეთი მისი სტრატეგიული პარტნიორია და იმასაც ხაზს უსვამდა, რომ ამერიკასთანაც აწყობდა მჭიდრო ურთიერთობა. უფრო მეტიც, ამერიკელები ინდოეთს ყოველთვის განიხილავდნენ როგორც ჩინეთის საპირწონეს და ყველანაირად ხელს უწყობენ, რომ საერთაშორისო დონეზე ინდოეთის ეკონომიკის მნიშვნელობა ამაღლდეს და პოლიტიკურმა ავტორიტეტმა წამოიწიოს. ცხადია, ბრიკსის საწინააღმდეგო ნაბიჯები ინდოეთსაც შეეხება. 2023 წელს ბრიკსის წევრობა სურდა საუდის არაბეთს (თუმცა 2024 წელს ბრიკსში გაწევრებისგან თავი შეიკავა), რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პარტნიორად განიხილება. თუმცა ბრიკსში არიან ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც შეიძლება აშშ-ის მტრებს წარმოადგენენ, მაგალითად, ირანი. ასევე ბრიკსის წევრია ჩინეთი, აღარაფერს ვამბობ რუსეთზე. ამიტომ ბრიკსი საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი გაერთიანებაა. იმავდროულად, ანგარიშგასაწევია ის გარემოება, რომ ბრიკსის ეკონომიკური “მნიშვნელობა” მსოფლიო ეკონომიკაში ხასიათდება მზარდი ტენდენციით. კერძოდ, თუ 1994 წელს “დიდი შვიდეულის” ქვეყნების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, იტალია, კანადა და საფრანგეთი) წილი მსოფლიო წარმოებაში იყო დომინანტური, რადგან 45%-ზე მეტს შეადგენდა, ხოლო ბრიკსის ხსენებული ქვეყნების წილი მხოლოდ 19%-მდე იყო, 2023 წელს პირველის წილი 29%-ს მცირედით აღემატება, ხოლო მეორის წილი კი 35%-ზე მეტი გახდა. მიუხედავად ამისა, ბრიკსი ჯერჯერობით მაინც არ არის იმდენად ძლიერი, რომ გლობალური მასშტაბით ქმნიდეს ამინდს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავად ბრიკსშიც კონფლიქტური სიტუაციაა, მაგალითად, ჩინეთსა და ინდოეთს შორის.

 

- ბოლო დღეებში რუბლი დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა. ეს აშშ-ის ამ გადაწყვეტილების პირდაპირი შედეგია?

– ნებისმიერი სანქციის გამოცხადება პროვოცირებას უკეთებს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას. საერთოდ, ყველა ვალუტა მგრძნობიარეა პოლიტიკური და ასევე ზოგიერთი არაპოლიტიკური განცხადების მიმართაც. ეს მთელ მსოფლიოში ასეა. სანქციების ახალი პაკეტის გამოცხადება, რა თქმა უნდა, რუსულ რუბლზე აისახა.

- რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების გათვალისწინებით, ჩვენს ბაზარზე მოახდენს ეს გავლენას?

– დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობის საფუძველი მაინც დოლარია და მოსკოვს ეკონომიკურად ნამდვილად არ უნდა აწყობდეს დოლარის რუბლით ჩანაცვლება. ასე რომ, ამ ეტაპზე ამ თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ვხედავ. თუმცა სულაც არ არის გამორიცხული, რაღაც მომენტში შეიძლება რუსეთმა მოითხოვოს, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსთან რუბლში იყოს, რათა თავისი ეროვნული ვალუტა მოთხოვნადი გახადოს.

- თუკი ასე მოხდება, ჩვენთვის ეს რა საფრთხის შემცველი იქნება? შეძლებს საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგობის გაწევას?

– რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მისაღები არ არის, რადგან რუბლი არ არის სტაბილური ვალუტა, რადგან რუსეთი აგრესორი ქვეყანაა და სანქცირებულია. თუმცა ჯერჯერობით რუსეთს ეს არ მოუთხოვია, მაგრამ გამორიცხული არაფერია…

- რუბლის ამ მკვეთრი გაუფასურების შემდეგ საქართველოში გამოითქვა მოსაზრებებიც, რომ რუსეთიდან გადმოვლენ, გაუფასურებული რუბლით აქ დოლარს იყიდიან და ეს სახიფათოა ჩვენი ფინანსური ბაზრისთვის. რამდენად რეალურია ეს საფრთხე და რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას?

