ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებიას სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა დროს იგი ასევე ხელმძღვანელობდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს, მთის კურორტების განვითარების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს. ამავდროულად, არის კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებს მაია ომიაძე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა.

„მაია ომიაძეს საჯარო სექტორში, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, მისი განათლება, უნარები და მრავალწლიანი გამოცდილება ახალ ბიძგს მისცემს ადმინისტრაციის მუშაობას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგის – ტურიზმის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ადმინისტრაცია შეძლებს არა მხოლოდ წინსვლას და განვითარებას, არამედ დარგში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მაია ომიაძის თქმით კი, მისთვის დიდი პატივია, უხელმძღვანელოს ისეთ სტრატეგიულ უწყებას, როგორიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა.

„საკმაოდ ამბიციური მიზნები და გეგმები გვაქვს, რომელსაც ეტაპობრივად გავაცნობ როგორც სექტორს, ასევე საზოგადოებას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის მეტი შემოსავლის მიღება ტურიზმიდან, კიდევ უფრო მეტი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა. ამავდროულად, მოგეხსენებათ, საქართველო მომავალ წელს მსოფლიო მასშტაბის ორი უდიდესი ღონისძიების მასპინძელია – ეს არის ITB Berlin და ბაკურიანში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, საქართველო მომავალ წლებშიც არაერთი მსხვილი და მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძელი გახდეს“, – აღნიშნა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ღია კონკურსის წესით შეირჩა. აღნიშნულ პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე 31 განაცხადი იყო შესული. ვაკანსიის განცხადების მიხედვით, ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის გამოსაცდელი ვადა 6 თვით განისაზღვრება, მისი ხელფასი კი 6 380 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის: საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მეორე წელია ხელმძღვანელი არ ჰყავდა. აღნიშნული თანამდებობა 2020 წლის დეკემბრიდან ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თავად ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დეპუტატი გახდა, მაგრამ რამდენიმე თვეში პარლამენტარის მანდატზე უარი თქვა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა. ამ დრომდე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას მედეა ჯანიაშვილი ასრულებდა.

2023 წელს ტურიზმის ადმინისტრაციის ბიუჯეტი ₾36 მილიონი იქნება

მსგავსი სიახლეები

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე 22 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის –…
რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურა – TBC Capital-ის პუბლიკაცია

რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო…

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს-ეკონომიკის სერიიდან პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სტრუქტურის გაანგარიშებას ეხება. სხვადასხვა ქვეყნის…
საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა – აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სულ $22 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა,…