„დღეს თითქოს თამაში მიდის „ცალ კარში“

„დღეს თითქოს თამაში მიდის „ცალ კარში“

არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა და ამ დროს საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთთან და, განსაკუთრებით, ამერიკასთან ურთიერთობა დაეძაბა. დაწესებულია და დაანონსებულია სანქციები ამერიკიდან, ევროკავშირში კი აცხადებენ, რომ არჩევნებზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხიც. ამგვარი ვითარება რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, რა პროცესებია მოსალოდნელი, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრეთ.

– სანქციების შესახებ დასკვნის გაკეთება ნაადრევია, რადგან, ჯერ ერთი, საქართველო არ არის რუსეთი, ვინმეს თავს დასხმოდა, რომ ისეთივე სანქციები დაუწესდეს, როგორიც რუსეთს. ეს გამორიცხულია. რაც შეეხება არსებულ სანქციებს, რამდენიმე პირი უკვე დასანქცირებულია და ამას არსებითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე არ მოუხდენია.

მთავარია, ჩვენმა ბანკებმა დაიცვან სანქციების დაცვის ყველა მოთხოვნა, რომელთაც აქამდე იცავდნენ, არ დაფიქსირდეს საქართველოს გავლით ისეთი ტვირთის რუსეთში შეღწევა, რომელსაც სანქციების ამა თუ იმ პაკეტის მიხედვით აკრძალვები ეხება.

 

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა შემოსავლების სამსახურის განცხადება, რომ საქართველოს გავლით ახალი ავტომობილები არ მიეწოდება რუსეთს. ამ ტიპის შესაძლო დარღვევები თუ არ იქნება, სანქციები, როგორიც გნებავთ იყოს, საქართველოს ეკონომიკაზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს. თუმცა მეორე საკითხია, რა მასშტაბის სანქციები იქნება მიღებული. ამის თქმა ძალიან ძნელია.

- ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომ ქართული სასამართლოს თანხმობაა საჭირო საქართველოს მოქალაქეებისთვის ფინანსური სანქციების ასამოქმედებლად, ქართულ საბანკო სისტემას არ უქმნის საფრთხეს?

– ყველა ქვეყანას აქვს რეგულაცია, როგორ უნდა აღსრულდეს სანქციები. პრობლემა ის არის, როდესაც საქართველოში ეს რეგულაცია მიიღეს, საქართველოს დასავლეთისგან არ მიუღია შეფასება, რომ ის არღვევს სანქციებს. არც საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჰქონია კრიტიკული რეაგირება და არც მსოფლიო ბანკს. ამიტომ “ამის მატარებელმა უკვე ჩაიარა”. ერთი წლის წინ მიიღო ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება და რამე შეუსაბამობა რომ ყოფილიყო, რომ ეწინააღმდეგება სანქციების აღსრულებას, აქამდე იქნებოდა რეაგირება. მე ძალიან კარგად ვიცნობ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიდგომებსა და პროცედურებს, როდესაც რაღაც არ მოსწონთ, მაშინვე რეაგირებენ.

- თუკი ქართული სასამართლო იტყვის, რომ არ უნდა შეეხოთ სანქციები, ჩვენმა ბანკებმა რა უნდა ქნან?

– კომერციული ბანკები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ წავლენ საერთაშორისო სანქციების დარღვევაზე, რადგან პრობლემა შეექმნებათ, ხოლო ჩვენი ეროვნული ბანკის იმ გადაწყვეტილებაზე შესაბამისი საერთაშორისო რეაქცია რომ ყოფილიყო, ერთი წელია გასული და გავიგებდით.

- ამერიკასთან ჩვენი ძალიან გართულებული პოლიტიკური ურთიერთობა როგორ აისახება ეკონომიკაზე, რას უნდა ველოდოთ?

