ტრამპი ევროპულ ქვეყნებს, გრენლანდიის საკითხის გამო, 10%-იანი ტარიფებით ემუქრება

ტრამპი ევროპულ ქვეყნებს, გრენლანდიის საკითხის გამო, 10%-იანი ტარიფებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპელ პარტნიორებს, 10%-იან ტარიფების დაწესებით ემუქრება, თუ ისინი ამერიკის მიერ გრენლანდიის შეძენას არ დასთანხმდებიან.

Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ 1 თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ფინეთის მიმართ ამოქმედდება. ტრამპის თქმით, ეს ტარიფები 1 ივნისიდან 25%-მდე გაიზრდება და მანამ შენარჩუნდება, სანამ აშშ-ის მიერ გრენლანდიის „სრულ და საბოლოო შესყიდვაზე“ შეთანხმება არ მიიღწევა.

ტრამპის ტარიფები ევროპის იმ რიგი ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებმაც დანიის თხოვნით, ბოლო დღეებში არქტიკის კარიბჭესთან, მინერალებით მდიდარ ტერიტორიაზე, რომლის მოსახლეობა 57,000 ადამიანს შეადგენს, ჯარები განათავსეს.

„ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში დანიას, ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და სხვებს ვაძლევდით სუბსიდიებს იმით, რომ არ ვახდევინებდით მათ ტარიფებს ან სხვა სახის გადასახადს. ახლა, საუკუნეების შემდეგ, დადგა დრო, რომ დანიამ ვალი დააბრუნოს — სასწორზე მსოფლიო მშვიდობა დგას! გრენლანდია ჩინეთს და რუსეთს სურთ და დანიას ამის საწინააღმდეგოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მათ ამჟამად დასაცავად ორი ძაღლის მარხილი ჰყავთ, რომელთაგან ერთი ახლახან დაამატეს. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპის მეთაურობით, შეუძლია ამ თამაშში მონაწილეობა და თანაც ძალიან წარმატებულად! ამ წმინდა მიწას ხელს ვერავინ შეახებს, მით უმეტეს, რომ საფრთხე ემუქრება ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოს ეროვნულ უსაფრთხოებას.

ყველაფერ ამასთან ერთად, დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი გრენლანდიაში გაურკვეველი მიზნებით გაემგზავრნენ. ეს ძალიან სახიფათო მდგომარეობაა ჩვენი პლანეტის სიმშვიდისთვის, უსაფრთხოებისა და გადარჩენისთვის. ამ ქვეყნებმა, რომლებიც ამ ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობენ, რისკის ისეთი დონე შექმნეს, რომელიც გაუმართლებელი და დაუშვებელია. შესაბამისად, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია მკაცრი ზომების მიღება, რათა ეს პოტენციურად სახიფათო ვითარება სწრაფად და უპირობოდ დასრულდეს.

2026 წლის 1 თებერვლიდან ყველა ზემოაღნიშნულ ქვეყანას (დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი) ნებისმიერ და ყველა საქონელზე, რომელიც გაიგზავნება ამერიკის შეერთებულ შტატებში 10%-იანი ტარიფი დაეკისრება. 2026 წლის 1 ივნისიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება. ეს ტარიფი ძალაში იქნება მანამ, სანამ არ მიიღწევა შეთანხმება გრენლანდიის სრულ და საბოლოო შესყიდვაზე. ამერიკის შეერთებული შტატები ამ ტრანზაქციის განხორციელებას 150 წელზე მეტია ცდილობს. ბევრი პრეზიდენტი ცდილობდა ამას და საფუძვლიანი მიზეზითაც, მაგრამ დანია ყოველთვის უარს ამბობდა“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები