ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 19 ივნისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

სებ-ის მიმდინარე პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო იქნება.

“საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. 2024 წლის მაისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.7 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის ზომიერი ზრდა მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის ზრდამ განაპირობა, ხოლო ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება კვლავ მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოსაა. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ინფლაცია 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო იქნება”, – აღნიშნავენ სებ-ში.

კომიტეტის გადაწყვეტილებაში საუბარია ინფლაციური რისკების ზრდაზეც, რასაც მარეგულირებელი შიდა და გარე გამოწვევების ფონზე მომატებულ გაურკვევლობას უკავშირებს.

“ბოლო პერიოდში, შიდა და გარე გამოწვევების ფონზე გაურკვევლობამ მოიმატა, რაც ინფლაციურ რისკებს ზრდის. ამ ფონზე, გაცვლითი კურსის მაღალი მერყეობა იმპორტირებული ინფლაციიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს საყურადღებოს ხდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ნავთობზე საერთაშორისო ფასები შემცირდა, თუმცა სურსათის ფასების საერთაშორისო ინდექსი ბოლო ორი თვეა იზრდება. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. შიდა ეკონომიკური აქტივობაც მოსალოდნელზე ძლიერია, რასაც გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე გამოწვევების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა”, – აღნიშნავენ სებ-ში.

მარეგულირებლის თანახმად, თუკი დამატებითი რისკები არ რეალიზდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას დაუბრუნდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო.

“საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს”, – აცხადებენ სებ-ში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 31 ივლისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ტვირთების უმეტესობა ჩინეთიდან ელექტრონულ ვაჭრობას უკავშირდება – CAMEX Airlines გაზრდილ საჰაერო გადაზიდვებზე

ტვირთების უმეტესობა ჩინეთიდან ელექტრონულ ვაჭრობას უკავშირდება – CAMEX Airlines…

საქართველოდან საჰაერო გზით გადატვირთული ტვირთების მოცულობა მზარდია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 10…
აშშ 2025 წელს ტურიზმიდან $12 მილიარდის შემოსავალს დაკარგავს – Bloomberg

აშშ 2025 წელს ტურიზმიდან $12 მილიარდის შემოსავალს დაკარგავს –…

ამერიკის შეერთებული შტატები მიმდინარე წელს ტურიზმიდან $12.5 მილიარდის შემოსავალს დაკარგავს, ვიზიტორთ დანახარჯები კი წლის ბოლომდე $169 მილიარდამდე შემცირდება. შესაბამისად, ვიზიტორთა დანახარჯები…
მინერალური რესურსების სააგენტო გარემოს დაცვის სამინისტროს დაექვემდებარება – პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო

მინერალური რესურსების სააგენტო გარემოს დაცვის სამინისტროს დაექვემდებარება – პარლამენტმა…

ერთპარტიულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს ნაცვლად გარემოს დაცვისა და სოფლის…