– რთული კითხვაა. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ აშშ-თან გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა იმ დღიდან, რაც საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა, და შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი და სტრატეგიული პარტნიორი ყოველთვის იყო აშშ. ის, რაც დღეს ხდება, ბევრ ეჭვს აჩენს, რომ ეს ყველაფერი, წესით, სტრატეგიულ პარტნიორობაში ვერ ჯდება. როდესაც ასეთი რაღაცები ხდება, ორივე მხარეს მოეთხოვება კომპრომისების გამოძებნა, როგორც “დიდს”, ასევე “პატარას”. მაგრამ დღეს თითქოს “ცალ კარში მიდის თამაში”, ამას კი ნამდვილად ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და როდესაც სანქციები დაუწესეს მოსამართლეებს, ითქვა, მათ კონკრეტულად რა დააშავეს? ის, რომ ისინი არიან კორუმპირებულები, საკმარისი არ არის, რადგან ასე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაადანაშაულო, და მერე მან უნდა იმართლოს თავი, რომ დამნაშავე არ არის. უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულია. სულაც არა ვარ ბატონი მურუსიძისა და მისი “გუნდის” მხარდამჭერი, მაგრამ უდანაშაულობის პრეზუმფცია ხომ არსებობს? თუ ჩვენ გვთხოვენ, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დავიცვათ, “დემოკრატიის შუქურას” არ ევალება უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა? არ უნდა მოეწოდებინათ კონკრეტული ფაქტები, თუ რატომ დაასანქცირეს ესა თუ ის პირი, რაზეც იქნებოდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი რეაგირება, საქმე გადავიდოდა პროკურატურაში და შედეგად სასამართლო განსჯის საკითხად გადაიქცეოდა. მოგეხსენებათ, რა ამბავია ატეხილი ამერიკაში, როდესაც წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა განაცხადა, რომ უნდა გაიწვიონ უკრაინის ელჩი ამერიკიდან, რადგან მან რაც გააკეთა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაა – როდესაც ერთ-ერთ სამხედრო ქარხანაში მიიწვია უკრაინის პრეზიდენტი და იქ იყვნენ მხოლოდ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები. თუ ეს ჩარევაა, მაშინ ის, რასაც საქართველოსთან მიმართებაში აკეთებენ, ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა არ არის? ჩემი აზრით, ორმაგი სტანდარტებია და რაც უფრო მალე გამონახავენ თბილისი და ვაშინგტონი საერთო ენას, ორივე ქვეყნისთვის უკეთესია. თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი სტრიქონი აკაკი წერეთლის ცნობილი იგავიდან “მგელი და კრავი”, რომლის სისწორეშიც, სამწუხაროდ, ხშირად ვრწმუნდებით – “დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი?” სულაც არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს მთავრობის ყველა ნაბიჯი არ იყო იდეალური და სწორი, მაგრამ თუ უკრაინის ელჩი და მთავრობა ჩაერივნენ ამერიკის არჩევნებში იმით, რაც გითხარით, მაშინ რაც საქართველოსთან მიმართებაში ხდება, ჩარევა აღარ არის? გავიხსენოთ თუნდაც მაკკეინის ინსტიტუტის ამ დღეებში გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის თანახმადაც უკვე ყველასათვის აშკარა გახდა, რომ აუცილებლად დაიწყება საპროტესტო აქციები იმ შემთხვევაშიც, თუ 26 ოქტომბრის არჩევნებში “ოცნება” თუნდაც სამართლიანად გაიმარჯვებს. განა დასავლური დაფინანსებით არ უტარდებოდათ ქართველ ახალგაზრდებს ტრენინგები არეულობის მოსაწყობად? ეს არის პოლიტიკური მხარე. რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, ჯერჯერობით, დაძაბულობა, რაც ამ ბოლო პერიოდში დაიწყო აშშ-თან, საბედნიეროდ, ეკონომიკაზე არ ასახულა. საყურადღებოა, რომ ასევე არ ასახულა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგზეც. ეს რეიტინგებია ეკონომიკური თავისუფლების, კორუფციის აღქმის, მედიათავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ა.შ. მე, როგორც მეცნიერი ეკონომისტი, ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი ამ რეიტინგების მიმართ განწყობილი, იმდენად, რამდენადაც ყველა პირობითია, მაგრამ ეს რეიტინგები ძირითადად, ისევ აშშ-ში არ არის მოგონილი? თავისივე მეთოდოლოგიით გაკეთებული ერთი რეიტინგი მაინც დამისახელეთ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული, რომელშიც საქართველოს უკუსვლა აქვს. უფრო ხშირ შემთხვევაში ან წინსვლა გვაქვს, ან სულ ცოტა ვინარჩუნებთ სტაბილურობას. ვჯობნით ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებზე ხომ ლაპარაკი არც არის. ხომ არ შეიძლება ყველა რეიტინგი ცდებოდეს?

ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა გლობალური ინოვაციების 2024 ტსები, სადაც საქართველოს არსებითი წინსვლა აქვს. ასევე ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა მსოფლიო ბანკის ანგარიში საქართველოში სიღარიბის შემცირებასთან დაკავშირებით, გამოქვეყნდა აზიის განვითარების ბანკის ინფორმაცია, სადაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პარამეტრი დააზუსტეს და რომელიც საკმაოდ ოპტიმისტურია. ჩვენი ეკონომიკური პარამეტრები, არის წინსვლისა და სტაბილურობის მაჩვენებელი – მაღალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი ინფლაცია. ნეტავ ბევრ ქვეყანას ჰქონდეს ასეთი მდგომარეობა. ამიტომ არალოგიკურია: როგორ შეიძლება თანხვდენილი იყოს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში ქვეყნის წარმატება და მერე მისთვის სანქციებით დამუქრება თუ დასჯა. ჩემი აზრით, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზი საქართველოს მთავრობას იმაში აქვს, რომ უფრო ინტენსიურად არ იმუშავა აშშ-თან, ზოგადად დასავლეთთან, ან რატომ არ დაიქირავეს ლობისტური კომპანიები 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რატომ მოახერხა ოპოზიციამ, რომელიც ბევრად სუსტი იყო, ვიდრე ხელისუფლება, კარგად გაეპიარებინა თავისი პოზიცია?!

ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს სერიოზულ მონიტორინგს უწევენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი და ეს რომ გაყალბებული იყოს, ისინი ამ ინფორმაციას არ აღიარებდნენ. მათ საიტებზე დასტურდება ეს ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და მათი პროგნოზებიც ოპტიმისტურია. ამ ფონზე დასავლეთის დამოკიდებულება არაფერში ჯდება. სამწუხარო ფაქტია, თითქოს “ვიღაცამ” აითვალწუნა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება და მისი დასჯა გადაწყვიტა. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს – საქართველოს მთავრობას უფრო ინტენსიურად უნდა ემუშავა როგორც ბრიუსელთან, ისე ვაშინგტონთან ნებისმიერ ამ საკითხზე. საჭირო იყო ლობისტური კომპანიები და ამ მხრივ პასიურობა უკან შემოუბრუნდა ქვეყანას.

არჩევნებამდე ერთი თვეც აღარ დარჩა და შევხედოთ ოპოზიციური პარტიების ეკონომიკურ პროგრამებს ან მოწოდებებს. მათი ეკონომიკური ხედვა საკმაოდ სუსტია, რადგან ეკონომიკური მდგომარეობა, რომელსაც ადასტურებს საერთაშორისო ინსტიტუტები, საქართველოში არათუ არ არის იმდენად ცუდი, არამედ პირიქით, ძალიან დადებითი ცვლილებების ტენდენციაა გამოკვეთილი. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ – ათასლარიანი პენსიის დანიშვნა შესაძლებელია, მაგრამ როდიდან – 2025 წლიდან თუ 2028 ან 2030 წლიდან? რა თქმა უნდა, მიაღწევს პენსია 1000 ლარს, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ლარის მსყიდველობით­უნარიანობა დაეცეს და პენსიონერებს ცხოვრება გაუძვირდეთ. ჩვენ გვინდა მოსახლეობას მივცეთ იმ ოდენობის თანხა, რამდენიც ლარის მსყიდველობითუნარიანობის დაქვეითებას არ გამოიწვევს. ან 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა. რატომაც არა, შეიქმნება, რა, ხელისუფლება ანაკლიის პორტს არ აშენებს? უარი თქვა ამაზე? ამიტომ ეს დაპირებები არ არის ადეკვატური. საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა ამ ეტაპზე შეიძლება არ არის იდეალური, მაგრამ ყველა მაჩვენებლით საკმაოდ კარგია – მთლიანი სამამულო პროდუქტი სწრაფი ტემპით იზრდება, ინფლაცია დაბალია, პროგნოზები, რომელსაც აკეთებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და სარეიტინგო კომპანიები, არის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური და ამ ვითარებაში კიდევ რას უნდა დაჰპირდე ამომრჩეველს?

- მიჩნეულია, რომ ეს ეკონომიკური წინსვლა დიდწილად განაპირობა რუსეთ-უკრაინის ომით შექმნილმა რეალობამ. რამდენად სტაბილური შეიძლება იყოს ეს ეკონომიკური ზრდა?

