2023 წლის 5 თვეში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 795 მილიონი დოლარის ღირებულების 42 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. თანხობრივად ექსპორტი წინა წელთან შედარებით 316%-ით არის გაზრდილი. რუსეთის ფედერაცია ავტოექსპორტში რიგით მეხუთე ადგილს იკავებს, სადაც წელს 41 მილიონი დოლარის ღირებულების 2,943 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა. რუსეთში ავტოექსპორტი წელს 458%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის განმარტებითი, ისინი ვერ გასცემენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ უშუალოდ რომელმა კომპანიამ რამდენი მილიონის ღირებულების ავტომობილები გაიტანა რუსეთში ექსპორტზე, ამასთან არ გაასაჯაროებენ არც კომპანიების რიგითობას, რომლებმაც ეს ავტომობილები გაიტანეს. თუმცა, საქსტატის განმარტებით, მათ შეუძლიათ გასცენ ტოპ 5 იურიდიული პირის შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც რუსეთში გაიტანეს ავტომობილები, მაგრამ აღნიშნული სია რიგითობის მიხედვით არ არის წარმოდგენილი. აღნიშნული რეიტინგის თანახმად, ტოპ ხუთეულიდან ორი ინდ. მეწარმეა.
საქართველოდან რუსეთში ავტოექსპორტიორების ხუთეული 2023 წლის 5 თვეში:
• შპს ბი თუ ბი;
• შპს მეტაპროქს;
• შპს ქარექსპრესსი;
• ინდივიდუალური მეწარმე – თამაზ თადიაშვილი;
• ინდივიდუალური მეწარმე – ნაზილა ბალიევა.
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა EU-ს მიერ დაწესებულ სანქციების მეთერთმეტე პაკეტზე BMG-ის კითხვას უპასუხა. ახალი სანქციების თანახმად, აკრძალულია რუსეთში 1.9 ლიტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების ექსპორტირება. წინა სანქციით, აკრძალული იყო 50,000 ევროზე ძვირადღირებული ავტომობილების რუსეთში ექსპორტირება.
დევიდ ო’სალივანის განცხადებით, თუკი საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირიდან ყიდულობენ შესაბამისი კატეგორიის ავტომობილებს მათი შემდგომში რუსეთში რეექსპორტის მიზნით, მაშინ ეს სანქციებისთვის გვერდის ავლას წარმოადგენს. თუმცა, ამავდროულად ო’სალივანმა იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი რისკების აღმოფხვრაზე საქართველოს ხელისუფლება მუშაობს.
“თუკი საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირიდან ახდენენ ავტომობილების იმპორტს, რუსეთში მათი შემდგომი რეექსპორტის მიზნით, ეს მართლაც სანქციებისთვის თავის არიდება იქნება. რამდენადაც ვიცით, ეს ამჟამად ასე არ არის, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება უყურებს ამ საკითხს და ჩვენ თვალყურს მივადევნებთ თუ რა იქნება მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში,”- განაცხადა დევიდ ო’სალივანმა.
BMG