2026 წელს წლიური ინფლაცია 5.6%-ს მიაღწევს – TBC Capital
- ეკონომიკასაზოგადოება
- აპრილი 22, 2026
- 38
თიბისი კაპიტალი წელს უფრო მაღალ ინფლაციას ელის. მაკროეკონომიკური განახლების თანახმად, ელექტროენერგიის ტარიფისა და იმპორტული ფასების ზრდის გათვალისწინებით, დარჩენილ თვეებში გარკვეულწილად ნორმალიზების დაშვებასთან ერთად, წლიური ინფლაცია დეკემბერში 5.6%-ს მიაღწევს, რაც იანვრის პროგნოზზე 2 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი წლის განმავლობაში უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნდება.
ამასთან, განახლებული პროგნოზით, წლის განმავლობაში ლარი, დაახლოებით, არსებულ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება, რადგან მზარდი ინფლაციური ზეწოლა გაცვლით კურსზე გამყარების მიმართულებით მოქმედებს.
“ლარის გაცვლითი კურსი, რომელიც მარტის დასაწყისში დეპოზიტების კონვერტაციების ფონზე გაუფასურდა, აპრილში უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც მყარდება, რაც მოლოდინებთან თანხვედრაშია და მიუთითებს, რომ სავალუტო შემოდინებების სხვა წყაროები, გარდა ტურიზმისა, მაღალ ნიშნულზე რჩება. ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ინფლაციური ზეწოლა წლის განმავლობაში გაძლიერდება, მათ შორის კონფლიქტის შედარებით სწრაფად დასრულების სცენარშიც, ჩვენი შეფასებით, ეს ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. საპირისპიროდ, გასათვალისწინებელია წლიურ ჭრილში საგარეო ბალანსის მცირედი, თუმცა მაინც მოსალოდნელი გაუარესება. ამდენად, განახლებული პროგნოზით, წლის განმავლობაში ლარი, დაახლოებით, არსებულ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება.
და ბოლოს, წლიური ინფლაცია თებერვლის 4.6%-დან მარტში 4.3%-მდე შენელდა, თუმცა აღნიშნული მნიშვნელოვნად არის განპირობებული პურის ფასებთან დაკავშირებული საბაზო ეფექტებით, რაც აპრილშიც გაგრძელდება. ჯამურად, პურის ფასის შარშანდელი ზრდის ეფექტი ინფლაციაზე ჯერ კიდევ 0.6 პროცენტული პუნქტი რჩება, რაც წლის განმავლობაში ამოიწურება. საყურადღებოა, რომ სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია, რომელიც ამ საბაზო ეფექტებს გამორიცხავს, 8.6%-მდე აჩქარდა. იმავე მაჩვენებელმა იმპორტული ინფლაციისთვის 10.4%-ს მიაღწია, საწვავის ფასების ზრდის ფონზე, რაც 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აპრილში საწვავის ფასების დამატებითი ზრდა, ქვეყნის შიგნით ელექტროენერგიის ტარიფისა და გლობალურად საკვებზე, სასუქებსა და ტრანსპორტირებაზე ხარჯების ზრდასთან ერთად, ინფლაციურ ზეწოლას გააძლიერებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, წლიური ინფლაცია დეკემბერში 5.6%-ს მიაღწევს, რაც იანვრის პროგნოზზე 2 პროცენტული პუნქტით მეტია. საბაზო სცენარით, სასაქონლო პროდუქციაზე ფასები თანდათან შემცირდება, თუმცა კონფლიქტამდე ნიშნულებზე ზემოთ დარჩება. კერძოდ, მაგალითად, ნავთობის ფასი, წლის ბოლოსთვის, დაახლოებით, 80 აშშ დოლარს გაუტოლდება. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთი წლის განმავლობაში უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნდება, იმ დაშვებით, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია არ მოხდება”,- აღნიშნულია პუბლიკაციაში.
- Tags
- TBC Capital
- ინფლაცია