რომელი პროდუქტები გაძვირდება 2030 წლისთვის ყველაზე მეტად? – ბრიტანული კვლევა

რომელი პროდუქტები გაძვირდება 2030 წლისთვის ყველაზე მეტად? – ბრიტანული კვლევა

პანდემიამ, გაზრდილმა საპროცენტო განაკვეთებმა და გეოპოლიტიკურმა კონფლიქტებმა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, სურსათის ძირითად ჯგუფებზე ფასების დრამატული ზრდა გამოიწვია. ონლაინ შოპინგ-პლატფორმა BravoVoucher-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, 2030 წლისთვის ზეითუნის ზეთი გახდება პროდუქტი, რომელიც პროცენტულად ყველაზე მეტად გაძვირდება.

კვლევის თანახმად, 2019-დან 2024 წლამდე 1 ბოთლ 500მლ ზეითუნის ზეთის ფასი 113.8%-ით გაიზარდა. ბრიტანული პლატფორმის კვლევაში აღნიშნულია, რომ თუ ბრიტანეთში ინფლაციის ტემპი არ შენელდება, 2030 წლისთვის ზეითუნის ზეთის ფასი, შესაძლოა, £17.19-მდე გაიზარდოს, ხოლო თუ ათწლეულის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებელი 2%-მდე ჩამოვა, იგივე პროდუქტის ღირებულება, შესაძლოა, მხოლოდ £9-მდე გაიზარდოს.

ზეითუნის ზეთის ფასებზე გავლენა ისრაელ-ჰამასს შორის მიმდინარე კონფლიქტს აქვს, რასაც თან ახლავს წითელ ზღვაში სხვადასხვა დაჯგუფების მიერ საკონტეინერო გემებზე თავდასხმები, რაც ზეითუნის ზეთის მარაგების შევსებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აფერხებს.

ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, თურქეთი, მაროკო და ტუნისი ზეითუნის ზეთის უმსხვილესი მწარმოებლები არიან, თუმცა სამხრეთ ევროპაში მზარდი ტემპერატურის, გახშირებული გვალვებისა და მშრალი კლიმატის გამო, ზეთის ხილის მოსავალი შემცირებულია, რასაც ასევე გავლენა აქვს პროდუქციის ფასებზე.

კიდევ ერთი პროდუქტი, რომლის ფასიც 2030 წლამდე ყველაზე მეტად გაიზრდება, კონსერვირებული ლობიოა, რომლის ღირებულებაც 2019-დან 2024 წლამდე 70.5%-ით გაიზარდა. BravoVoucher ვარაუდობს, რომ 2030 წლისთვის ამ პროდუქტის ღირებულება, ინფლაციის შემცირების გარეშე, £1.04-დან £1.77-მდე გაიზრდება 400 გრამზე.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მიზანი მწარმოებლების მხრიდან პროდუქტზე ფასების ხელოვნური ზრდაა, რათა ერთეულზე მოგება კიდევ უფრო გაიზარდოს.

კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც, ბრიტანული კვლევის თანახმად, ყველაზე მეტად გაძვირდება – გრანულირებული შაქარია, რომლის ფასიც 2024 წელს კილოგრამზე £1.19-ია – 67.6%-ით მეტი, ვიდრე 2019-ში. დიდი ბრიტანეთის ინფლაცია თუ არ შემცირდა, 2030 წლისთვის 1 კგ შაქრის ღირებულება £1.99-ს მიაღწევს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ გრანულირებულ შაქარზე ფასის ზრდა მწარმოებლებისთვის გაზრდილი კომუნალური გადასახადებით, მათ შორის ელექტროენერგიის ფასით აიხსნება. ხაზგასასმელია ისიც, რომ შაქარზე ფასის ზრდა გავლენას ახდენს ტკბილეულის ღირებულებაზეც.

სხვა პროდუქტები, რომელთა ფასებიც, 2030 წლამდე, ყველაზე მეტად გაიზრდება – BravoVoucher-ის თანახმად არის:

  • მინერალური წყალი – £1.74/500მლ
  • ორცხობილა – £1.52/300გრ
  • რძე – £1.83/2 კათხა
  • ყველი ჩედარი – £9.85-11.1/1კგ
  • ქათამი – £5.31/1კგ
  • ბროკოლი – £3.32/1კგ
  • ჩვილის კვება – £14.97/1 ყუთი

ფასების გამოსათვლელად BravoVoucher ორი ტიპის სცენარს მიჰყვა – იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთის ინფლაცია ამჟამინდელ ნიშნულზე შენარჩუნდება, ძირითადი გამოყენების პროდუქტებზე ფასები სწორედ ასე გაიზრდება, 2%-იანი ინფლაციის შემთხვევაში კი, ცხადია, სამომხმარებლო ფასები ნაკლებად გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები

ვეყანაში ცხოვრების დონე ყოველწლიურად უმჯობესდება – ირაკლი კობახიძე

ვეყანაში ცხოვრების დონე ყოველწლიურად უმჯობესდება – ირაკლი კობახიძე

ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ ქვეყანას აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია, დამაკავშირებელი ფუნქცია, ეს არის დაკავშირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის,…
რუსეთიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვა აგვისტოდან განახლდება

რუსეთიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვა აგვისტოდან განახლდება

რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვას აგვისტოდან გააახლებს. რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრომ ითხოვა, აკრძალვა სექტემბერ-ოქტომბრამდე გაგრძელდეს. ცნობისთვის, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა რუსეთმა…
საიდან შემოდის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილები საქართველოში? – TOP-5

საიდან შემოდის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილები საქართველოში? – TOP-5

2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 1.2 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები იყიდა. საქართველოდან კი 933.9 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები გადაყიდა. თითქმის უცვლელია ავტომობილების იმპორტიორი…