– რა თქმა უნდა, მაგრამ არა მარტო ამან. 2022 წელს ეს მეტწილად განპირობებული იყო ორი რამით – პანდემია დასრულდა და ეკონომიკის ჩაკეტვა მოიხსნა, და მეორე – ადამიანების დიდი ტალღა წამოვიდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან, რომლებმაც თავისი ბიზნესი საქართველოში გადმოიტანეს. მაგრამ უკვე 2023 წელს ძალიან ბევრი მათგანი საქართველოდან გავიდა. რა თქმა უნდა, ამან სერიოზული ბიძგი მისცა ჩვენს ეკონომიკას, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა ხედავს, საქართველოში სტაბილური მდგომარეობაა. საქართველოს მთავრობამ, მიუხედავად უკრაინის მთავრობის მოწოდებისა (რომ არაფერი ვთქვათ ქვეტექსტებზე, რომლებითაც ზოგიერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი გველაპარაკებოდა), რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო, ის არ გახსნა. ბიზნესმენები ხედავენ, რომ ქვეყანაში გარკვეულწილად სტაბილური ვითარებაა, ეკონომიკისთვის კი ეს ყველაზე მთავარია. ფაქტია, უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში შემოდის. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, ხოლო პოლიტიკური დუღილის გრადუსი საკმაოდ მაღალია, თანაც სანქციებითაც გვემუქრებიან, ასეთ ვითარებაში ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. ხაზგასასმელია, რომ საარჩევნო კამპანიაში ეკონომიკური თემა ვერ იქნება აქტუალური. ხელისუფლებას ყოველთვის ექნება არგუმენტი, რომ საქმე ძალიან კარგად თუ არა, სულ ცოტა, კარგად მაინც არის. ამას ადასტურებს რეიტინგების შემდგენი ყველა კომპანია და რაც მთავარია, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეფასებებიც. ამ ორ ორგანიზაციაში კი ყველაზე მეტი და გადამწყვეტი ხმა აშშ-ს აქვს.

- ამბობთ, რომ აშშ-თან ხელისუფლების დამოკიდებულება არ ასახულა ეკონომიკაზე, მაგრამ ბოლო პერიოდში ლარი გაუფასურდა.

– სანქციების შემოღების ის მუქარა, რომელიც მოდის დასავლეთიდან, ქმნის უარყოფით მოლოდინებს, რაც, როგორც წესი, აისახება ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე. როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში დაძაბულობაა, როდესაც მოლოდინები კრიტიკულია, ასეთ დროს ეროვნული ვალუტა ყოველთვის შესაბამისად რეაგირებს. ჩვენ შარშან უფრო მნიშვნელოვანი გაუფასურება გვქონდა, მაგრამ ლარის გაცვლითი კურსი მალე დასტაბილურდა. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი არ ფლობს სიტუაციას, რომ ის სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს.

ცუდია, რაც ნიუ-იორკში მოხდა, მაგრამ ესეც გაუგებარია. მიიწვიე იმისთვის, რომ მერე უკან გამოგეწვია? ვიდრე იქ ჩავიდოდა, მანამდე არ იყო პრობლემები ამერიკელებისთვის საქართველოში და მაინცდამაინც მაშინ გახდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი მიწვევაზე უნდა წასულიყო, განა მიწვევის გაგზავნის შემდეგ რა შეიცვალა? მით უფრო, რომ ეს შეხვედრა იყო ოფიციალური მიღება და როგორც მთავრობის ყოფილმა წევრმა, რომელსაც ბევრ ასეთ მიღებაში მიმიღია მონაწილეობა, კარგად ვიცი, რომ იქ ოფიციალური მოლაპარაკება თუ საუბრები არ იმართება. ამიტომ ან მიწვევა რა იყო, ან მერე გაწვევა?

- ბოლო დღეებში პირდაპირ დააბრალეს ამერიკას აგვისტოს ომის დაწყება და სხვა როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდათ?

– რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომს, ნამდვილად არ ვიცი, რა ინფორმაციას ფლობს “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა. გეტყვით მხოლოდ იმას, რაც მე ვიცი საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან. ვიდრე ეს ომი დაიწყებოდა, თუ არ ვცდები, 2008 წლის ივლისის ბოლოს საქართველოში რამდენიმე საათით ჩამოვიდა მაშინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი. როდესაც სახელმწიფო მდივანი აღარ იყო, მან თავისი მემუარები გამოაქვეყნა, სადაც მკაფიოდ წერია, რომ მისი მთავარი გზავნილი საქართველოს პრეზიდენტისთვის, როდესაც ის საქართველოში ჩამოვიდა, იყო ის, რომ რუსეთი მახეს გიგებთ და არ გაებათო. იმავდროულად, 2004 წლიდან, როცა გავხდი საქართველოს პარლამენტის წევრი, კარგად მახსოვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ მალავდა სამხედრო ძალის გამოყენებას სეპარატისტული რეგიონების დასაბრუნებლად.

