ეკონომიკის რომელი დარგები გაიზარდა/შემცირდა აპრილში და რატომ? – საქსტატის განმარტება

ეკონომიკის რომელი დარგები გაიზარდა/შემცირდა აპრილში და რატომ? – საქსტატის განმარტება

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7.5%-ით, ხოლო 2023 წლის პირველი ოთხი თვეში ეკონომიკა საშუალოდ 7.3%-ით გაიზარდა.

2023 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა. ამასთან, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონების სექტორებში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, რომ 2023 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქონლის ექსპორტი დაახლოებით 20.4%-ით, ხოლო იმპორტი 10%-ით გაიზარდა. პირველ 4 თვეში ექსპორტი 24%, იმპორტი კი 21% გაზრდილია.

„2023 წლის აპრილში ქვეყანაში 5 700 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 17%-ითაა შემცირებულია. აღსანიშნია ისიც, რომ კლება ძირითადად განპირობებულია უცხოელი მეწარმეების რეგისტრაციის შემცირებით, რაც დაახლოებით 42%-ითაა შემცირებული.

დაახლოებით 6%-ით გაიზარდა ეკონომიკური შეფასებისას დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 10.5 მლრდ ლარს გადააჭარბა“, – განაცხადა თოდრაძემ.

საქსტატის ხელმძღვანელმა აპრილში ეკონომიკური ზრდის მიზეზებზე დარგების მიხედვით ისაუბრა:

„მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, ასევე სამოქალაქო მშენებლობასთან როგორიცაა გზების, ხიდებისა და ავტობანების მშენებლობასთან იყო დაკავშირებული. ასევე გასათვალისწინებელია 2023 წლის აპრილში დაახლოებით 39%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტის მაჩვენებელი და დაახლოებით 25%-იანი ზრდა შეინიშნებოდა ცემენტის და კლინკერის იმპორტის მიმართულებით.

საფინანსო და სადაზღვევო სექტორში ზრდის მიზეზად კომერციული ბანკების როგორც საპროცენტო ასევე არასაპროცენტო შემოსავლების ზრდა გვევლინება.

ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო მილსადენებით ტრანსპორტირებასთან; ასევე საზღვაო ტრანსპორტით მომსახურების ზრდასთან, ტვირთის საზღვაო დამუშავებასთან და დასაწყობებასთან;

ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სექტორში, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდასთან.

ვაჭრობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ავტომობილებით, მათი დეტალებითა და აქსესუარებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან. მოგეხსენებათ 2023 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი ძირითადად ყაზახეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით;

გარდა ამისა ფიქსირდება ზრდა არასპეციალიზებულ მაღაზიებში სასურსათო საქონლით, თამბაქოთი და სასმელებით, ასევე ფარმაცევტული საქონლის და კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობის მოცულობაც“, – განმარტა თოდრაძემ.

ეკონომიკის დარგებში კლების ტენდენციებს რაც შეეხება, საქსტატის ხელმძღვანელმა აღნიშნა:

დამამუშავებელი მრეწველობაში კლება ძირითადად მეტალურგიულ მრეწველობასა და აზოტოვანი სასუქების წარმოების მოცულობის შემცირებასთან გვაქვს, მაგალითად აპრილში წინა წლის ამავე თვესთან შედარებით ფეროსილიკონმანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 88%-ით შემცირდა, ხოლო 58%-იანი კლება შეინიშნებოდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი.

აღსანიშნია ისიც, რომ გაზრდილია სასმელების წარმოების მოცულობის მაჩვენებელი, აპრილში წინა წელთან შედარებით 50%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებელი კი 65%-ით არის გაზრდილი.

უძრავი ქონების სექტორში კლების მიზეზად საცხოვრებელი ქონების გაქირავების და მართვის სფეროში მომსახურების მოცულობის შემცირება და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მომსახურების მოცულობის შემცირება ფიქსირდება“, – თქვა თოდრაძემ.

მსგავსი სიახლეები

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

აქსელის, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა. ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო კონფერენცია ევროპაში, რომელიც…
წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება, 2025 წელს 4.8%-მდე დაჩქარდება – IMF

წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება,…

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა. ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური ზრდა…
ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა

ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა

ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ, “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით” საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა. გადაზიდვას სინცზიანიდან ნეაპოლამდე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ და…