ავტომაგისტრალის უკანონო გადაკეტვით შექმნილი ვითარების გამო, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, გვიან ღამით, ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. როგორც აფხაზური მედია წერს, ე.წ. უშიშროების ძალების ხელმძღვანელებმა უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებაზე ისაუბრეს.
აფხაზეთში ვითარება 11 ნოემბერს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დე ფაქტო პარლამენტმა საბოლოო მოსმენით “მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ” კანონი დაამტკიცა. ფაქტი ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. დე ფაქტო მთავრობის მომხრე მედიის ინფორმაციით, ორშაბათს, ნაშუადღევს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შემდეგ, სახალხო კრების შენობის ეზოში ხუთმა მოქალაქემ, პარლამენტის დეპუტატის მიმართ უკანონო ქმედებები ჩაიდინა. მანამდე, ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საუბარი იყო დეპუტატ ალმას აკაბაზე.
გვიან ღამით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [СГБ] თანამშრომლებმა ოპოზიციონერები, რომლებიც მიწების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვას აპროტესტებენ, მანქანიდან ძალით გადმოიყვანეს და ბორკილები მიწაზე დაწოლილებს დაადეს. დაკავებულები არიან: ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია.
ოპოზიციის მხარდამჭერებმა მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდეს და გუმისთასა და კოდორის ხიდები გადაკეტეს. ხალხი შეიკრიბა სოხუმის თავისუფლების მოედანზე. ბოლო მონაცემებით, როგორც ერთ-ერთი ტელეგრამ არხი წერს, გუმისთის ხიდი კვლავ გადაკეტილია, კოდორის ხიდი კი გაიხსნა. წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეებთან ე.წ. დეპუტატი ბესლან ემურხბა და ოჩამჩირის რაიონის ე.წ. გამგებელი ბესლან ბიგვავა მივიდნენ. მედიის ცნობით, ისინი ახლობლებს დაჰპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში დაკავებულებს გაათავისუფლებდნენ, რადგან არ არსებობს მათი პატიმრობაში დატოვების მტკიცებულება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან.…
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა. სებ-ი მიუთითებს, რომ მაისში ინფლაციის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში…
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხების მოცულობამ 36.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა თვესთან, ანუ…