შიდა წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკაცრდება – კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს

შიდა წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკაცრდება – კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს

საქართველოში შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისა და სანავიგაციო ნიშნების დაზიანებისათვის სანქციები იზრდება და ახალი ჯარიმები დაწესდება. შესაბამის კანონპროექტს, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს“ ითვალისწინებს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის, სახელისა და სარეგისტრაციო ნომრის გარეშე, ასევე ნაოსნობის წესების დარღვევა გამოიწვევს:

  • ფიზიკური პირისთვის – 500 ლარიან ჯარიმას;

  • იურიდიული პირისთვის – 1000 ლარიან ჯარიმას;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, სანქციები ასევე წესდება შემდეგ დარღვევებზე:

  • სანავიგაციო ნიშნების დაზიანება: საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვასა თუ ხმელეთზე განთავსებული სანავიგაციო ნიშნების დაზიანება დასჯადი ხდება.

  • სახანძრო უსაფრთხოება: ნაოსნობისას სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა.

  • ინსპექტირების ხარვეზები: ჯარიმა დაეკისრებათ იმ ორგანიზაციებს, რომელთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ ტექნიკური ინსპექტირებისას საფრთხე შეუქმნა ქონებას, გარემოს ან ტვირთს.

ამას გარდა, კანონპროექტს დაემატა ნორმა, რომელიც საზღვაო ნავსადგურების ტერიტორიაზე უკანონო თევზჭერისთვის შესაბამის სანქციებს ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები