თსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალობის 6 დოქტორანტი აშშ-ში 8 თვიან გადამზადების კურსს გაივლის

თსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალობის 6 დოქტორანტი აშშ-ში 8 თვიან გადამზადების კურსს გაივლის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „სტრატეგიული პარტნიორობა
ტრენინგში აივ/შიდსის დასამარცხებლად საქართველოში“ მონიტორინგისა და
სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. პროექტს აშშ
ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრი
აფინანსებს და არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ჯანმრთელობის
კვლევისა და განვითარებისთვის“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან
თანამშრომლობით ახორციელებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას თსუ-ის რექტორი
გიორგი შარვაშიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი დიმიტრი კორძაია და
პროექტის ხელმძღვანელები — „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და
განვითარებისთვის“ დირექტორი მამუკა ჯიბუტი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის
პროფესორი, ნიუ-იორკის შტატის საერთაშორისო ტრენინგისა და კვლევის
პროგრამის დირექტორი ჯეკ დეჰოვიცი ესწრებოდნენ. ამ დროისთვის მიმდინარეობს
6 დოქტორანტის შერჩევა, რომლებიც მომდევნო 8 თვის განმავლობაში აშშ-ში
გადამზადების კურსებს გაივლიან. დოქტორანტების შერჩევის, ერთობლივი
კვლევებისა და ახალი კვლევების დაგეგმვის პროცესში უშუალოდ მონაწილეობს
ჯეკ დეჰოვიცი.
„განვიხილეთ პროექტის წარმატებული შედეგები, ჩვენ გვყავს 4 სტუდენტი,
რომლებიც აშშ-ში გადიან გადამზადებას, მათ კარგი აკადემიური მოსწრება აქვთ.
ახლა გადიან ინტერნატურას ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის
შიდსის ინსტიტუტში და მუშაობენ პროექტზე, რომელიც საქართველოში შიდსის
მართვის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია“, — განაცხადა ჯეკ დეჰოვიცმა.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმედი გვაქვს, რომ ის სხვადასხვა
მიმართულებებით გაგრძელდება და ხელს შეუწყობს საქართველოში
მაღალკვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებას, რომლებმაც თეორიული და
პრაქტიკული ცოდნა ამერიკაში, ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში მიიღეს“, —
აღნიშნა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
პროექტის მთავარი მიზანია აივ/შიდსის გამოვლენასა და მეურვეობაში არსებული
ხარვეზების აღმოფხვრა, რაც საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და იმპლემენტაციის
მეცნიერებაში ქართველი მეცნიერების ახალი თაობის ტრენინგის გზით
ხორციელდება (მთავარი აქცენტი აივ ინფექცია/შიდსი, ჰეპატიტი C, ტუბერკულოზი,
სხვა თანმხლები ინფექციები და მდგომარეობები) კეთდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2021-2011 სასწავლო წელს 4 კანდიდატი უკვე
მიიღეს. მათ წარმატებით დაასრულეს სწავლების პირველი სემესტრი თსუ-ში და 4
თვიან სემესტრს ოლბანის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
სკოლაში, მიმდინარე ეტაპზე ინტერნატურას ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის
დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტში გადიან.
პროექტი ხუთწლიანია და სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს:
1. გრძელვადიანი ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ბაზაზე 10 დოქტორანტი მომზადდება. 10-ვე სტუდენტი 8 თვის
განმავლობაში აშშ-ში გადამზადდება, აქედან პირველი 4 თვე ოლბანის
უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში, ხოლო მომდევნო 4
თვე ინტერნატურას გაივლიან ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის
შიდსის ინსტიტუტში.
2. მოკლევადიანი ტრენინგი, რომლის ფარგლებში 30 პოსტდოქტორანტი/მოქმედი
მკვლევარი მომზადდება იმპლემენტაციური კვლევების საკითხებში.
3. თსუ სადოქტორო პროგრამისა და კვლევითი პარტნიორების ინსტიტუციური
შესაძლებლობების განვითარება.
„ეს არის ე.წ. მეცნიერული მტკიცებულებების შემოტანა საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის პრაქტიკაში. შესაბამისად იმედი გვაქვს, რომ ჩვენი დოქტორანტები,
რომლებიც ახალი მიმართულებით ცოდნას გაიღრმავებენ საზოგადოებრივ
ჯანმრთელობაში, იქნება დიდი შენაძენი არა მარტო ქართული მეცნიერებისთვის,
არამედ სასწავლო პროგრამაშიც ახალი მეთოდების დანერგვის თვალსაზრისითაც“,
— განაცხადა თსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის პროფესორმა
პაატა იმნაძემ.
პროექტის პარტნიორები არიან:
 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი
 ტუბერკულოზისა და ფილტვების დაავადებათა ეროვნული ცენტრი
 ჯანმრთელობის კვლევითი კავშირი
 საერთაშორისო ფონდი კურაციო
 სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტი
 აშშ ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის დაუნთაუნის სამედიცინო ცენტრი
 ოლბანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა
 ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის შიდსის ინსტიტუტი

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…