ეკონომიკური რეგრესი: არსი, წარმოშობის მიზეზები და წყაროები
- ეკონომიკა
- აპრილი 26, 2023
- 489
რამაზ აბესაძე, პროფესორი
ნაშრომის მთავარი მიზანია გადმოვცეთ ეკონომიკურ ლიტერატურაში პრაქტიკულად შეუსწავლელი
მნიშვნელოვანი მოვლენის, “ეკონომიკური რეგრესის“ არსი, მისი წარმოშობის მიზეზები და წყაროები,
განვსაზღვროთ მთავრობის, როგორც ეკონომიკის “მესაჭის” ფუნქციები და საქართველოს ეკონომიკაში
ეკონომიკური რეგრესის გამოვლინების მიზეზები. ამ მიზნის მისაღწევად შემოტანილია
“კონსოლიდირებული ეკონომიკის” ცნება და გახსნილია მისი არსი.
ეკონომიკურ რეგრესს, ისე როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენ ვუკავშირებთ თვისებრივ
ცვლილებებს ეკონომიკაში. ეკონომიკური განვითარება არის ეკონომიკის ახალ, თვისებრივად უფრო
სრულყოფილ მდგომარეობაში გადასვლა, ხოლო ეკონომიკური რეგრესი ეკონომიკის ახალ,
თვისებრივად გაუარესებულ მდგომარეობაში გადასვლა. კონსოლიდირებული ეკონომიკა ისეთი
ეკონომიკაა, რომელზეც მოქმედ ფაქტორთა ერთობლიობა ხელს უწყობს ეკონომიკური სისტემის
ელემენტთა და მათ შორის ურთიერთდამოკიდებულების სრულყოფას ანუ ეკონომიკის თვისებრივად
ახალ, უფრო სრულყოფილ მდგომარეობაში გადასვლას. როდესაც სხვადასხვა ფაქტორის გავლენით
ირღვევა ეკონომიკის კონსოლიდაციის ხარისხი, მაშინ ადგილი აქვს ეკონომიკურ რეგრესს.
ეკონომიკური რეგრესის წარმოშობა არ ნიშნავს არც ეკონომიკურ დაქვეითებას და, მითუმეტეს, არც
ეკონომიკურ კრიზისს. თუ ეკონომიკური რეგრესი აღმოიფხვრება, ეკონომიკური რყევები თავიდან იქნება
აშორებული. ეკონომიკური რეგრესის აღმოფხვრის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთავრობის
მიერ განხორციელებულ შესაბამის ღონისძიებებს. ეკონომიკური რეგრესის თავიდან აცილებისას ან მისი
აღმოფხვრისათვის მთავრობამ უნდა შეასრულოს ეკონომიკის „მესაჭის“ ფუნქცია. არსებობს საქართველოს
ეკონომიკაში რეგრესის წარმოშობის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები. ნაშრომში
დეტალურადაა საუბარი მათ შესახებ.
შესავალი
სიტყვა რეგრესი გამოხატავს მდგომარეობის გაუარესებას, განვითარების შეფერხებას. შესაბამისად
ეკონომიკური რეგრესი ნიშნავს ეკონომიკაში მდგომარეობის გაუარესებას, მისი განვითარების
შეფერხებას. ეკონომიკური რეგრესის მოვლენა ეკონომიკურ ლიტერატურაში, პრაქტიკულად,
შეუსწავლელია. ამ პრობლემასთან დაკავშირებით არსებობს მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტში
ლამონტის უნივერსიტეტის პროფესორის, ამარტია სენის, ერთადერთი სტატია – “Economic Regress”
[1].
მოცემულ სტატიაში არ არის განმარტებული „ეკონომიკური რეგრესის“ არსი და ყურადღება
გადატანილია მისი შეფასების მაჩვენებლებზე, თანაც მხოლოდ რაოდენობრივ მაჩვენებლებზე.
მაშასადამე, ეკონომიკურ რეგრესს ის უკავშირებს რაოდენობრივი დეტერმინანტების გაუარესებას,
მაშინ როდესაც დღეისათვის რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუარესების აღსანიშნავად
წარმატებით გამოიყენება ისეთი ცნებები როგორიცაა: ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური
დაქვეითება, ეკონომიკური კრიზისი და არა ეკონომიკური რეგრესი. როგორც ეკონომიკურ
განვითარებას, ისე ეკონომიკურ რეგრესს ჩვენ ვუკავშირებთ თვისებრივ ცვლილებებს ეკონომიკაში.
ეკონომიკური განვითარება არის ეკონომიკის ახალ, უფრო სრულყოფილ თვისებრივ მდგომარეობაში
გადასვლა, ხოლო ეკონომიკური რეგრესი ეკონომიკის ახალ, გაუარესებულ თვისებრივ
მდგომარეობაში გადასვლა.