- მეც ამას ვამბობ, ეს ინფორმაცია­ აქვთ და ივანიშვილი რომ ამბობს, ამერიკის დავალებით დაიწყო ომიო, ეს კონკრეტული ბრალდებაა.

– ყოველ შემთხვევაში, როდესაც “დიდი და ძლიერი” და “შედარებით პატარა და სუსტი” ერთმანეთს უპირისპირდებიან, მეტი გონიერება პირველს მოეთხოვება. რაც უფრო მალე მოგვარდება თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობები, უკეთესია, რა თქმა უნდა, მცირე საქართველოსთვის, თუმცა ასევე დიდი ამერიკისთვის, რადგანაც საქართველოს აქვს სერიოზული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც გეოპოლიტიკურად, ისე გეოეკონომიკურად.

- ეს ყველაფერი, რაც ხდება, რა შანსს ტოვებს იმისთვის, რომ აღდგეს ურთიერთობები ამ ხელისუფლების პირობებში?

– ნუ დაგვავიწყდება, რომ თავად აშშ-იც პოლიტიკური დუღილის ეტაპზეა, იქაც ხომ არჩევნებია და ვფიქრობ, ვინც უნდა გაიმარჯვოს, კამალა ჰარისი იქნება თუ დონალდ ტრამპი დაბრუნდება თეთრ სახლში, ამერიკა მაინც დაინტერესებული იქნება კავკასიაში საქართველოს სახით სტრატეგიული პარტნიორის შენარჩუნებით. არსებობს მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ვაშინგტონისა და თბილისის ურთიერთობის გაუმჯობესება უფრო ადვილი შეიძლება იყოს, თუმცა არ გამოვრიცხავ კამალა ჰარისის გაპრეზიდენტების შემთხვევაშიც ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობას.

ბოლო ხანებში ამერიკელებმა გააძლიერეს ჩვენი მეზობელი სომხეთის მხარდაჭერა, რასაც მივესალმები – რაც უფრო გაძლიერდება კავკასია, მით უკეთესია, მაგრამ სომხეთიდან პოტენციური ტვირთები სად უნდა წავიდეს, საქართველოს გარეშე როგორ გავა დასავლეთში, ხოლო სომხეთის ურთიერთობები თურქეთთან ასე მარტივი არ არის და საქართველოს სომხეთი ასე მარტივად ვერ ჩაანაცვლებს. სომხეთი არ არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია გეოპოლიტიკურად და გეოეკონომიკურად საქართველო ჩაანაცვლოს.

- უშუალოდ არჩევნებისთვის რა ტურბულენტობაა მოსალოდნელი და შემდეგი ეტაპი როგორი იქნება?

– ხელისუფლება ემზადება 26, ოპოზიცია კი 27 ოქტომბრისთვის. ოპოზიციას სურს კიდევ ერთხელ თქვას, რომ არჩევნები გაყალბებულია. დიდი ხანია ამბობენ კიდეც, გაყალბდებაო. ამით სურთ თავიანთი სუსტი პოზიციების გადაფარვა.

ნებისმიერი პოლიტიკური დაძაბულობა კი, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ჩვენი უცხოელი შემფასებლები სხვადასხვა რეიტინგს დებენ და ეკონომიკური პროგნოზები პოზიტიურია, რა, იმათ არ იციან, რომ საქართველოში ასეთი პოლიტიკური კატაკლიზმებია მოსალოდნელი? ნუ დაგვავიწყდება, რომ საკმაოდ მძიმე მაისი და ივნისის დასაწყისი გვქონდა, იყო გამოსვლები, მაგრამ ამას სერიოზული გავლენა ეკონომიკურ სტაბილურობაზე არ მოუხდენია. იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გადარჩება.

კიდევ ერთი, რაც არ მესმის, როდესაც პარტიას უნდა არა გამარჯვება, არამედ კოალიციით მოსვლა. ეს გაუგებარია, რადგან კოალიცია არჩევნების შედეგია.

როდესაც ვერც ერთი პარტია ვერ იღებს უმრავლესობას, მერე იწყება საუბარი, ვინ ვისთან შევა კოალიციაში. წინასწარ იმის გაცხადება, კოალიციით მოვდივარო, არ მესმის, ანუ გამარჯვება არ უნდათ? თუ გამარჯვება არ გინდა, მაშინ რატომ უნდა გენდოს ამომრჩეველი?

