უნგრეთის პრემიერი საქართველოს სტუმრობს – როგორია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირი?

უნგრეთის პრემიერი საქართველოს სტუმრობს – როგორია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირი?

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტი გუშინ, 28 ოქტომბერს დაიწყო და დღეს 29 დასრულდება. ეს საქართველოში ორბანის მესამე ოფიციალური ვიზიტია. ბოლოს, უნგრეთის პრემიერი საქართველოს გასული წლის ოქტომბერში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს სტუმრობდა.

მაშინ პრემიერმა ღარიბაშვილმა და ორბანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს: ეკონომიკის, ფინანსების, თავდაცვის, მართლმსაჯულების, კულტურისა და ინოვაციების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების, საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სფეროებში. ასევე, გასულ წელს ხელი მოეწერა “განათლების, მეცნიერებისა და ოჯახის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ოქმს”.

იქამდე კი, საქართველო ვიქტორ ორბანს 2012 წლის 27 სექტემბერს, არჩევნებამდე 3 დღით ადრე მასპინძლობდა. მაშინ, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ხელმძღვანელმა იმჟამინდელ ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მეტიც, უნგრეთის პრეზიდენტი საქართველოს 2012 წელს, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაშიც მონაწილეობდა და ქართველებს მოუწოდებდა – წარსულში არ დაბრუნებულიყვნენმ, დღეს კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის მიერ გამართულ ბრიფინგზე, უნგრეთის პრეზიდენტმა განაცხადა: „მე არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს ჩამოსვლა საქართველოში, რადგან ეს იქნებოდა ჩვენი ჩარევის მცდელობად აღქმული. ჩვენ დაველოდეთ შედეგებს და მერე გადავწყვიტეთ თბილისში ჩამოსვლა”.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ორბანმა უკვე მოქმედ მმართველ პარტიას გამარჯვება მაშინ მიულოცა, როცა ცესკოს ხმების მხოლოდ 70% ჰქონდა დათვლილი.

საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობა არც ისე დიდ მასშტაბს მოიცავს. ინვესტიციები – უმნიშვნელოა, ვაჭრობა კი ძირითადად ცალმხრივი.

ვაჭრობა

საქართველოსა და უნგრეთს შორის 2024 წლის 9 თვეში სავაჭრო ბრუნვამ 64 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 19.6%-ით მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან უნგრეთში წელს მხოლოდ 2.1 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიყიდა, ზრდა 99.7%-ია.

TOP-5 საექსპორტო პროდუქტი:

  1. ტანსაცმლის მზა ნაწარმი – $749.1 ათასი;
  2. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები – $436 ათასი;
  3. სატელეფონო აპარატები – $350.5 ათასი;
  4. ხილისა და ბოსტნეულის წვენები – $115.2 ათასი;~
  5. ელექტრომოწყობილობები შიგაწვის ძრავების ანთების ან გაშვებისათვის – $55.7 ათასი.

უნგრეთიდან საქართველოში წელს 61.8 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. 15%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე.

TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი 2024 წლის იანვარ-სექტემბერში:

  1. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – $36.9 მლნ;
  2. მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტებისაგან – $2.5 მლნ;
  3. საშუალებები პირის ღრუს ან კბილების ჰიგიენისათვის – $2.5 მლნ;
  4. მსუბუქი ავტომობილები – $1.7 მლნ;
  5. ტკბილი გაზიანი სასმელები – $1.1 მლნ.

FDI

პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ 23 აპრილს გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით, საქართველომ უნგრეთთან ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი.

2023 წელს უნგრეთიდან 1.9 მლნ დოლარის ინვესტიცია შევიდა საქართველოში, რაც ჯამური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 0.1%-ია. 2022 წელთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა 28%-ით შემცირდა. ბოლო ხუთ წელიწადში უნგრეთის წილი ინვესტიციებში 0.3%-0.1%-ს შორის იყო.

ენერგეტიკა

2022 წლის შემოდგომის შემდეგ საქართველო და უნგრეთი, აზერბაიჯანსა და რუმინეთთან თანამშრომლობენ შავ ზღვაში ელექტროენერგიის წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტზე – აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვასა და რუმინეთს, და გაიყიდება უნგრეთში.

ეს საქართველოსა უნგრეთის ყველაზე მასშტაბური საერთო პროექტია.

საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა უკვე დასრულდა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პროექტი პერსპექტიული და ტექნიკურ-ეკონომიკურად-განხორციელებადია.

ტურიზმი

წელს 2024 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოს უნგრეთის 5,688 მოქალაქე სტუმრობდა, რაც 7.6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე.

ტურისტულ კავშირებს შორის, აუცილებლად უნდა აღინიშნოს Wizz Air-ი, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს. ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს მსოფლიოს 27 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს.

bm.ge

მსგავსი სიახლეები

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა, ქათმის გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა,…

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 760.6 ათასი სული შეადგინა, რაც წლიურად 6%-იანი კლებაა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის…
თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა

თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა…

თბილისის მერიამ 500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დღემდე 220 338 მოთხოვნა დააფინანსა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე…
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

16 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6799 ლარი გახდა.…