წელს ინფლაციის აჩქარება შარშანდელი დაბალი საბაზო ეფექტითაც არის გამოწვეული – TBC Capital

წელს ინფლაციის აჩქარება შარშანდელი დაბალი საბაზო ეფექტითაც არის გამოწვეული – TBC Capital

TBC Capital-ის შეფასებით, წელს ინფლაციის აჩქარება გარკვეულწილად, შარშანდელი დაბალი საბაზო ეფექტითაც არის გამოწვეული. 2025 წლის პირველ ოთხ თვეში საშუალო ინფლაციამ 2.8% შეადგინა, მაშინ როცა შარშან ეს მაჩვენებელი 1.1% იყო.

2024 წლის საშუალოსთან შედარებით, ინფლაცია ყველაზე მეტად შერეულ პროდუქტებზეა გაზრდილი, ხოლო იმპორტულ პროდუქციაზე ინფლაცია, პირიქით, შემცირებულია. პარალელურად, ადგილობრივ პროდუქტებზე ფასების ზრდა, უკვე სამი თვეა, მიზნობრივ მაჩვენებელს აჭარბებს. აღნიშნულში საკუთარი წვლილი მარტსა და აპრილში პურის გაძვირებამაც შეიტანა, თუმცა ადგილობრივი ინფლაცია ამ ეფექტის გარეშეც მიზნობრივზე მაღალი იქნებოდა. ფასების დინამიკა ადგილობრივ პროდუქციაზე საყურადღებო ინდიკატორია, რადგან იგი შედარებით ხისტია და უკეთ ასახავს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ტენდენციებს.

TBC Capital-ის თანახმად, საკვებზე ფასების ზრდა განპირობებულია როგორც ადგილობრივი, მათ შორის პურის ფასების ასევე გლობალური ფაქტორებით. მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო კალათაში საკვები პროდუქციის უმრავლესობა ადგილობრივად წარმოებულად არის კლასიფიცირებული, როგორც ზემოთ ითქვა, მრავალი პროდუქტი იმპორტულ კომპონენტებს მოიცავს. რაოდენობრივი შეფასებით, ვლინდება მჭიდრო კავშირი სურსათზე გლობალურ ფასებს, ლარის გაცვლით კურსსა და ადგილობრივ ბაზარზე სურსათის ფასებს შორის. თავისთავად, ცალკეული საკვები პროდუქტის შემთხვევაში ეს კავშირი კიდევ უფრო ძლიერია.

რასაკვირველია, გლობალური ფასებისა და გაცვლითი კურსის გადაცემის მექანიზმი ძალზე გამოკვეთილია სრულად იმპორტული პროდუქტების მაგალითზე, როგორიცაა საწვავი.

აპრილში ბენზინის ფასების კლებამ წლიური ინფლაციის შემცირებაში 0.2 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. თუ გლობალური ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდა, ინფლაციის შემცირების კუთხით კონტრიბუცია პოტენციურად 0.5 პროცენტულ პუნქტს ან მცირედით მეტსაც კი მიაღწევს.

რაც შეეხება ლარს, მართალია, დოლარის გლობალური გაუფასურების ფონზე ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, თუმცა კიდევ უფრო მეტად გამყარდა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები.

ამდენად, ორგანიზაციის შეფასებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, შეწონილი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ, პირიქით, გაუფასურდა. გრძელვადიან ტრენდზე დაკვირვებით, ლარი მიმდინარე პერიოდში წონასწორულთან შედარებით მცირედით გაუფასურებულია, რაც იმპორტული პროდუქციის გაძვირების გარკვეულ რისკს შეიცავს.

“დასასრულს, გამოვყოფთ ორ შედარებით უფრო სტრუქტურულ საკითხს. პირველი; მიმდინარე მდგომარეობით, შრომის ბაზრიდან ინფლაციაზე ზეწოლა არ იკვეთება. მიუხედავად ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ეკონომიკაში რეალური ხელფასების მნიშვნელოვანი მატებისა, გაზრდილია შრომის პროდუქტიულობის მაჩვენებელიც, რის გამოც წარმოების ერთეულზე სახელფასო ხარჯი რეალურ გამოსახულებაში განსაკუთრებულად არ შეცვლილა.

შესაბამისად, ამ კუთხით ინფლაციური ზეწოლის წარმოქმნის წინაპირობა რეალური ხელფასების მხოლოდ დამატებით გამოკვეთილი ზრდა შეიძლება გახდეს. მეორე; ფართო რეგიონის ქვეყნების ინფლაციის მონაცემთა რაოდენობრივი ანალიზით ვლინდება, რომ როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის ქვეყნებში ბოლო ათი წლის განმავლობაში ინფლაციის დინამიკას ძირითადად საერთო რეგიონული ფაქტორები განსაზღვრავდა, ხოლო ადგილობრივ ფაქტორებზე შედარებით მცირე წვლილი მოდიოდა. კერძოდ, საქართველოს შემთხვევაში, ინფლაციის, დაახლოებით, 75% სწორედ ამ საერთო ფაქტორებით აიხსნება”, – წერია TBC Capital-ის მიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

14 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.635 ლარი გახდა.…
Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში ნდობის გამოცხადებაა იმ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მიმართ, რომელსაც მთავრობა უზრუნველყოფს –  ირაკლი ნადარეიშვილი

Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში ნდობის გამოცხადებაა იმ…

Starbucks-ის და Alshaya Group-ის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნდობის გამოცხადებაა ჩვენი ქვეყნის, ქართული ეკონომიკის მიმართ – იმ ეკონომიკური განვითარების და…
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟზე ნებართვა გაცემულია

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ ე.წ. რიყის…

თბილისის მერია რიყის ტერიტორიაზე ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მერიაში აცხადებენ, რომ შპს „რიყე დომ“-ის საკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული…