საქართველოს ინოვაციური პოლიტიკა და სისტემა

საქართველოს ინოვაციური პოლიტიკა და სისტემა

რამაზ აბესაძე, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტუს დირექტორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

შესავალი

საზოგადოების კეთილდღეობა განუყრელადაა დაკავშირებული ინოვაციებთან.
მან განაპირობა არნახული პროგრესი ადამიანთა საქმიანობის ყველა სფეროსა და
ყოფაცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური განვითარების პროცესი, ეს
არის ინოვაციათა განხორციელების პროცესი ეკონომიკური სისტემის ყველა
ელემენტში. ინოვაციური ეკონომიკა ეფუძნება ცოდნას, ინოვაციების ნაკადს,
ტექნოლოგიების, ინფორმაციის, ინსტიტუციების, ადამიანისეული კაპიტალის,
წარმოების ორგანიზაციის, პროდუქციისა და ა.შ. გამუდმებულ სრულყოფას,
მეცნიერთა და ნოვატორთა ინტელექტუალურ შრომას.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ადგილი ჰქონდა
ეკონომიკურ დაქვეითებას, რამაც გამოიწვია არსებული ინოვაციური სისტემის
დეგრადაცია (სამეცნიერო პოტენციალის დაქვეითება, მეცნიერების მატერიალურ-
ტექნიკური ბაზის მოშლა, სახელმწიფოს მიერ მეცნიერებისა და გამომგონებლობის
სტიმულირების დაქვეითება და ა. შ.). ამას ემატებოდა ის, რომ დამოუკიდებლობის
აღდგენის შემდეგ საქართველოში ეკონომიკური განვითარების გზაზე დაშვებული
იქნა არაერთი შეცდომა, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი იყო ის, რომ მთავარ
მიმართულებად არ იქნა აღიარებული ეკონომიკის ინოვაციური განვითარების,
ცოდნაზე დაფუძნებული ანუ ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობის გზა.
განსაკუთრებით არასწორი პოლიტიკა ტარდებოდა სამეცნიერო სფეროში, რაც
ინოვაციური პოლიტიკის საფუძველთა საფუძველია.

საქართველოს ინოვაციური პოლიტიკა

საქართველოში ინოვაციური პოლიტიკის სამართლებრივი ბაზის ფორმირება
ძირითადად 2016 წლიდან იწყება, როდესაც მიღებულ იქნა საქართველოს კანონი
„ინოვაციების შესახებ“. კანონის მოქმედება ვრცელდება ინოვაციური საქმიანობების
სუბიექტებზე და ინოვაციური საქმიანობების ხელშემწყობ ინფრასტრუქტურაზე,
ითვალისწინებს ინოვაციური საქმიანობების დაფინანსებისა და ინოვაციების
კომერციალიზაციის პრობლემებს. კანონის მიზანია საქართველოს სოციალურ-
ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი ინოვაციების ეკოსისტემის შექმნა,
რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობას.
ინოვაციური პოლიტიკის საკანონმდებლო ბაზას ასევე შეიძლება
მივაკუთვნოთ საქართველოს შემდეგი კანონები: “მეცნიერების, ტექნოლოგიებისა
და მათი განვითარების შესახებ”. იგი ქმნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების
განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძველს;

“უმაღლესი განათლების შესახებ” (2004), რომელიც აწესრიგებს საქართველოში
უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-
კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს. კანონის მიხედვით სახელმწიფო
უზრუნველყოფს: უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას;
უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში
და ა. შ. ს; “ზოგადი განათლების შესახებ”. ის აწესრიგებს საქართველოში
ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი
განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს; „საქართველოს
საპატენტო კანონი“, რომელიც აწესრიგებს გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის
შექმნას, გამოყენებასა და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებულ
ურთიერთობებს. გამოგონების პატენტის მოქმედების ვადაა 20 წელი საქპატენტში
განაცხადის შეტანის თარიღიდან; “გრანტების შესახებ”, რომელიც განსაზღვრავს
საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს;
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ (1999), რომელიც არეგულირებს
იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ
ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და
ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების დროს (საავტორო უფლებები).