– 1998 წელს, როდესაც რუსეთში მოხდა “შავი პარასკევი”, დეფოლტი, მაშინ საქართველოში რუსეთიდან კონტრაბანდული ტვირთები შემოდიოდა სწორედ იმ მიზნით, რომ მოეცილებინათ თავისი არაკონდიციური საქონელი და დოლარები მიეღოთ. ამ მიზნით სხვა მექანიზმიც იქნა ამოქმედებული. კერძოდ, მაშინ რუსული სამხედრო ბაზები იქნა გამოყენებული, სადაც პირდაპირ სხდებოდნენ რუსული სამხედრო თვითმფრინავები და ჩამოჰქონდათ გაუფასურებული რუბლის კუპიურები, რათა თავიდან მოეშორებინათ და დოლარები ეყიდათ. ახლა სამხედრო ბაზები, თუ არ ჩავთვლით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, რუსეთს საქართველოში არა აქვს. ამიტომ რუბლის კუპიურების ასე ჩამოტანა გამორიცხულია.

რაც შეეხება ჩვენს ბიზნესს, არა მგონია, მას არ ესმოდეს, რომ ბიზნესის რუსულ რუბლებში წარმოება არ აწყობს. ამიტომ თქვენ მიერ ხსენებული საფრთხე თეორიულად არ უნდა გამოვრიცხოთ, თუმცა მას ჯერჯერობით მნიშვნელოვნად არ აღვიქვამ.

- ჩემოდნებით რომ შემოიტანონ რუბლები ცალკეულმა მოქალაქეებმა და გადამცვლელ პუნქტებში გადაახურდაონ ევროსა და დოლარზე, ეს რა მასშტაბის შეიძლება იყოს და რა მოხდება?

– ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის არსებობს ეროვნული ბანკი და შეუძლია კანონის შესაბამისად იმოქმედოს.

- თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, ასეთი რამ ხომ ჩაითვლება დოლარზე დიდ მოთხოვნად, რაც ისევ ლარის კურსზე აისახება, რომელიც ბოლო პერიოდში ისედაც უფასურდება?

– რა თქმა უნდა. ის, რაც ლარს სჭირს, მოქალაქეებს უჩენს განცდას, რომ სავალუტო ბაზარზე არაკეთილსინდისიერი ოპერაციები განხორციელდა და ამაზე მინიშნება გააკეთა ჯერ პრემიერ-მინისტრმა და მერე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. ამ შემთხვევაში უკვე ეროვნულმა ბანკმა თავისი მოვალეობა ბოლომდე უნდა შეასრულოს, რათა ასეთი არაკეთილსინდისიერი “მოთამაშეების” ქმედებები აღიკვეთოს.

- რა თანხაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, რომ ასეთი გავლენა მოეხდინა ლარის კურსზე? ვის შეიძლება ჰქონდეს ამის რესურსი?

– როცა ბაზარზე 60 მილიონი დოლარი გაიტანეს, აქედან ყველაზე დიდი ნაწილი ერთმა კომპანიამ შეისყიდა. ცხადია, ამას შესაბამისი რესურსი სჭირდება და მხოლოდ რამდენიმე “მსხვილ” სუბიექტს შეუძლია ამის გაკეთება. სავალუტო ბაზრის ე.წ. რიგითი მონაწილეები ამას ვერ შეძლებენ.

- ვისზეა ლაპარაკი, ვინ შეიძლება იყვნენ ეს სუბიექტები?

– ვერ ვხვდები. მთავრობას კი კანონი არ აძლევს უფლებას თქვას, ვინ არის. თუმცა ერთია კანონი რის უფლებას გაძლევს და მეორე, შეინარჩუნო მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

- ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში რეზერვებს აქტიურად ყიდის, მაგრამ ლარის გაუფასურებას მაინც ვერ აჩერებს. რამდენ ხანს ეყოფა რეზერვები და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს გაუფასურება?

