რა შეიცვალა 1-ელი იანვრიდან – ახალი რეგულაციები, გაზრდილი პენსიები და ჯარიმები სრულად
- საზოგადოება
- იანვარი 2, 2026
- 100
2026 წლიდან საქართველოში ძალაში შედის მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ცვლილებები ეხება როგორც ტურიზმისა და ბიზნესის სექტორს, ისე საჯარო მოხელეების ანაზღაურებასა და გარემოს დაცვის საკითხებს.
BM.GE გთავაზობთ იმ ძირითადი სიახლეების მიმოხილვას, რომლებიც 2026 წლიდან ამოქმედდება:
სოციალური გარანტიები: პენსიებისა და ხელფასების ზრდა
2026 წლის იანვრიდან ქვეყანაში ასაკობრივი პენსია 20 ლარით იზრდება. კერძოდ:
- ასაკობრივი პენსია: 370 ლარი;
- 70 წელს ზემოთ პენსიონერები: 495 ლარი;
- მაღალმთიან დასახლებებში: შესაბამისი კატეგორიებისთვის პენსია 444 და 594 ლარი გახდება.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სოციალური დაცვის პროგრამებზე ჯამში 6.9 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება. პარალელურად, 10%-ით იზრდება საჯარო მოხელეების, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასები.
მაღალჩინოსნების ანაზღაურება: საბაზო სარგო განისაზღვრება 1600 ლარით. პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი თვეში 16,000 ლარი გახდება.
ახალი ვალდებულებები ბიზნესისა და ტურიზმისთვის
- დაზღვევა ტურისტებისთვის: 1-ლი იანვრიდან უცხოელ ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისი (მინიმუმ 30,000 ლარის ლიმიტით) უნდა ჰქონდეთ.
- დეპოზიტების დაზღვევა: 1-ლი აპრილიდან დეპოზიტარისთვის ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ზღვარი 50,000 ლარამდე იზრდება.
- თამბაქოს ინდუსტრია: 1-ლი იანვრიდან თამბაქოს წარმოებისთვის 50,000-ლარიანი ლიცენზიის აღება და სპეციალური ლაბორატორიის მოწყობა სავალდებულო ხდება. ამასთან, აქციზი იმპორტირებულ სიგარეტზე 85 თეთრით იზრდება, ადგილობრივზე კი 60 თეთრით მცირდება.
- სერტიფიცირება: ვეტერინარებს, არქიტექტორებს, ინჟინერ-მშენებლებსა და გიდებს საქმიანობისთვის სახელმწიფო სერტიფიკატის ქონა დაევალებათ;
- კრიპტო-ბიზნესი: ვირტუალური აქტივის პროვაიდერებს ეროვნული ბანკის რეგისტრაციის აქტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება დაევალებათ.
გარემოს დაცვა და ურბანული წესრიგი
- ერთჯერადი პლასტიკი: იკრძალება პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის (დანა-ჩანგალი, თეფშები, საწრუპები) წარმოება და იმპორტი. ბიზნესს მარაგების ამოსაწურად 3-დან 12 თვემდე ვადა მიეცემა.
- ხმაურის კონტროლი: ღამის საათებში (23:00-08:00) სატრანსპორტო საშუალების 80 დეციბელზე მეტი ხმაური 100-დან 300 ლარამდე ჯარიმას გამოიწვევს.
- თბილისის ზონირება: დედაქალაქის საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონებში იკრძალება ჯართის, საბურავებისა და აალებადი მასალების განთავსება/რეალიზაცია.
კანონი შინაურ ცხოველებზე და სხვა რეგულაციები
2026 წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი. მფლობელებს ეკისრებათ ვალდებულება უზრუნველყონ ცხოველის ვეტერინარული მეთვალყურეობა, დასუფთავება და ზიანის ანაზღაურება. აიკრძალება არასამკურნალო მიზნით ჩატარებული ოპერაციები (კუპირება და სხვ.).
სხვა სიახლეები:
- განათლება: პირველ კლასში მხოლოდ ის ბავშვები შევლენ, რომლებსაც 15 სექტემბრამდე უსრულდებათ 6 წელი.
- მიწის რეგისტრაცია: წყდება მიწების სისტემური რეგისტრაციის უფასო პროგრამა.
- პირადობის მოწმობები: დოკუმენტებს დაემატება QR კოდი და თითის ანაბეჭდი.
- შრომითი მიგრაცია: უცხოელის უნებართვოდ დასაქმებისთვის ჯარიმა 2,000 ლარი იქნება;
- მართვის მოწმობების აღდგენა: მოქალაქეებს, რომლებსაც 2025 წლის 16 დეკემბრამდე გარკვეული დარღვევების გამო (სიმთვრალე, ქულების ამოწურვა) ჰქონდათ შეჩერებული უფლება, მართვის მოწმობა ავტომატურად აღუდგებათ.
გაზაფხულიდან და შემოდგომიდან ამოქმედებული ცვლილებები
- 1-ლი თებერვალი: საზღვარგარეთ დასაქმების სააგენტოების სერტიფიცირების წესი იცვლება და ვადები 90-დან 60 დღემდე მცირდება.
- 1-ლი მარტი: „შრომითი მიგრაციის“ კანონის დარღვევისთვის (უცხოელის უნებართვოდ დასაქმება) წესდება 2,000-ლარიანი ჯარიმა.
- 1-ლი აპრილი: დეპოზიტების დაზღვევის ზედა ზღვარი 50,000 ლარამდე იზრდება.
- 1-ლი ივნისი: სავალდებულო ხდება გიდების (სამთო, სათხილამურო, ალპური) სერტიფიცირება. ჯარიმა დარღვევაზე — 1,000 ლარი.
- 1-ლი ივლისი: შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დაცვა სავალდებულო ხდება (გარდა თბილისისა).
- 1-ლი სექტემბერი: არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლებისთვის სავალდებულო ხდება სერტიფიცირება.
წყარო: Bm.ge
- Tags
- 2016 წელი
- რეგულაციები