EU-დან საბიუჯეტო გრანტების და სესხების შეფერხებას არ ველით – გიორგი კაკაურიძე

EU-დან საბიუჯეტო გრანტების და სესხების შეფერხებას არ ველით – გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე არ ელის, რომ ევროკავშირის მხრიდან საბიუჯეტო გრანტების და სესხების ნაწილში შეფერხება იქნება. ამის შესახებ მან BMG-ის განუცხადა.

გუშინ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმაჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლო საპასუხო ზომებს შორის განიხილება ფინანსური დახმარების შეჩერებას მთავრობისთვის და ევროპის მშვიდობის ფონდიდან მხარდაჭერის გადახედვა.

BMG-მა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ჰკითხა, როგორი მოლოდინი აქვს მთავრობას ევროკავშირიდან დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით, რაზეც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ საინვესტიციო პროექტებში შეფერხებას არ ელის, მათ შორის არც EBRD-დან და არც EIB-დან დაფინანსების ნაწილში.

“დახმარება არის, როდესაც რაიმეს გჩუქნიან. ჩვენ ევროკავშირიდან თუ რაიმე გრანტს ვიღებთ, ეს არის კონკრეტულ რეფორმებზე დაფუძნებული და მათ შორის ჩვენი ვალდებულებებიც საკმაოდ მნიშვნელოვანია ხოლმე აქ. მაგალითისთვის, იყო რომ რაღაც ახალ პროექტზე 50%-იან თანამონაწილეობაზე ვსაუბრობდით, რომ რაღაც მიმართულებით იქნება. მე არ ვფიქრობ, რომ მსგავსი, რეფორმებზე დაფუძნებული საბიუჯეტო გრანტები იქნება შეჩერებული. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას და ვფიქრობ, რომ იქნება მომავალშიც მსგავსი გრანტები. რაც შეეხება სესხებს, რომლებსაც ვიღებთ და პირობები აქაც არის ყველასთვის ცნობილი, ვფიქრობთ, რომ ამ სესხებს არანაირი შეფერხება არ ექნება. ის ინვესტიციები, რომლებიც დაგეგმილია ამ სესხების ფარგლებში შეუფერხებლად განხორციელდება. ევროპის რეკონსტრუქციის ბანკიდან (EBRD), ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკიდან (EIB), საიდანაც დიდი მოცულობის ინვესტიციებს ვიღებთ, მსგავსი პროექტების გაჩერებას არ ველოდებით, ვინაიდან ეს ემსახურება ქვეყნის ინფრასტრუქტურას და არა რომელიმე ადამიანის ინტერესებს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

რაც შეეხება ევროპის მშვიდობის ფონდს (EPF), რომელიც თავდაცვის მიმართულებით დახმარებას მოიაზრებს, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მომდევნო წლებში 30 მლნ ევროს მიღება იყო მოსალოდნელი, რაც მისივე თქმით, ძალიან დიდი თანხა არაა, მაგრამ მნიშვნელოვანია და შეჩერება სასურველი არ არის.

„მე რაც მოვისმინე, საუბარი იყო ევროპის მშვიდობის ფონდიდან თანხის გამოყოფაზე. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ვინაიდან ეს არის თავდაცვის მიმართულებით და ამ მიმართულებით თანხების არ გამოყოფა არ ვიცი რამდენად სწორად ემსახურება თუნდაც იმ პოლიტიკას, რაც ევროკავშირს აქვს. ჩვენ ამ ფონდიდან ამ ეტაპზე დახმარებას არ ვიღებთ, თუმცა მოლოდინი იყო, რომ მომდევნო წლების განმავლობაში გარკვეული თანხის მიღება შეიძლებოდა. ეს არ იყო ძალიან დიდი თანხა, 3 წელიწადში 30 მილიონ ევრომდე იყო, თუმცა მსგავსი თანხების მიღება მნიშვნელოვანია, ამიტომ, რა თქმა უნდა, [შეჩერება] არ არის სასურველი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არც ბიუჯეტში გვქონდა ეს თანხები დაგეგმილი და არც ჩვენს საშუალოვადიან პარამეტრებში იყო გათვალისწინებული, ვინაიდან მსგავსი თანხის მიღება ჯერ არ გვქონია, მომდევნო წლებში იგეგმებოდა შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება და თანხების მიღება“,- თქვა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

ორნახევარპოლუსიანი სამყარო – როგორ ყალიბდება ახალი საერთაშორისო წესრიგი?!

ორნახევარპოლუსიანი სამყარო – როგორ ყალიბდება ახალი საერთაშორისო წესრიგი?!

მიმდინარე მოვლენების ფონზე სულ უფრო ძლიერდება კითხვა, თუ როგორი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება დღეს, რა ადგილი ექნებათ აქ დიდ მოთამაშეებს და განსაკუთრებით…
ყველაზე მეტად იმერეთის მოსახლეობა შემცირდა – რომელ რეგიონებში იკლებს მოსახლეობის რაოდენობა

ყველაზე მეტად იმერეთის მოსახლეობა შემცირდა – რომელ რეგიონებში იკლებს…

საქსტატის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3.9 მილიონია. ეს აღწერის წინა შედეგებთან შედარებით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა 5%-ით,…
დღეიდან საქართველო-სომხეთს შორის მგზავრთა გადამყვანებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება

დღეიდან საქართველო-სომხეთს შორის მგზავრთა გადამყვანებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება

1 ივლისიდან, საქართველო-სომხეთის საზღვარზე გადამყვანებისთვის მგზავრთა სიის წინასწარ შევსება სავალდებულო ხდება. როგორც BM.GE-ის ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, საუბარია კომერციული მიზნით ტურისტული ან…