– ეს ნიშნავს, რომ სავალუტო ბაზარზე რაღაც ხდება და ეს საჭიროებს ეროვნული ბანკის მიერ დამატებით შესწავლას. რაც შეეხება კითხვას, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს გაუფასურება, ამაზე პასუხი არ არსებობს. სავალუტო კურსის ცვლილებაზე მეტ-ნაკლებად საიმედო პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია და არც არის გამართლებული. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რეალურად არსებობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური საფუძველი, რათა ეროვნული ვალუტა უფასურდებოდეს. ფაქტია, არ არსებობს. იმავდროულად, სახეზეა გარკვეული პოლიტიკური კომპონენტი, რომელიც ლარის გაუფასურებას იწვევს. როდესაც დასავლეთიდან მოდის კრიტიკული მოსაზრებები, კრიტიკული შენიშვნები საქართველოს ხელისუფლებასთან, რა თქმა უნდა, ეს ქმნის უარყოფით მოლოდინებს და შესაძლებელია ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობა დაირღვეს. უარყოფითი მოლოდინები გავლენას ახდენს სავალუტო ბაზარზე. ეს ჩვეულებრივი რამ არის და ყველა ქვეყანაში ასე ხდება. ამ მხრივ საქართველო ნამდვილად არ არის გამონაკლისი. ამიტომ რეალურად ქვეყანაში ორი რამ არის დასარეგულირებელი – პირველი, პოლიტიკური სტაბილურობაა მისაღწევი, და მეორე, თუ არის რამე არაკეთილსინდისიერი ქმედება სავალუტო ბაზარზე, ის ეროვნულმა ბანკმა უნდა აღკვეთოს.

- ამის მიღწევა უახლოეს პერიოდში რამდენად არის შესაძლებელი, მით უმეტეს, რამდენიმე თვეში არჩევნებია, რაც ისედაც მოქმედებს ხოლმე ლარის კურსზე?

– ცხადია, ეს ფაქტორები არსებობს, მაგრამ არის ასევე კურსთან დაკავშირებული ლარის პოზიტიური მოლოდინებიც. სხვა თუ არაფერი, ზაფხული ახალი დაწყებულია, ტურისტული სეზონი წინ გვაქვს, შემოდიან ტურისტები და ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ განვითარებული ქვეყნებიდან ტურიზმი გაზრდილია – ესენი არიან ის ტურისტები, რომლებიც უფრო მეტად არიან მხარჯველები და ცხადია, ეს ქვეყანაში ვალუტის შემოდინებას შეუწყობს ხელს. ეკონომიკური ფაქტორები ნამდვილად არ იწვევს ლარის არასტაბილურობას და სასურველია, ხელისშემწყობი ფაქტორებიც მდგრადი იყოს.

- შიგა ფაქტორები არ გვიხსენებია და ის, რომ მუდმივად ხდება ძალადობა ხელისუფლების ოპონენტებზე, არ მოქმედებს ლარზე?

– ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, და, ცხადია, უნდა აღიკვეთოს. შიგა ფაქტორებთან შედარებით ლარის კურსზე უფრო მეტად გარე ფაქტორები მოქმედებს, კერძოდ, როდესაც კეთდება განცხადებები ქვეყნისთვის სანქციების დაწესებაზე. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის სანქცირება საჯაროდ პერსონიფიცირებული არ არის, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის კარგი. ასევე, საუბარია ქვეყნისთვის სანქციების დაწესებაზე, რომ კანდიდატის სტატუსი შეგვიჩერდეს, ევროკავშირში შესვლისათვის უვიზო რეჟიმი გაგვიუქმდეს და ეს ყველაფერი უარყოფით მოლოდინებს ქმნის. ისიც ფაქტია, რომ ამას თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ ის ადგილობრივი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ ქვეყანაში უარესი სიტუაცია იყოს.

- წესით, ტურიზმს ლარის გაუფასურება უნდა აწყობდეს, მაგრამ ჩვენი იმპორტდამოკიდებულების გამო ტურიზმზე ამას რა გავლენა ექნება?

