ბანკები ვალდებულნი არიან, საქართველოს კონსტიტუციით იხელმძღვანელონ – ნათია თურნავა

ბანკები ვალდებულნი არიან, საქართველოს კონსტიტუციით იხელმძღვანელონ – ნათია თურნავა

თუ საერთაშორისო სანქციებსა და ქართულ კანონებს შორის წინააღმდეგობა გაჩნდება, ბანკები ვალდებულები არიან, ადგილობრივ წესებს დაემორჩილონ – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას კომენტარს ტელეკომპანია ” იმედი” ავრცელებს.

“ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად” – ნათქვამია თურნავას TV იმედის მიერ გავრცელებულ კომენტარში.

საგამონაკლისო ნორმა

2023 წლის 18 სექტემბერს ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე აშშ-მ დაასანქცირა, რის შემდეგაც მას საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, ქართულმა ბანკებმა ყველა ანგარიში გაუყინეს, მომდევნო დღეებში პროცესები რადიკალურად შეიცვალა.

2023 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საგანგებო ცვლილება შეიტანა. ახალი რეგულაციით: საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ მის მიმართ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

სებმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესების „პირველი პრეცედენტი“ იყო.

მსხვილმა კომერციულმა ბანკებმა – „საქართველოს ბანკმა“, „თიბისიმ“ და „ლიბერთი ბანკმა“ – მეორე დილას გამოაცხადეს, რომ სების გადაწყვეტილების მიუხედავად, საერთაშორისო სანქციების რეჟიმს ემორჩილებიან.

ამ ნაბიჯს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები. იგი ამტკიცებდა, რომ ანგარიშების გაყინვა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რადგან ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფცია. კობახიძის თქმით, ხელისუფლებას „მტკიცებულებები სჭირდება“ და „არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი“ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

სებ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თანამდებობიდან წავიდნენ ვიცე-პრეზიდენტები: ნიკოლოზ გაგუა, არჩილ მესტვირიშვილი და პაპუნა ლეჟავა.

მრჩევლები და დეპარტამენტის უფროსები: გიორგი ბაქრაძე (პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში), გვანცა ცქიტიშვილი (HR განყოფილების უფროსი) და თამარ ქუსიკაშვილი (იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი).

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი აცხადებდა, რომ „საქართველო არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად“, ამ გადაწყვეტილებამ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებში კითხვები გააჩინა ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები

იანვარში საქართველოში ბანკების მოგება 19%-ით გაიზარდა

იანვარში საქართველოში ბანკების მოგება 19%-ით გაიზარდა

იანვარი კომერციულმა ბანკებმა 283.3 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურეს, რაც წლის ჭრილში 19%-იანი ზრდაა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, 19…
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა – სებ

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან…

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის ცნობით, გამოქვეყნებულ ანგარიშში…
S&P Global Ratings-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა რეგიონში მოწინავეა – სებ

S&P Global Ratings-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება…

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მორიგი განახლება გამოაქვეყნა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დოკუმენტში მიმოხილულია ცენტრალური აზიისა…