ეროვნული ინოვაციური სისტემა

ინოვაციური სისტემა ძალზედ (ეის) რთული ორგანიზმია იგი
უზრუნველყოფს ახალი ცოდნის ინტენსიურ მოდინებას, მის გარდაქმნას
სამეცნიერო-ტექნიკურ სიახლეებად და მათ კომერციალიზაციას ანუ ყველა პროცესს
მეცნიერული აღმოჩენებიდან ინოვაციებამდე. ეს პროცესი (მათ შორის, ინოვაციების
იმპორტი) კი ხორციელდება ინოვაციური ინფრასტრუქტურის მეშვეობით.
ინოვაციური სისტემები ერთმანეთისაგან განსხვავდება ქვეყნებისა და მათ წინაშე
მდგომი ამოცანების მიხედვით.
ეროვნული ინოვაციური სისტემა მოიცავს: შესაბამის სახელმწიფო
ორგანოებს, სამეცნიერო სისტემას, განათლების სისტემასა და ინოვაციურ
ინფრასტრუქტურას.

სრულყოფილი ინოვაციური სისტემის ფორმირება შეუძლებელია განვითარებული
საგანმანათლოებლო და სამეცნიერო სისტემების არსებობის გარეშე.
საგანმანათლებლო სისტემამ უნდა უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური
სამეწარმეო და სამეცნიერო კადრების აღზრდა, სამეცნიერო სისტემამ კი
ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის ახალი ცოდნის (აღმოჩენების)
გენერირება. ამასთან, განათლება და მეცნიერება არ შეიძლება განვიხილოთ
როგორც ერთი დარგი. მართალია სამეცნიერო კადრებს განათლების სისტემა
იძლევა, მაგრამ ახალ ცოდნას იძლევა არა განათლება, არამედ მეცნერება, რაც
საზოგასოების, ისე თვით განათლების პროგრესს განაპირობებს. ამდენად,

პრიორიტეტი მეცნიერებას უნდა მიენიჭოს.
ინოვაციური საქმიანობის ხელშესაწყობად სახელმწიფო ორგანოს ან სხვა პირის
მიერ შეიძლება შეიქმნას ინოვაციური ინფრასტრუქტურის შემდეგი სუბიექტები:
სამეცნიერო ან ტექნოლოგიური პარკები; ბიზნესინკუბატორები;
ბიზნესამაჩქარებლები; ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრები; ინოვაციების
ლაბორატორიები (FabLab), კლასტერები, ინოვაციების ცენტრები.
გარდა ამისა, ინოვაციური ინფრასტრუქტურა ასევე შეიძლება მოიცავდეს სხვა
სუბიექტთა ფართო სპექტრს: მცირე ინოვაციურ, ინჟინირინგულ, კონსალტინგურ
და ინფორმაციულ სამსახურებს, ტრეინინგცენტრებს, ლიზინგური მომსახურების
კომპანიებს, ინოვაციური მეწარმეობის მხარდამჭერ სახელმწიფო და
არასახელმწიფო ფონდებს. ფინანსური მხარდაჭერის გასაუმჯობესებლად
სასურველია ასევე არსებობდეს ინოვაციების ბანკი, რომელიც ინოვაციური
პროექტების განსახორციელებლად გასცემს გრძელვადიან კრედიტებს დაბალი
საპროცენტო განაკვეთით, დააზღვევს მათ და სხვ.
დღეისათვის საქართველოში ხელისუფლების აღმასრულებელ და
საკანონმდებლო ორგანოებთან ერთად ფუნქციონირებს ინოვაციური სისტემის
შემდეგი ერთეულები: მთავრობის სათათბირო ორგანო, საქართველოს კვლევებისა
და ინოვაციების საბჭო, რომელიც შეიქმნა 2015 წელს მეცნიერების განვითარების,
კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით; საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
[საჯარო… 2014]. სააგენტოს მისიაა საქართველოში ინოვაციებისა და
ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირების, ცოდნისა
და ინოვაციის კომერციალიზაციისათვის ხელშეწყობა და სხვა; კავშირგაბმულობის,
საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტი. მისი ძირითადი
ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და
სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის,
სტრატეგიისა და პროგრამების ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და
განხორციელებაში მონაწილეობის მიღებასაქპატენტი. იგი არის საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი, რომელიც განსაზღვრავს
ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკას.
საქართველოს ინოვაციური სისტემის ინფრასტრუქტურის შემადგენელი
ინსტიტუტებია: უნივერსიტეტები, კოლეჯები, სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტები, ასტროფიზიკური ობსერვატორია, ქუთაისის საერთაშორისო
უნივერსიტეტი, რომლის საგანმანათლებლო პროგრამები მიუნხენის ტექნიკური
უნივერსიტეტის პროგრამებს ეყრდნობა; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემია, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია; თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის,
ოზურგეთის, თელავის, გურჯაანისა და კასპის ტექნოპარკები; ახმეტის, რუხის,
ხარაგაულის, ჭოპორტისა და ბაღდათის ინოვაციების ცენტრები; ფაბლაბები
უმაღლესი სასწავლებლების, ტექნოპარკებისა და პროფესიული სასწავლებლების
ბაზაზე; სილიკონ ველი თბილისი და სხვ.

