ავტომობილების ექსპორტი 178%-ით გაიზარდა – შემცირდა თუ არა რუსეთში რეექსპორტი?

ავტომობილების ექსპორტი 178%-ით გაიზარდა – შემცირდა თუ არა რუსეთში რეექსპორტი?

მსუბუქი ავტომობილები საქართველოს სავაჭრო სასაქონლო ჯგუფებში პირველ პოზიციას არ თმობს. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის წინასწარი შედეგების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა 1 მილიარდ 368 მილიონი დოლარით დაიკავა, რაც მთელი ექსპორტის 33.5%-ს შეადგენს.

8 თვის მონაცემებით, ავტომობილების ექსპორტი 178.1%-ით გაიზარდა. აღსანიშნია, რომ ავტომობილების რეალიზების მაჩვენებელი სრულად რეექსპორტზე მოდის. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის გავლით 69 494 ერთეული მანქანის რეექსპორტი განხორციელდა.

ღირებულების მიხედვით ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი ამ პერიოდში ყირგიზეთი იყო, რომელზეც ექსპორტის 26% მოდის. ამ პერიოდში ყირგიზეთში 356 მილიონ 190 ათასი დოლარის 8 983 ერთეული მანქანა გავიდა. გადაზიდული მანქანების რაოდენობის მიხედვით კი ლიდერი ყაზახეთია. აღნიშნულ პერიოდში ამ მიმართულებით 21 737 ავტომობილი გავიდა, რომლის ღირებულება 347 მილიონ 118 ათასი დოლარი იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ ყირგიზეთში უფრო ძვირად ღირებული მანქანები გადის, ვიდრე სხვა მიმართულებით. ყირგიზეთში გატანილი ერთეული მანქანის ფასი საშუალოდ 39 651 დოლარი იყო, ხოლო მაგალითისთვის ყაზახეთში – 15 968 დოლარი.

TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი:

  • ყირგიზეთი – 356.1 მლნ დოლარი, 8 983 ცალი;
  • ყაზახეთი – 347.1 მლნ დოლარი, 21 737 ცალი;
  • აზერბაიჯანი – 296.9 მლნ დოლარი, 17 095 ცალი;
  • სომხეთი – 224.7 მლნ დოლარი, 12 432 ცალი;
  • რუსეთი – 66.6 მლნ დოლარი, 4 925 ცალი;
  • ტაჯიკეთი – 20.3 მლნ დოლარი, 1 865 ცალი;
  • ბელგია – 17.5 მლნ დოლარი, 356 ცალი;
  • უკრაინა – 10.7 მლნ დოლარი, 898 ცალი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები – 7.8 მლნ დოლარი, 134 ცალი;
  • თურქეთი – 5.3 მლნ დოლარი, 288 ცალი.

საქართველოს გავლით ავტოექსპორტთან დაკავშირებით ის გარემოება უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან აშშ-დან საქართველოში შემოყვანილი ან ამერიკული საავტომობილო კომპანიების ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთსა და ბელარუსში აიკრძალა. 26 სექტემბრიდან კი აკრძალვა რუსეთის ფედერაციაში ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილ 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებს და ყველა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტსაც შეეხება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ავტომობილების ექსპორტი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია, ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, რომ აკრძალვა რუსეთის მიმართულებით ავტომობილების ექსპორტის მაჩვენებელზე უკვე აისახა და აგვისტოში, წინა თვეებთან შედარებით, რუსეთის მიმართულებით ავტომობილების ექსპორტი შემცირებულია. სტატისტიკიდან ჩანს, რომ 8 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ავტომობილი რუსეთში ივლისში გავიდა.

მიმდინარე წელს რუსეთში ავტომობილების რეალიზების მაჩვენებელი თვეების მიხედვით კი ასეთი იყო: 

იანვარი – 7 მლნ დოლარი, 507 ცალი;

თებერვალი – 6.4 მლნ დოლარი, 471 ცალი;

მარტი – 8.1 მლნ დოლარი, 566 ცალი;

აპრილი – 8.9 მლნ დოლარი, 606 ცალი;

მაისი – 10.8 მლნ დოლარი, 793 ცალი;

ივნისი – 11.1 მლნ დოლარი, 843 ცალი;

ივლისი – 13.3 მლნ დოლარი, 1 054 ცალი;

აგვისტო – 781 ათასი დოლარი, 85 ცალი.

მსგავსი სიახლეები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

9 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5943 ლარი გახდა.…
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის…

საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერში დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს…
“ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის” – ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსთან ურთიერთობებზე

“ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის”…

სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, –…