კონსოლიდირებული ეკონომიკა
ეკონომიკური რეგრესის არსის უკეთ გასაცნობად შემოგვაქვს „კონსოლიდირებული ეკონომიკის“
ცნება. ეკონომიკის განვითარების ისტორია გვიჩვენებს, რომ ეკონომიკა დამოკიდებული ხდება მასზე
მოქმედ სულ უფრო მეტ ფაქტორზე. მაგალითად, თუ ტრადიციულ ეკონომიკაზე ყველაზე დიდ
გავლენას ახდენდა ბუნებრივი ფაქტორები (გვალვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და ა.შ.), თანამედროვე
ეკონომიკა მეტად მგრძნობიარეა და ძლიერ რეაგირებს არა მხოლოდ ეკონომიკაზე უშუალოდ მოქმედ
(ტექნოლოგია, კაპიტალი, შრომა, საკუთრების ფორმები, ინსტიტუციები და ა.შ.), არამედ გარეშე
ფაქტორების ცვლილებებზეც (სოციალური სფერო, კულტურა, განათლება, ხელოვნება, სპორტი,
მთავრობის პოლიტიკა და ა.შ.). ამდენად, ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე,
აუცილებელი ხდება ამ ფაქტორთა გარკვეული კონსოლიდაცია, რათა ეკონომიკური სისტემა
მუდმივად მიმართული იყოს ეკონომიკური განვითარებისაკენ. ასეთ ეკონომიკურ სისტემას შეიძლება
ვუწოდოთ კონსოლიდირებული ეკონომიკური სისტემა ან, უბრალოდ, კონსოლიდირებული ეკო-
ნომიკა.
კონსოლიდირებული ეკონომიკა ისეთი ეკონომიკაა, როდესაც მასზე მოქმედ ფაქტორთა ერთობ-
ლიობა ხელს უწყობს ეკონომიკური სისტემის ელემენტთა და მათ შორის
ურთიერთდამოკიდებულების სრულყოფას ანუ ეკონომიკის თვისებრივად ახალ, უფრო სრულ-
ყოფილ მდგომარეობაში გადასვლას. კონსოლიდაციის ხარისხი ძლიერაა დამოკიდებული მთავრობის
მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, რომელიც მოიცავს როგორც წმინდა ეკონომიკურ, ისე არაეკონომიკურ
მიმართულებებს.
კონსოლიდაციის ყოველი დარღვევა უარყოფით ცვლილებებს იწვევს ეკონომიკაში, იგი თვისებრივი
თვალსაზრისით განიცდის უკუსვლას, ანუ მასში ვითარდება განვითარების საწინააღმდეგო პრო-
ცესები, რასაც ეკონომიკური რეგრესს ვუწოდებთ. ასეთი ეკონომიკა არ არის კონსოლიდირებული,
რადგან ეკონომიკაში მასზე მოქმედ ფაქტორთა ჯამური მოქმედება იწვევს ეკონომიკის თვისებრივად
გაუარესებულ მდგომარეობაში გადასვლას.
მაშასადამე, ეკონომიკური რეგრესის დროს ხდება ეკონომიკაში უარყოფითი მუხტის ჩადება, რაც
მყისიერად არ იწვევს ეკონომიკის რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუარესებას. მაგრამ თუ რეგრესის
განეიტრალება არ მოხდა, საბოლოოდ ის გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით პროცესებს თვით
ეკონომიკური კრიზისის ჩათვლით.
ეკონომიკურ რეგრესსა და ეკონომიკურ ზრდას შორის დამოკიდებულების განხილვისას შესაძლებე-
ლია ადგილი ჰქონდეს შემდეგ შემთხვევებს:
1. ეკონომიკურ რეგრესს მოჰყვება ეკონომიკური ზრდა. ამის მიზეზი, ძირითადად, ქვეყანაში კრი-
ზისული მოვლენების დიდი ხნით გაგრძელებაა (რასაც ხელს უწყობს გარე და შიგა ომები, სოციალუ-
რი დაძაბულობა, მთავრობის უუნარობა და ა.შ.), რასაც მოჰყვება სახელმწიფოს ხელში ყველა სადავის
აღება, რაც შესაძლებლობას აძლევს მას, დაძლიოს საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობები და
მიაღწიოს ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს. თუმცა, ამავდროულად, ძლიერდება ეკონომიკური
რეგრესი და, საბოლოოდ, ხდება ისევ საბაზრო სისტემაზე გადასვლა ევოლუციური ან რევოლუციური
გზით (პოსტკომუნისტური ქვეყნები). გამოცდილება აჩვენებს, რომ ეკონომიკური რეგრესი
გარკვეული დროის განმავლობაში, სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია მიზანშეწონილად
მოგვეჩვენოს. მაგრამ, თუ რეგრესის გამომწვევი მიზეზები აღმოფხვრილი არ იქნა, ეკონომიკური
ზრდა შენელდება და, საბოლოოდ, კრიზისით დასრულდება.
2. ეკონომიკურ რეგრესს მაშინვე მოჰყვება ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება და საბოლოოდ,
ეკონომიკური დაქვეითება. მაგალითად, პოლიტიკური და კრიმინოგენული სიტუაციის მძაფრ გა-
უარესებას მაშინვე მოჰყვება ინვესტიციებისა და, მაშასადამე, ეკონომიკური ზრდის ტემპების
შემცირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარების გარეშე, საბოლოოდ, ეკონომიკური კრიზისი.