რაც შეეხება ბიზნესკლასტერებს, მათ საქართველოში დიდი ხნის ისტორია არ
აქვთ. 2017 წელს დაარსდა პირველი კლასტერი – ქართული ავეჯის კლასტერი, იმავე
წელს – საქართველოს კინოკლასტერი, მოგვიანებით კი – საქართველოს აისიტი (ICT)
კლასტერი, რომლის წევრები ლიდერ ტექნოლოგიურ კომპანიებს წარმოადგენენ.
ევროკავშირის პროექტის (EU IPSC) ფარგლებში, გაეროს ინდუსტრიული
განვითარების ორგანიზაციამ (UNIDO) განსაზღვრა საქართველოში 57
განვითარებადი და პოტენციური კლასტერი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო
დამამუშავებელ მრეწველობასა და აგრობიზნესს. გამოკვლეული და კარგად
შემუშავებულია პირველი 10 კლასტერი: ღვინო (კახეთი), ფარმაცევტული
პროდუქტების წარმოება (თბილისი), მეფრინველეობა (ქვემო ქართლი), საზღვაო
თევზჭერა (სამეგრელო – ზემო სვანეთი), ღვინო (რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი),
ღვინო (ქვემო ქართლი), ავეჯი (თბილისი), სამკაულების წარმობა (თბილისი),
ტანსაცმელი (თბილისი), ხილის და ბოსტნეულის გადამუშავება და კონსერვირება
(სამეგრელო, ზემო სვანეთი).
საქართველოში ინოვაციური პოლიტიკისა და ინოვაციური სისტემის
ფორმირების პარალეურად ეკონომიკიური საქმიანობის სხვადასხვა სფეროში
მიმდინარეობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა. უპირველეს ყოვლისა, ეს
ეხება საინფორმაციო და ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიებს: სწრაფად იზრდება
მობილური აბონენტებისა და ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობა; შეიქმნა და
ვითარდება საინფორმაციო და ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბაზარი. გარდა
ამისა, საქართველოს საპარტნიორო ფონდის (რომელიც საქართველოს ინოვაციური
სისტემის ერთ-ერთ სუბიექტად შეიძლება ჩაითვალოს და რომლის მთავარი
დანიშნულებაა ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების
განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით) მონაწილეობით
განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები. მაგალითად ისეთი როგორიცაა:
უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 230 მეგავატის სიმძლავრის გარდაბნის
თბოელექტროსადგური; რეზერვუარის ტიპის ჰიდროელექტროსადგური,
ნენსკრაჰესი სვანეთში; ამიერკავკასიაში პირველი სამოქალაქო თვითმფრინავების
კომპოზიტური ნაწილების ქარხანა, რომელიც კომპოზიტური მასალებისგან
სამოქალაქო თვითმფრინავების მაღალი სტანდარტის შესაბამის ნაწილებს
ამზადებს. საწარმოში დამზადებული პირველი პროდუქცია მსოფლიო ავიაციის
უმსხვილესმა ავიაკომპანიამ, ბოინგმა, შეისყიდა; ერთობლივი პროექტი, რომელიც
საქართველოში მაღალი ენერგოეფექტური სამშენებლო გაზობლოკების წარმოებას
გულისხმობს; ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების კასპის
აგურის ქარხანა; ინოვაციური სამშენებლო მასალების რუსთავის სენდვიჩ
პანელების საწარმო; სამეგრელოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი
ქართული სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი, ზეთის მიმღები და
კომბინირებული საკვების მწარმოებელი ქარხანა; ქართული მთის ღორის
გადარჩენის პროექტი; ყველაზე თანამედროვე სათბური კავკასიაში – კომპანია
„იმერეთი გრინერი"; ლურჯი მოცვის პლანტაციები გურიაში; მაღალტექნოლოგიური
მეღორეობის კომპლექსი “კალანდა“; სოფელ რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო

