რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 30 დეკემბერს შუადღიდან მოძრაობა 52-კილომეტრიან ახალ, 4-ზოლიან ჩქაროსნულ გზაზე სრულად გაიხსნება.
რიკოთის მაგისტრალური გზა 52 კილომეტრის სიგრძისაა და მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს. მათ შორის, ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე კილომეტრი და 800 მეტრია, ხოლო ყველაზე გრძელი ხიდის — კილომეტრი და 362 მეტრი.
“ახალი მაგისტრალი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე განათების სისტემით და შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. გზის ექსპლუატაციაში გაშვება 8 კილომეტრით ამცირებს მგზავრობის მანძილს და ანახევრებს გადაადგილების დროს. რიკოთზე ახალი გზის მშენებლობის დასრულების შედეგად, 30 დეკემბრიდან ავტოტრანსპორტი ისარგებლებს უწყვეტი, 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალით თბილისიდან სამტრედიამდე, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქვეყნის შიდა და სატრანზიტო მოძრაობას”, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უღელტეხილზე 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა 2019 წლებში ოთხ მონაკვეთად დაიწყო. მოძრაობა ეტაპობრივად იხსნებოდა – გზის პირველი 2-კილომეტრიანი მონაკვეთი 2020 წელს შევიდა ექსპლუატაციაში.
სამინისტროს ცნობითვე, ახალი მაგისტრალი გვერდს უვლის ყველა დასახლებას, მათ შორის ზესტაფონს, რაც ამცირებს სატრანსპორტო ნაკადს დასახლებულ პუნქტებში და ზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას.
რიკოთის მაგისტრალური გზა წარმოადგენს აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო საგზაო დერეფნის (E60) მნიშვნელოვან მონაკვეთს და საქართველოს სატრანსპორტო ქსელის ერთ-ერთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტს. პროექტი განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB) და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს.