საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2010 წლიდან დღემდე, მესტიის აეროპორტმა 86 300 მგზავრი მიიღო და მოემსახურა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 15 წელია მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი ადგილობრივებსა და უცხოელ სტუმრებს ბარიდან მთაში გადაადგილებას უმარტივებს და მნიშვნელოვნად ეხმარება დროის დაზოგვაში.
აეროპორტი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა 15 წლის წინ ერთდროულად დაიწყო და რთული გეოგრაფიული პირობების მიუხედავად, უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში – 3 თვეში დასრულდა. მდებარეობიდან გამომდინარე, აეროპორტი მხოლოდ მცირე ზომის საჰაერო ხომალდების მიღებაზეა გათვლილი.
მესტიის აეროპორტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შიდა ტურიზმისა და განსაკუთრებით სვანეთის რეგიონის განვითარებაში.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, მესტიის აეროპორტმა რეგიონში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები შექმნა.
„მესტიის აეროპორტმა სვანეთის მოსახლეობისთვის რეალურად შეცვალა ყოველდღიური ცხოვრება. გაჩნდა ახალი სასტუმროები და გესთჰაუსები, შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები და მნიშვნელოვნად გაძლიერდა ტურიზმის სექტორი. დღეს აეროპორტში მხოლოდ ჩვენი კომპანიის მხრიდან 20-მდე ადამიანი არის დასაქმებული. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელსაც ისინი უკვე 15 წელია, რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, ეწევიან“, — აცხადებს ლევან მოსეშვილი.
მისივე თქმით, თუ თბილისიდან მესტიამდე საავტომობილო გზით მგზავრობა დაახლოებით 8–9 საათს მოითხოვს, ნატახტრის აეროპორტიდან მესტიამდე ფრენა 50 წუთამდე გრძელდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.
„სვანეთი თავისი ბუნებრივი და კულტურული პოტენციალით ყოველთვის გამორჩეული რეგიონი იყო, ხოლო საკუთარი აეროპორტის არსებობამ იგი ტურისტებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მიმზიდველი გახადა“,- აღნიშნავს ლევან მოსეშვილი.
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მთავარი არქიტექტორი გერმანელი იურგენ მაიერ ჰერმანია. 2014 წელს მესტიის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტი მსოფლიოს 10 ულამაზეს აეროპორტს შორის დასახელდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის უნიკალურ არქიტექტურასა და მნიშვნელობას.