ცენტრი; პირველი ბრენდირებული ხუთვარსკვლავიანი ტურისტული კომპლექსი
კახეთში მეცხრამეტე საუკუნის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე – სასტუმრო
„Radisson Collection Tsinandali“; ლოპოტას სასტუმრო კომპლექსი კახეთის
რეგიონში და სხვ.
2016 წელს საქართველოში ამოქმედდა ვენჩურული საინვესტიციო პროგრამა –
"სტარტაპ საქართველო“, დამწყები ბიზნესმენბისათვის ინოვაციური იდეების
ფინანსური მხარდაჭერის აღმოსაჩენად. პროექტის კოორდინატორები არიან
"საპარტნიორო ფონდი“ და „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
სააგენტო“. ამ პროგრამის გამარჯვებულთა მიერ დღეისათვის არაერთი ინოვაციური
პროექტი განხორციელდა. 2019-2021 წლებში, პროგრამა „სტარტაპ -საქართველოს"
და USAID-ის პროექტის, „ზრდა საქართველოში", პარტნიორობის ფარგლებში
საქართველოს რეგიონებში ხუთი სტარტაპ პროექტი დაფინანსდა. პროექტების
განხორციელებისათვის გაწეულმა ერთობლივმა ინვესტიციამ 1, 500, 000 ლარზე
მეტი,ხოლო ბენეფიციარების ჯამურმა თანამონაწილეობამ 1 050 000 ლარი
შეადგინა.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება სახელმწიფო
პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ რომლის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის
განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და
საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.
2021 წლის მდგომარეობით აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა ან
გაფართოვდა 494 საწარმო, 152 სასტუმრო და 6 ტურისტული სერვისის
მიმწოდებელი ობიექტი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში
განხორციელდა 1.8 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია და სულ შეიქმნა 24
205 სამუშაო ადგილი.  ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს პროგრამის
ფარგლებში ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტო მექანიზმი, რომლის მიხედვითაც
უკვე დაფინანსებულია 242 პროექტი და რომლებიც შექმნიან 4 418 სამუშაო
ადგილს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს რუსთავში ამავე პროგრამის ფარგლებში თურქი
ინვესტორებისა და აღნიშნული პროგრამის თანადაფინანსებით გაიხსნა
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ტექსტილის საწარმო – „ქართული
ტექსტილი“ სადაც საბოლოოდ 4000-მდე ადამიანი დასაქმდება.
როგორც ჩანს, საქართველოში ინოვაციური პოლიტიკისა და ინოვაციური სისტემის
ფორმირების და ამის პარალელურად ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ინოვაციების
დანერგვის მიმართულებით 2016 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
ახლა აუცილებელია შემდგომი წინსვლა. ამ მხრივ ყურადღება უნდა გამახვილდეს
ინოვაციური პოლიტიკის ოთხ მთავარ მიმართულებაზე და აქედან გამომდინარე
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაზე. ეს
მიმართულებებია:
1. ეკონომიკური განვითარების მთავარი მიზანი უნდა გაზდეს ინოვაციური
ეკონომიკის მშენებლობა;

