2022-2023 სასწავლო წლიდან სკოლებში „საქართველოს ისტორია" დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება

2022-2023 სასწავლო წლიდან სკოლებში „საქართველოს ისტორია" დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის
ინიციატივით, 2022-2023 სასწავლო წლიდან სკოლებში „საქართველოს ისტორია"
დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით,
სამინისტრომ „საქართველოს ისტორიის“ სწავლების გაძლიერების კუთხით 2021
წლიდან აქტიური მუშაობა დაიწყო. მთავარი მიზანი იყო, რომ ახალგაზრდებს საშუალო
საფეხურზე ჩვენი ქვეყნის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად
შეესწავლათ. შესაბამისად, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო
საფეხურის (X-XII კლასების) ისტორიის სტანდარტი გადაიხედა, რისთვისაც
სპეციალურად დაკომპლექტებული ისტორიკოსთა ჯგუფი შეიქმნა. აღნიშნული ჯგუფი
აერთიანებდა ქართველ ისტორიკოსებს აკადემიური წრეებიდან – პროფესორებს
სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ასევე, ისტორიის პედაგოგთა ასოციაციის წევრებსა და
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივ
ექსპერტებს, რომლებმაც 2022 წლის იანვარში დაასრულეს მუშაობა ისტორიის
სტანდარტების რევიზიის მიმართულებით. სამუშაო პროცესში ჯგუფის წევრებმა
სხვადასხვა ინიციატივა განიხილეს და არაერთ სადისკუსიო საკითხზე იმსჯელეს.
ქართველ ისტორიკოსთა ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა ისტორიის
განახლებული სტანდარტი, რომლის თანახმად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში
„საქართველოს ისტორია“ და „ისტორია“ ცალ-ცალკე საგნად გაიწერა. საგნის
„საქართველოს ისტორია“ სწავლებისას აქცენტი გაკეთდება ქართული
ისტორიოგრაფიისთვის აქტუალური პრობლემების კვლევაზე და მათ სიღრმისეულ
გააზრებაზე. „ისტორიის“ საგნის სწავლება კი მთავარ მიზნად ისახავს მსოფლიო
ისტორიული მოვლენების/პროცესების შესწავლასა და მათთან საქართველოს ისტორიის
საკითხების დაკავშირებას.
სხვა საგნების მსგავსად, ისტორიის სტანდარტიც სრულად ეფუძნება მესამე თაობის
ეროვნული სასწავლო გეგმის ერთიან კონცეფციას. აქცენტი კეთდება ისეთ
მიდგომებზე, როგორებიცაა: კონსტრუქტივიზმის პრინციპები, ცნებების პედაგოგიკა და
დიფერენცირებული სწავლება. გრიფირების პროცესი უკვე დაწყებულია და
გრიფირებისთვის წარმოდგენილია 5 სხვადასხვა გამომცემლობის სახელმძღვანელო –
საგანში ,,საქართველოს ისტორია". შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული
რეცენზენტების ჯგუფის მიერ მიმდინარეობს სახელმძღვანელოების შეფასების
პროცესი, რომელიც ივლისის ბოლომდე დასრულდება. შემფასებელთა ჯგუფში შედიან:
პრაქტიკული გამოცდილების მქონე მასწავლებლები, დარგის მეცნიერები, ეროვნული
სასწავლო გეგმის ექსპერტი, ფსიქოლოგები, ფილოლოგები და ასევე სპეციალისტი,
რომელიც სახელმძღვანელოს აფასებს სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან
შესაბამისობის კუთხით. 2022-23 სასწავლო წლიდან X კლასის მოსწავლეებს
„საქართველოს ისტორიის“ ახალი სახელმძღვანელო ექნებათ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მსგავსი სიახლეები

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული…

11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ალან ბერსე

უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება –…

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…