ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ინფორმაციით, ბაკურიანში, დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალებზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები და ტრასების ეტაპობრივი გახსნა 27 დეკემბრიდან იგეგმება.
MTA-ს განცხადებით, იხსნება კოხტას სასრიალო არეალიც.
“საბაგირო და ტრასა – კოხტა პლატო, სრიალის მსურველებს ყოველდღე, 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურება. დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალებზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები და ტრასების ეტაპობრივი გახსნა 27 დეკემბრიდან იგეგმება.
რაც შეეხება გუდაურს, მესტიასა და გოდერძის კურორტებს, საბაგიროების ჩართვა 27 დეკემბრიდან არის დაგეგმილი, ხოლო სასრიალო ტრასები, ამინდისა და თოვლის საფარის მდგომარეობის მიხედვით, ეტაპობრივად გაიხსნება.
27 დეკემბრიდან ამოქმედდება გუდაურისა და კობის საბაგიროები – პირველი, სოლიკო, გუდაურა, კობი, ფირნი და თრუსო. პარალელურად, გრძელდება ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები და ტრასები თოვლის საფარის შესაბამისად, ეტაპობრივად გაიხსნება.
ამავე დღიდან, ჩაირთვება ჰაწვალის სასრიალო არეალზე ზურულდის საბაგირო. ჰაწვალისა და თეთნულდის სასრიალო ტრასების გახსნა ეტაპობრივად განხორციელდება, ამინდისა და თოვლის საფარის პირობების შესაბამისად. აგრეთვე, 27 დეკემბრიდან კურორტ გოდერძიზე ამოქმედდება საბაგირო “ზანკა“.
ბაკურიანის საბაგიროების აბონემენტების შეძენა 20 დეკემბრიდან, კურორტზე მხოლოდ კოხტას სალაროში იქნება შესაძლებელი. ბილეთების ონლაინ გაყიდვა კი 23 დეკემბრიდან დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაციებსა და ვებგვერდებზე: TKT.GE, BILETEBI.GE, SKIPASS.GE, ასევე სუპერ აპსა (Super App) და მაუნთ აპში (MOUNT App). დამსვენებლებს პლატფორმებზე გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის კურორტების, სხვადასხვა კატეგორიის ბილეთის შეძენა შეეძლებათ”, – წერია მთის ტრასების სააგენტოს პრესრელიზში.