- თუ დავუშვებთ, რომ "ქართული ოცნება" ისევ დარჩება ხელისუფლებაში და თან ერთპარტიულად, ამას რა შედეგები მოჰყვება?

– წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით პროგნოზები საქართველოსთან მიმართებაში ჯერჯერობით ოპტიმისტურია. თუ ბიზნესის რეკეტი არ იქნება, თუ დემოკრატიულობის ხარისხი არ დაეცემა, ჩემი აზრით, ცუდი არაფერი მოხდება. გაიხსენეთ, 2012 წელს ოპოზიციას რამდენი მედიასაშუალება ჰქონდა და რამდენია დღეს. ეს ყველაფერი თუ გაგრძელდება, მე “ოცნების” დარჩენაში პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება “ნაცმოძრაობის” გასამართლებას, მე არასოდეს მითქვამს, რომ არ უნდა გასამართლებულიყო, ყოველთვის მომხრე ვიყავი “ნიურნბერგის პროცესის”, თუნდაც მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტში. უბრალოდ, ახლა იმხელა დროა გასული, ეს ბადებს ეჭვებს, რამდენად იქნება ამის გაკეთება შესაძლებელი, თანაც ერთია გაასამართლო და მეორე, სამართლიანობა აღადგინო. რამდენი ბიზნესმენია, რომელსაც “ნაცებმა” წაართვეს ბიზნესი. ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ – ჰიტლერს თავი რომ არ მოეკლა, ნიურნბერგის პროცესი არ ყოფილიყო და ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია არ აკრძალულიყო, ის არ იქნებოდა სერიოზული ოპოზიცია, მაგალითად, კონრად ადენაუერისთვის თუ ლუდვიგ ერჰარდისთვის, ან ნებისმიერისთვის, ვინც უნდა ყოფილიყო გერმანიის პოლიტიკურ ელიტაში? წინა მოწვევის პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსმა” შეიტანა “ნაცმოძრაობის” მმართველობის პოლიტიკური შეფასების დოკუმენტი, რომელსაც, სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” მხარი არ დაუჭირა…

- "ოცნების" მიმართ მთავარი ბრალდება ის არის, რომ კურსი შეცვალა. თქვენ არ ხედავთ საფრთხეს, რომ რუსეთისკენ მივდივართ?

– ესეც ნარატივის დონეზეა. კონსტიტუციიდან არ არის ამოღებული ევროინტეგრაციის შესაბამისი მუხლი, რომელიც კონსტიტუციაში “ქართულმა ოცნებამ” შეიტანა. წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც გაცხადდა, რომ 2030 წელს საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრდეს. საქმე ის არის, დღეს იცვლება მსოფლიო წესრიგი, თვითონ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა ინიციატივით, ახალი მსოფლიო წესრიგი უნდა ჩამოვაყალიბოთო. ერთია, პრეზიდენტი ბაიდენი რას ფიქრობს და მეორე, თვით ეს წესრიგი როგორი იქნება. თუმცა ხომ ფაქტია, მსოფლიო ერთპოლუსიანი ვეღარ იქნება! ამ ვითარებაში თავად ევროკავშირს, მის ეკონომიკას აქვს სერიოზული პრობლემები, რადგან წლების განმავლობაში ჩამოეკიდა რუსულ გაზს და ახლა სანქციების გამო ძალიან გაუჭირდა მის ეკონომიკას. სანქციების გამო ხდება რუსული გაზის ამერიკული თხევადი გაზით ჩანაცვლება, მაგრამ ეს ხომ უფრო ძვირია. ასევე საუბარია მწვანე ენერგიის გამოყენებაზე, რაც ტექნოლოგიურად ძვირია. კიდევ ერთი – ააფეთქეს ჩრდილოეთის გაზსადენი და იმ დროს, როდესაც ამდენი ხანია, უკრაინაში ომია, უკრაინაზე გამავალ გაზსადენს რატომ არაფერი ემართება? იმიტომ, რომ რუსეთი გაზს ყიდის და უკრაინა ტრანზიტის საფასურს იღებს. ყველა თავის თავზე ზრუნავს და როდესაც მსოფლიოში ასეთი დრამატული ცვლილებებია, დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

ამ ვითარებაში გადამწყვეტია მშვიდობის შენარჩუნება, რაც ქვეყნის განვითარების, მოსახლეობის სოცი­ალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მთავარი ფაქტორია.

რუსა მაჩაიძე

”კვირის პალიტრა”

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…