თბილისის ზოოპარკის ზღვის ტერიტორიაზე გადასატანად და არსებული ზოოპარკის ტერიტორიაზე რეკრეაციული პარკის მოსაწყობად, 2026 წლის თბილისის ბიუჯეტიდან ₾7 მილიონი დაიხარჯება.
ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოში, ბიუჯეტის დამტკიცებისას ისაუბრა და პროექტის დასრულების ვადებსაც შეეხო.
“დაწყებულია ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადატანა, ხოლო არსებული ზოოპარკის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ისტორიული პროექტი იქნება ჩვენი ქალაქისთვის და ამ მიმართულებითაც 2026 წლის ბიუჯეტში 7 მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული. საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, რომ ორ წელიწადში ეს პროექტი სრულად იქნება დასრულებული”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობაზე საუბარი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები კი 2016 წლიდან დაიწყო. ახალი ზოოპარკის მოწყობა იყო “ქართული ოცნებისა” და კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირების ნაწილი 2017, 2021 და 2025 წლებში.
კერძოდ, კოსტავას ქუჩიდან თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანას შეეხო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ კახა კალაძის „გარემოს დაცვის პოლიტიკის“ პრეზენტაციაზე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიაც. როგორც მან განაცხადა, ზოოპარკი ზღვის ტერიტორიაზე დაჩაქრებული ტემპით გადავიდოდა. მაშინ ანდრია ბასილაიას ვადები არ დაუკონკრეტებია.
48 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსებულ ზოოლოგიურ პარკში ამ დროისთვის რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა, თუმცა როგორც გასულ ზაფხულს BM.GE-ს ზოოპარკში განუცხადეს, ინფრასტრუქტურის დასასრულებლად და 2026 წელს სტუმრებისთვის კარის გასაღებად, საჭირო იყო დამატებით ინვესტიციები, რომელთა მოძიებაზეც მუშაობდნენ.