კახა კალაძე – რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

კახა კალაძე – რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

თბილისის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილსა და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, მიხეილ კიკნაძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო და არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნო.

ქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაციის პროცესში ეროვნულ სასახლესა და ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში ისტორიული არტეფაქტები აღმოაჩინეს, რომლებიც ძველი თბილისის X-XI საუკუნეებით დათარიღებულ კერამიკის სახელოსნოს წარმოადგენს.

ფაქტის გამოვლენისთანავე აღნიშნულ არეალში თბილისის მერიის მიერ დაუყოვნებლივ შეჩერდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. საკითხის შესახებ ეცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და, მათივე რეკომენდაციის საფუძველზე, ისტორიული ძეგლის შესწავლის მიზნით არქეოლოგიურმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა.

„რუსთაველის გამზირის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, რა დროსაც ადგილზე არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინეს. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მაშინვე შევაჩერეთ რეაბილიტაცია და არქეოლოგიურმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა. საუბარია X-XI საუკუნეების აღმოჩენებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. დაველოდებით შესაბამისი სამუშაოების დასრულებას. სხვა მონაკვეთებს რაც შეეხება, გამზირზე პირველი, რაც კეთდება, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებაა, რათა აღნიშნულმა ინფრასტრუქტურამ ათეულობით წელს გაუძლოს. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე პრობლემები არ არის. არქეოლოგიური აღმოჩენის გამო მხოლოდ ერთ მონაკვეთზეა შეჩერებული სამუშაოები, თუმცა ძალიან სწრაფად მუშაობენ. ამ დროის მონაცემებით, არ გვაქვს საფუძველი, ვთქვათ, რომ სამუშაოები გახანგრძლივდება. თუ ამის საჭიროება და აუცილებლობა იქნება, ამაზეც ვისაუბრებთ. რაც შეეხება ბიზნესსექტორს, მომართვა არ გვქონია. გამზირზე ფეხით გადაადგილება არ არის შეზღუდული, თუმცა თუ ბიზნესსექტორს აქვს შეხვედრის სურვილი, მზად ვართ, შევხვდეთ. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე კვლევით სამუშაოებს პროფესორი და არქეოლოგი მერაბ ძნელაძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგები ახორციელებენ. სპეციალისტები აღმოჩენილ არტეფაქტებს შეისწავლიან, კვლევების დასრულების შემდეგ კი მასალა სათანადოდ დამუშავდება, პირვანდელი სახით აღდგება და თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსდება.

ისტორიული ადგილი, რომელიც თავის დროზე ე.წ. აბრეშუმის გზის ერთ-ერთ მონაკვეთს წარმოადგენდა, ძველი თბილისის ყოფა-ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს. აღმოჩენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თბილისის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით, რადგან გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა ქალაქის შუა საუკუნეების ცხოვრების, ხელოსნობისა და ურბანული განვითარების შესახებ არსებული ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.

ადგილზე, ასევე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

კახა კალაძე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

კახა კალაძე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ…
სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო

სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიამ სიონში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრის…
კალაძე “ქართუს” და ბრიტანელ კონსულტანტებს თბილისის ზღვასთან ატრაქციონების პარკის პროექტზე შეხვდა

კალაძე “ქართუს” და ბრიტანელ კონსულტანტებს თბილისის ზღვასთან ატრაქციონების პარკის…

დედაქალაქში ახალი გასართობ-სარეკრეაციო სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდ „ქართუ ფონდის“ და ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა…