UNICEF-ი აქვეყნებს კვლევას საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ. საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით და სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ბავშვთა უფლებების ცენტრებთან პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა მიზნობრივი კვლევა, რომელშიც 18-20 წლის 155 სტუდენტი მონაწილეობდა. კვლევის მიგნებების თანახმად, სტუდენტების მეოთხედს უჭირს აზრის დალაგებულად გადმოცემა, იყენებს მწირ ლექსიკას ან სრულიად ვერ გამოხატავს აზრებს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ერთ მესამედს უჭირს საკითხებთან დაკავშირებით არგუმენტირებული პოზიციების დაფიქსირება, ასევე ახალგაზრდებში ზოგად პრობლემას წარმოადგენს წიგნიერების ნაკლებობა.
კვლევის მიგნებების თანახმად სტუდენტების წიგნიერებაში შემდეგი სახის პრობლემები იკვეთება:
ახალგაზრდები დიდ გამოწვევებს აწყდებიან წიგნიერებაში, განსაკუთრებით აზრების ფორმულირებასა და ნათლად გამოხატვაში.
კვლევის მონაწილეთა მეოთხედს გაუჭირდა აზრების დალაგებულად გადმოცემა და ხშირად იყენებდნენ მარტივ, მწირ ლექსიკას, ან სრულად ვერ გამოხატავდნენ აზრებს, რაც ხშირ შემთხვევაში მათში ფრუსტრაციას და მღელვარებას იწვევდა.
წერილობითი უნარები გამორჩეულად პრობლემური სფერო გამოდგა, განსაკუთრებით ენობრივი უმცირესობებისთვის, რომელთა სახელმწიფო ენის ცოდნის დონე არასაკმარისი იყო აკადემიური დავალებებისთვის თავის გასართმევად.
მონაწილეთა მესამედს გაუჭირდა დამაჯერებელი, დასაბუთებული არგუმენტების მოყვანა, რაც კრიტიკულ აზროვნებასა და დებატებში გამოცდილების ნაკლებობაზე მიანიშნებდა.
მონაწილეთა უმეტესობა ახერხებდა საუბრის შინაარის მიდევნებას და დისკუსიაში მონაწილეობას, თუმცა მნიშვნელოვან ნაწილს უჭირდა სხარტად საუბარი, საუბრის დროს გრამატიკულ შეცდომებს უშვებდა და ჟარგონს იყენებდა.
კვლევა ჩატარდა 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ახალციხესა და ახალქალაქში და მასში გამოყენებული იყო შერეული მეთოდების მიდგომა, მეტწილად ხარისხობრივი მეთოდები, რასაც დაემატა რაოდენობრივი მონაცემები საჭიროების შესაბამისად. ჯამში, კვლევაში მონაწილეობდა 18-20 წლის 155 სტუდენტი. კვლევაში მონაწილეობისთვის შერჩეული იქნა სხვადასხვა გამოცდილების მქონე სტუდენტი როგორც სოფლებიდან, ასევე ქალაქებიდან, განსხვავებული აკადემიური მოსწრების და ეთნიკური ჯგუფებიდან.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…