– რა თქმა უნდა, ლარის გაუფასურება ექსპორტისთვის კარგია და ტურისტებს აწყობთ, მაგრამ ზოგადად გაუფასურება თუ არის ნახტომისებური და არაპროგნოზირებადი, ეს არავის აწყობს და მათ შორის, არც ტურისტებს. რაც მთავარია, ჩვენ ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, როცა იმპორტი ექსპორტზე თითქმის სამჯერ მეტია. ამასთან, ჩვენს სამომხმარებლო კალათაში ტრადიციულად იმპორტირებული საქონელი 80% იყო, ახლა ცოტა შემცირდა და 70%-ზე ნაკლებია, მაგრამ მაინც იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად ვრჩებით და ამიტომ ლარი თუ უფასურდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში იმპორტირებული საქონელი ძვირდება. ამიტომაც ეს ძალიან ცუდია მოსახლეობისთვისაც. თანაც, ნახეთ, როგორ არის – ძვირდება არა მარტო იმპორტირებული საქონელი, არამედ ადგილობრივიც, რადგან ადგილობრივ მეწარმესაც ხომ სჭირდება იმპორტირებული საქონლის შეძენა და ცდილობს, რაც შეიძლება გაზარდოს თავისი ფასიც, რათა იმდენი თანხა დარჩეს, რომ იმპორტული საქონელი შეიძინოს. ამიტომ იმპორტის გაძვირება, რომელიც გამოწვეულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებით, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ადგილობრივ ბიზნესზეც.

- ლარის ეს გაუფასურება ფასებზე როგორ აისახება, როგორი შეიძლება იყოს ინფლაცია?

– რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება. ჯერჯერობით არ ასახულა და ინფლაციის დონე სტაბილურია. აქამდე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 3%-ს არ აღემატება, მაგრამ თუ ეს პროცესი გაგრძელდება, იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ცხადია, ფასების ზრდას გამოიწვევს. ამიტომაც ეროვნული ბანკი მაქსიმალურად ცდილობს კურსის დარეგულირებას. როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა პირველ კვარტალში სავალუტო ბაზრიდან 280 მილიონი დოლარი შეისყიდა რეზერვებში, ჯერჯერობით კი დახარჯულია 170 მილიონ დოლარამდე. ასე რომ, რამე საგანგაშოს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ.

- რა პერიოდი შეიძლება გაუძლოს ჩვენმა რეზერვებმა, რათა მოხერხდეს კურსის დაჭერა ისე, რომ ფასებზე არ აისახოს? რა არის ის კრიტიკული პერიოდი, რომლის შემდეგაც პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს?

– უმართავ პროცესზე არ ვილაპარაკებ. არ მინდა ჩემმა ნათქვამმა ნეგატიური მოლოდინი გამოიწვიოს. საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ ეს უმართაობა, რადგან ჩვენ ეს პროცესი გავლილი გვაქვს და ვიცით, რა საშინელებაცაა. ჩვენმა ლარმა აჩვენა, რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო “პროდუქტი”, რაც კი ქართულ ეკონომიკაში შექმნილა, რადგან ლარი არის იმის ამსახველი, რაც ხდება საქართველოს ეკონომიკაში, რაც ხდება საქართველოს პოლიტიკაში, რაც ხდება საქართველოსთან მიმართებაში. და საერთოდ, ლარი მეტ-ნაკლებად ისეთივე ვალუტაა, რაც აქვთ ე.წ. ნორმალურად ფუნქციონირებად ქვეყნებს.

- რამდენ ხანში უნდა დასტაბილურდეს ლარი, რათა ვიფიქროთ, რომ კრიტიკული პერიოდი გადალახულია?

– რაც მალე, მით უკეთესი. როგორც გითხარით, ლარის გაუფასურების წმინდა ეკონომიკური ფაქტორები არ არსებობს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუკი არის არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც მალე იქნება ამაზე რეაქცია, მით უფრო სწრაფად დასტაბილურდება ლარი. სხვა მხრივ, პოლიტიკური პროცესი ცოცხალი ორგანიზმია ყველა ქვეყანაში, მაგრამ, როგორც გითხარით, ტურისტული სეზონია, ტურისტები შემოდიან და ეს დადებითად უნდა აისახოს ლარის კურსზეც.

- ტურისტული კომპანიები ამბობენ, რომ გაუქმებულია ჯავშნები და ტურიზმის სფეროში სერიოზული პრობლემებია. მაინც შეიძლება იმის თქმა, რომ ისეთი იქნება ტურისტების ნაკადი, რომ ლარს დაასტაბილურებს?