2. ეკონომიკის ინოვაციური განვითარების პროცესმა უნდა შეიძინოს უწყვეტი და
კოპმლექსური ხასითი;
3. ორიენტაცია აღებული უნდა იქნეს ქვეყანაში საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული
ინოვაციური სისტემის ფორმირებაზე, რისთვისაც განსაკუთრებით უნდა
გაძლიერდეს სამეცნიერო სისტემა;
4. შეიქმნას ინოვაციური სისტემის ხუთ რგოლიანი მოდელი და შესაბამისად
გაძლიერდეს კავშირი სახელმწიფოს, ბიზნესს, საზოგადოებასა და გარემოს შორის.
წყარო: საქართველოს ინოვაციური პოლიტიკა და სისტემა. თსუ პაატა
გუგუშვილის სახელონის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული.
ტ. XIII, 2020
http://pgie.tsu.ge/contentimage/xxxx/2020Srkr.pdf

მოტანილი მიმართულები დეტალურადაა გამოკვლეული ჩვენს შემდეგ ნაშრომებში :

1. „ღია ინოვაციები“, „ღია მეცნიერება“, ეროვნული ინოვაციური სისტემა და მისი მოდელები.
2022. გაზეთი ეკონომიკა და საზოგადოება
https://eas.tsu.ge/ეკონომიკა/ღია-ინოვაციები-ღია-მე/9842/
1. ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური ზრდა და საქართველოს ეკონომიკის
განვითარების მთავარი მიმართულება. გაზეთი ეკონომიკა და საზოგადოება. ინტერვიუ
https://eas.tsu.ge/ეკონომიკა/ეკონომიკური-განვითარება/8877/
2. Abesadze R. 2022. The main directions the innovation strategy of the Georgia economy.
“Ekonomisti” 2022 № 2
https://ekonomisti.tsu.ge/?cat=arq&leng=eng&adgi=684&title=THE%20MAIN%20DIRECTIONS%20OF%20T
HE%20INNOVATION%20DEVELOPMENT%20STRATEGY%20OF%20THE%20GEORGIAN%20ECONOMY
3. Abesadze R. 2022. "Open innovation", "open science", national innovation system and its
models. Collection of materials of the international scientific conference: "Innovative
development of the economy: world experience and perspectives". 2022
Tbihttps://conferenceconomics.tsu.ge/?mcat=1&cat=pers&leng=eng
4. Abesadze R. 2021. Economic Development and Economic Growth in Georgia at Modern Stage.
"Bulletene" of the National Academy of Sciences of Georgia, 2021, № 4
http://science.org.ge/bnas/vol-15-4.html
5. Абесадзе Р. 2016. Инновации, инновационные сети и общие направления
формирования инновационной экономики в Грузии. XVII Международная научная
конференция; „Предпринимательство, социальная организация в структурах сети.
Опыт и перспективы развития в Центральной и Восточной Европе” (23-25 мая 2016
года, Польша)

მსგავსი სიახლეები

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

აქსელის, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა. ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო კონფერენცია ევროპაში, რომელიც…
წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება, 2025 წელს 4.8%-მდე დაჩქარდება – IMF

წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება,…

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა. ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური ზრდა…
ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა

ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა

ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ, “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით” საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა. გადაზიდვას სინცზიანიდან ნეაპოლამდე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ და…