სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი, მათ შორის ავტომობილები, იმპორტისას აქციზს აღარ გადაიხდიან – ეს არის “საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც მმართველის პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტში დააინიციირეს.
კანონპროექტის ავტორები “ქართული ოცნების დეპუტატები – შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი და მარიამ ლაშხი არიან.
“მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი არ თავისუფლდება აქციზის გადასახადისგან. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც აქციზის გადასახადით დასაბეგრი საქონელი გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში, სახელმწიფოს უჩნდება ვალდებულება მოახდინოს მისთვის გადაცემული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა და შესაბამისად, აქციზის გადასახადით დაბეგვრა, რაც დამატებით ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს და ართულებს ასეთი საქონლის სახელმწიფოს მხრიდან შემდგომ განკარგვას. ამასთან, ასევე გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი მოქმედი კანონმდებლობით თავისუფლდება დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადებისგან. არსებული პრობლემების ეფექტიანი გადაწყვეტა შეუძლებელია მოქმედი რეგულაციების ფარგლებში, რის გამოც აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის გზით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი გათავისუფლდება აქციზის გადასახადისგან”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
რა ითვლება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევად – სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის თანახმად:
“სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება – საქართველოს სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობის ან ჩუქების გზით გადასული, პრივატიზებისადმი დაქვემდებარებული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო ან უმკვიდრო ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი,” – ნათქვამია კანონში.
შესაბამისად, ეს მოიცავს საქონელს, რომელიც სააღსრულებო თუ სხვა წესით აღმოჩნდა სახელმწიფო საკუთრებაში. ასეთ ქონებაზე თუკი აქამდე მის აქციზით დაბეგვრას ითვალისწინებდა კანონი, ახლა გამონაკლისი იმოქმედებს.