– რა თქმა უნდა, როდესაც აქ საპროტესტო აქციები იმართებოდა, ეს ტურისტებისთვის მიმზიდველი ვერ იქნებოდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეკონომიკური პრობლემები არ არსებობს, ქვეყანაში სიტუაცია უნდა დასტაბილურდეს, ეს ქვეყანას სჭირდება. პოლიტიკური სტაბილურობის ყველაზე ქმედითი მექანიზმი კი არჩევნებია და როგორც ვხვდებით, პოლიტიკური პარტიები უკვე არიან გადასული წინასაარჩევნო რეჟიმში. კერძოდ, მათ უნდა ჩამოაყალიბონ ბევრი რამ – როგორი კონფიგურაციით გავლენ არჩევნებზე, გაერთიანდებიან თუ არა, როგორი იქნება მათი სიები, ვის შეიყვანენ, რა თანამიმდევრობით აიგება სიები, როგორი იქნება მათი პოლიტიკური დაპირებები, პოლიტიკური პროგრამები. ასე რომ, მე არა ვარ მაინცდამაინც პესიმისტურად განწყობილი, რომ ყველაფერი ცუდად იქნება.

- როდესაც ამბობთ, რომ არა გაქვთ პესიმისტური განწყობა, ეს ნიშნავს, რომ ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურების საფრთხე არ არის?

– გამორიცხული არაფერია, მაგრამ მე გამოვდივარ იქიდან და როგორც ეკონომისტი გეტყვით, რომ საქართველოს ეკონომიკაში ისეთი არაფერი ხდება, რაც ლარის გაუფასურებას გამოიწვევს. თუმცა, თუ დასავლეთი კიდევ დაგვიწესებს სანქციებს, რა თქმა უნდა, ეს რყევებს გამოიწვევს. თუმცა არა მგონია, ვითარება აქამდე მივიდეს. საქართველოში მიღებულ იქნა “გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, რომელიც კარგია თუ ცუდი, განზე გადავდოთ, მაგრამ ფაქტია, ამ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ეს იწვევს ყველაზე მეტ უარყოფით რეაქციას. მსგავსი კანონი საფრანგეთმაც მიიღო, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი, რომ ბაიდენი და მაკრონი ერთმანეთს შეხმატკბილებულად შეხვედროდნენ და ასევე შეხმატკბილებულად გაეკრიტიკებინათ საქართველო მსგავსი კანონის მიღებისთვის. კანონის მიღება-არმიღება ერთია და მეორე ის, რომ ეს პროცესები უფრო გეოპოლიტიკასთან არის დაკავშირებული, თანაც, ამერიკას თავისი ამოცანები აქვს, ის წინასაარჩევნო პერიოდშია. ევროკავშირშიც ახლახან ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, თუმცა შედეგები ჯერ უნდა დამტკიცდეს და გაირკვეს საპარლამენტო და სხვა ხელმძღვანელი თანამდებობები, რასაც დრო სჭირდება. ამიტომ არა მგონია, უახლოეს პერიოდში საქართველოსთვის რაიმე დამატებით სასჯელის შესახებ გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.

https://kvirispalitra.ge/article/118819-ra-emarteba-lars/

მსგავსი სიახლეები

ვეყანაში ცხოვრების დონე ყოველწლიურად უმჯობესდება – ირაკლი კობახიძე

ვეყანაში ცხოვრების დონე ყოველწლიურად უმჯობესდება – ირაკლი კობახიძე

ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ ქვეყანას აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია, დამაკავშირებელი ფუნქცია, ეს არის დაკავშირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის,…
რუსეთიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვა აგვისტოდან განახლდება

რუსეთიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვა აგვისტოდან განახლდება

რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვას აგვისტოდან გააახლებს. რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრომ ითხოვა, აკრძალვა სექტემბერ-ოქტომბრამდე გაგრძელდეს. ცნობისთვის, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა რუსეთმა…
საიდან შემოდის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილები საქართველოში? – TOP-5

საიდან შემოდის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილები საქართველოში? – TOP-5

2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 1.2 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები იყიდა. საქართველოდან კი 933.9 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები გადაყიდა. თითქმის უცვლელია ავტომობილების იმპორტიორი…