მერია სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს პროექტისთვის 2026 წელს ₾10 მილიონს გამოყოფს

მერია სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს პროექტისთვის 2026 წელს ₾10 მილიონს გამოყოფს

თბილისის მთავრობა სამგორი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო ხაზის პროექტის დასრულებას 2026 წლის ბოლომდე გეგმავს – ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ დღეს საკრებულოში განაცხადა.

“ჩავატარეთ ბაზრის კვლევა და უახლოეს მომავალში იქნება გამოცხადებული [ტენდერი] საბაგიროსთან დაკავშირებით, აქ 10 მილიონი ლარი გვიდევს პროექტირებისთვის, საბაგიროს პროექტი სულ 48 მილიონი ლარისაა, სამგორი-ვაზისუბნის მიმართულებით.

თქვენ იცით, რომ სულ სამი საბაგიროს პროექტი გვაქვს დაანონსებული და ამ ეტაპზე ეს ერთი პროექტი ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე უნდა იყოს განხორციელებული”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის ვიცე-მერმა სამი ახალი საბაგირო დერეფნის, მათ შორის სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო ხაზის მოწყობაზე ჯერ კიდევ სექტემბერში, თვითმმართველობის არჩევნების წინ განაცხადა. ამ საკითხს შეეხო “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, კახა კალაძეც.

სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის დემონტაჟისა და ახალი, თანამედროვე ტიპის საბაგიროს მშენებლობის შესახებ ბაზრის კვლევა უკვე ნოემბერში გამოცხადდა. საუბარია სამგორი–ვაზისუბნის საბაგირო გზაზე, რომელიც 1986 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და 2000 წლიდან აღარ ფუნქციონირებს.

უფრო ადრე, კახა კალაძემ სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო გზის პროექტზე ჯერ კიდევ 2020 წელს ისაუბრა და განაცხადა, რომ თანხები, დაახლოებით 30 მლნ ევრო, სესხის სახით უკვე გამოყოფილი იყო, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ.

მსგავსი სიახლეები