რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირდა

რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირდა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შემცირდა. ეს 2021 წლის თებერვლის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სებ-ის განმარტებით, ქვეყანაში არსებული დაბალი ინფლაციური მოლოდინების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია რეფინანსირების განაკვეთის შემცირება.

“საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. თებერვალში ფასების საერთო დონე წლიურად 0.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.4 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დაბალი ინფლაცია, როგორც შიდა, ასევე საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. დაბალი ინფლაციის ძირითად განმაპირობებელ ფაქტორს, ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების კლებადი ინფლაცია (2.4 პროცენტი) წარმოადგენს. მეორე მხრივ კი, ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავდროულად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსიც მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს. დაბალინფლაციური გარემო ინფლაციურ მოლოდინებზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს, რაც ასევე საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციურ რისკებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წლის დასაწყისში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი დარჩება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მის ირგვლივ დასტაბილურდება.

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციური რისკები კვლავ არსებობს, მათი სიმწვავე შერბილებულია. ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ რისკად წითელ ზღვაში არსებული დაძაბულობის გამო საერთაშორისო ტრანსპორტირების გაძვირებაა. დაძაბულობა ამ რეგიონში კვლავ ნარჩუნდება, თუმცა დეკემბერსა და იანვარში მკვეთრი ზრდის შემდეგ, თებერვლის განმავლობაში ტრანსპორტირების ფასებმა მცირედით მოიკლო. ამასთანავე, როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად პოტენციურ ტრენდს უბრუნდება. იანვარში, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5.8% შეადგინა, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებაზე მიუთითებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური ზრდა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება.

აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობაში განხილვისა და ამ ეტაპზე არსებული ტენდენციების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას აგრძელებს და მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.75 პპ-ით, 8.25 პროცენტამდე ამცირებს. თუ ინფლაციის მოლოდინებსა და საგარეო რისკებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, სხვა თანაბარ პირობებში, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს,”- ნათქვამია სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

„მპ დეველოპმენტმა“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის ხელშეწყობით, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

„მპ დეველოპმენტმა“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა…

კომპანია „მპ დეველოპმენტმა“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ…
საქართველომ $37 მლნ-მდე ღირებულების სარეცხი და საწმენდი საშუალებები იყიდა – იმპორტიორი ქვეყნები

საქართველომ $37 მლნ-მდე ღირებულების სარეცხი და საწმენდი საშუალებები იყიდა…

წლის პირველ ნახევარში საქართველომ 36 მილიონ 912 ათასი დოლარის ღირებულების 31 749 ტონა სარეცხი და საწმენდი საშუალებები იყიდა. ამ პერიოდისთვის იმპორტი…
„შარშანდელთან შედარებით, ხორბლის მოსავლიანობა, ხარისხი და ფასი გაზრდილია“ – მინისტრის მოადგილე

„შარშანდელთან შედარებით, ხორბლის მოსავლიანობა, ხარისხი და ფასი გაზრდილია“ –…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თენგიზ ნასარიძის განცხადებით, შარშანდელთან შედარებით წელს ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა გაზრდილია, გაუმჯობესებულია ხარისხიც და შესაბამისად,…