სებ-მა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 1%-ზე დატოვა

სებ-მა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 1%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, ნეიტრალურ დონეზე (1%-ზე), დატოვა – ამის შესახებ სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში არის ნათქვამი.

სებ-ის შეფასებით, ქვეყანაში დაკრედიტების დონე მდგრად დონეზეა, რის გამოც ბუფერის გამკაცრების საჭიროება დღის წესრიგში ამჟამად არ დგას. მისი გაზრდის პირობებში, კომერციულ ბანკებს ფინანსური რესურსების მოზიდვა გაუძვირდებოდათ. ამასთან, სებ-მა არარეზიდენტების დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

“მიმდინარე პერიოდში საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა, ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ, ხოლო აქტივების ხარისხი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. 2023 წლის აპრილში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 13.2% შეადგინა. ბოლო ორი წლის განმავლობაში სესხების მშპ-თან ფარდობა შემცირდა, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს. შედეგად 2023 წლის პირველ კვარტალში სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს კვლავაც ჩამორჩება, თუმცა საქართველოში სესხების მშპ-თან ფარდობის არსებული დონე, მსგავსი ქვეყნების მაჩვენებელთან შესადარის დონეზეა. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ წელს პორტფელის ზრდა ნომინალური ეკონომიკური ზრდის თანაზომიერი იქნება. შესაბამისად, მიმდინარე პერიოდში კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება.

კომიტეტმა არარეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ეროვნული ბანკი არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ განთავსებული დეპოზიტებისთვის, რეზიდენტებთან შედარებით, ლიკვიდობის უფრო მაღალ მოთხოვნებს ინარჩუნებს, რაც მსგავსი დეპოზიტების ისტორიულად ნაკლებად სტაბილური ხასიათით არის განპირობებული. რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში რუსეთის რეზიდენტების მიერ უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები, რაც ერთიანი კონცენტრაციის რისკს ქმნის და ლიკვიდობის პოზიციაზე უარყოფითად მოქმედებს. ამასთან, თუ წინა წელს აღნიშნული თანხები ბანკების მიერ ძირითადად ლიკვიდურ აქტივებში ინახებოდა, 2023 წლის დასაწყისიდან შეიმჩნევა ამ თანხების გამოყენება ძირითადად სხვა, შედარებით ძვირი რესურსის გასტუმრებისთვის (ცხრილი 1). ვინაიდან კაპიტალის ამ შემოდინებას შესაძლოა დროებითი ხასიათი ჰქონდეს, მიზანშეწონილია მათი ლიკვიდურ სახსრებში შენარჩუნება. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნის (გადინების განაკვეთის) 80%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული განაკვეთი 30-40%-ის ფარგლებში იყო. ცვლილებები ძალაში 1-ელი სექტემბრიდან შევა,”- ნათქვამია დოკუმენტში.

მსგავსი სიახლეები

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესის მასპინძლობისთვის განაცხადი შეიტანა

აქსელის, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელის ინიციატივით, საქართველომ ევროპის ბიზნეს ანგელოზთა ქსელის (EBAN) კონგრესის მასპინძლობისათვის განაცხადი შეიტანა. ევროპის ბიზნეს ანგელოზთა კონგრესი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო კონფერენცია ევროპაში, რომელიც…
წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება, 2025 წელს 4.8%-მდე დაჩქარდება – IMF

წელს კავკასიასა და ცენტრ. აზიაში ეკონომიკური ზრდა 3.9%-მდე შენელდება,…

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა. ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური ზრდა…
ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა

ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა

ჩინეთი-შუა დერეფანი-იტალია – ერთწლიანი პაუზის შემდეგ, “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით” საკონტეინერო გადაზიდვები განახლდა. გადაზიდვას სინცზიანიდან ნეაპოლამდე „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ და…