დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც სვანეთიდან 102 მლნ ლარის ხის მასალა ყალბი დოკუმენტებით გაზიდა
- საზოგადოება
- დეკემბერი 26, 2025
- 100
საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 3 926 261 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, რვა პირი დააკავა. როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იტყობინება, გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებში დააფუძნეს ათეულობით კომპანია, მათ შორის: შპს „ნამორა 2021“, შპს „თბილი კერა“, შპს „ოლიმპუს 1988“, შპს „რამინა 22“, შპს „ნამორა“, შპს „კუბიკი“, შპს „რანდა 2023“, შპს „ზაზა 2022“ და შპს „ევი 2022“.
“ასევე დგინდება, რომ დასახელებული კომპანიების მეშვეობით, 2021–2024 წლებში, სვანეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა 102 მილიონი ლარის ღირებულების, დაახლოებით 130 000 კუბური მეტრი ხის მასალის ტრანსპორტირება და შემდგომ რეალიზაცია.
ხის მასალის რეალიზაციისას, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დღგ-ს დეკლარაციებში ყალბი მონაცემების მითითებით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით – 3 926 261 ლარის ზიანი მიაყენეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205¹ მუხლის მე-3 ნაწილითა და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით.
ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, ხოლო გამოძიების პროცესში არ არის გამორიცხული გაიზარდოს ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა”, – იტყობინება საგამოძიებო სამსახური.
პროკურატურამ სვანეთიდან 102 მლნ ლარის ხე-ტყის ყალბი დოკუმენტებით რეალიზაციის საქმეზე 8 პირის მიმართ დევნა დაიწყო.
უწყების ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
როგორც პროკურატურა იტყობინება, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, 2022 წლიდან ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.
“ბრალდებულებმა ეტაპობრივად დააფუძნეს სხვადასხვა იურიდიული პირები, რომელთა მეშვეობითაც ახორციელებდნენ ხეტყის შეძენას და მის შემდგომ რეალიზაციას.
სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად არღვევდნენ კანონმდებლობით დადგენილ საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოების სპეციალური წესს, საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარაციებს მუდმივად აზუსტებდნენ ყალბი მონაცემების შეტანით, რის საფუძველზეც არ იხდიდნენ კუთვნილ საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს.
აღნიშნული ხერხით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2022-2024 წლებში სახელმწიფოს მოტყუებით მიაყენეს 4 მილიონამდე ლარის ქონებრივი ზიანი.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მხილების მიზნით”, – იტყობინება პროკურატურა.