საბაჟოზე კონტროლი მკაცრდება
- განათლებასაზოგადოება
- დეკემბერი 17, 2025
- 20
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საბაჟო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც ნარკოტიკული და სხვა აკრძალული ნივთიერებების უკანონო გადაადგილების აღკვეთის მექანიზმებს ეხება.
“ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ცვლილება ითვალისწინებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, პორტებსა და აეროპორტებში, ასევე საფოსტო გზავნილებისთვის გათვალისწინებულ პუნქტებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან შემდგარი ერთობლივი ჯგუფების შექმნას. მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფების მთავარი მიზანი იქნება ქვეყანაში შემომავალი და გამავალი ტვირთების კონტროლი და ყველა საეჭვო გზავნილისა თუ ტვირთის გადამოწმება.
“ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის ასევე, სხვა სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო საგნის, ნივთის ან ნივთიერების, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვა დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, საბაჟო ორგანოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირებული თანამშრომლობის ფარგლებში, შეიქმნება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი და ერთობლივი სამუშაო ჯგუფები. ისინი ზემოაღნიშნული მიზნითა და ხსენებულ ორგანოთა კოორდინირებული თანამშრომლობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ შესაბამის პუნქტებში/ადგილებში, განახორციელებენ ერთობლივ საბაჟო კონტროლს”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
დარახველიძის თქმით, მხოლოდ ის ტვირთი შემოწმდება, რაც საეჭვოდ ჩაითვლება.
“ყველა ტვირთი ვერ გაკონტროლდება, რადგან ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ათასობით კონტეინერი მოძრაობს ყოველდღიურად და თითო კონტეინერის საფუძვლიან შემოწმებას დაახლოებით ერთი დღე და მეტი სჭირდება. შესაბამისად, ფიზიკურად შეუძლებელია ამის შემოწმება, იმხელა რიგები დადგება ქვეყანას შეიძლება მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნას. ამიტომ, აქ ერთადერთი გამართლებული სისტემა რისკებსა და ანალიზზე დაფუძნებული სამუშაო ჯგუფების არსებობაა. თუ ადგილზე გარკვეული ეჭვი იარსებებს, რა თქმა უნდა, ცენტრთან კოორდინაციით ესა თუ ის ტვირთი დამატებით დაექვემდებაროს შემოწმებას”, – განაცხადა “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, შეიქმნება ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, სადაც დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდება საეჭვო ტვირთების წინასწარ შემოწმება.
“კანონში ცვლილების მიზანს წარმოადგენს შეიქმნას ტვირთების კონტროლის ეფექტური სისტემა იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული ნარკოტიკებისა და სხვა უკანონო ნივთების ტრანზიტის ზონად“, – ამბობს ალექსანდრე დარახველიძე.
დოკუმენტის თანახმად, სამუშაო ჯგუფების საქმიანობის წესი განისაზღვრება ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. საზღვარზე მომუშავე ამ ჯგუფების დაფინანსება ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ბიუჯეტიდან მოხდება.
- Tags
- ნარკოდანაშაულები
- საბაჟო