3. ეკონომიკური რეგრესი გარკვეული დროის განმავლობაში არავითარ გავლენას არ ახდენს
ეკონომიკურ ზრდაზე (ან აშკარად არ ჩანს). მაგალითად, საგარეო და საშინაო ვალების ზრდას და მათი
არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, ასევე მთავრობის არაეკონომიკურ ჩარევებს ბიზნესში,
შესაძლებელია, მაშინვე არ მოჰყვეს შესამჩნევი უარყოფითი შედეგები, მაგრამ თანდათან იგი გახდება
მრავალი ნეგატიური პროცესის საფუძველი (რესურსების არარაციონალური განაწილება, კორუფცია,
ნეპოტიზმი და სხვ.). თანდათან მზადდება პირობები, ჯერ ზრდის ტემპების შესამცირებლად, ხოლო
შემდეგ ეკონომიკური დაქვეითებისა და კრიზისისათვის.
საწყის ეტაპზე სახელმწიფოს მიერ გატარებული არასწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკა.
ეკონომიკური რეგრესის გამომწვევი მიზეზები და წყაროები
შეიძლება გაჩნდეს მოსაზრება, რომ ეკონომიკური რეგრესის გამომწვევი მიზეზი არის საშუა-
ლოვადიანი (ვან გოლდერენის, კლიმენტ ჟუგლიარის, სეიმონ კუზნეცის, ჯოზეფ კიტჩინის) და
გრძელვადიანი (ნიკოლაი კონდრატიევის) ციკლების არსებობა. ეს ციკლები ბუნებრივია და კავშირი
არ აქვს ეკონომიკურ რეგრესთან. იგი დაკავშირებულია ინოვაციების წყვეტილ ხასიათთან. ბუ-
ნებრივია, ინოვაციებს ამა თუ იმ დარგში არ აქვს მუდმივი ხასიათი. ინოვაციები დროთა
განმავლობაში ძველდება და დგება ეკონომიკური ზრდის შენელების პერიოდი. ეკონომიკა
მეწარმეების, მეცნიერებისა და მთავრობის ერთობლივი ქმედებით ამაზე პასუხობს ახალი
ინოვაციებით და ეყრება საფუძველი დადებით თვისებრივ ცვლილებებს, გრძელდება ეკონომიკური
განვითარება, რის შედეგადაც კვლავ იწყება ეკონომიკური ზრდის ტემპების მატება. მაშასადამე
ეკონომიკური ციკლები. ბუნებრივადაა დამახასიათებელი საბაზრო ეკონომიკისათვის და ხელს
უწყობს მის განვითარებასა და სრულყოფას. ეკონომიკური რეგრესი კი ეკონომიკური რყევების
გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდესა.
მაშასადამე, ეკონომიკურ რეგრესს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც არსებობს ეკონომიკური რეგრესის
წარმოშობის სხვადასხვა მიზეზი, დაკავშირებული როგორც ეკონომიკასა და საზოგადოებაში მიმდი-
ნარე პროცესებსა და საბაზრო ჩავარდნებთან, ისე მთავრობის მიერ დაშვებულ უნებლიე თუ ნებსით
შეცდომებთან. არსებობს ეკონომიკური რეგრესის წარმოშობის სხვადასხვა მიზეზი და წყარო, ესენია:
მძიმე სოციალური პირობები. როდესაც მთავრობას არ შესწევს უნარი, მოსახლეობისათვის შექმნას
ცხოვრების შესაბამისი პირობები, დაამყაროს წესრიგი, შექმნას მყარი ეკონომიკური ზრდის
წანამძღვრები. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა შეიძლება დამთავრდეს მთავრობაში ახალი ძალების
მოსვლით, რომელიც ხელში აიღებს სახელმწიფოს მართვის ყველა სადავეს და სწრაფად მიაღწევს
მნიშვნელოვან წარმატებებს. ეს შეიძლება განხორციელდეს საბაზრო ეკონომიკის უმკაცრესი შეზ-
ღუდვის პირობებში ან ფორმალურად, ბაზრის შეუცვლელად.
პირველი ვარიანტი განხორციელდა საბჭოთა კავშირში, რომელსაც თავდაპირველად მოჰყვა სწრაფი
ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ეკონომიკაში ჩაიდო უარყოფითი მუხტი, რომელსაც საბოლოოდ მოჰყვა
კვლავ საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა. მიგვაჩნია, რომ ეს გადასვლა დროულად რომ განხორ-
ციელებულიყო (რაც სტალინის მთავრობამ დაიწყო კიდევაც), საბჭოთა კავშირში მოვლენები სხვაგ-
ვარად განვითარდებოდა.
იყო თუ არა საბჭოთა კავშირის დროს ბაზარი? თქმა იმისა, რომ სოციალიზმის დროს საერთოდ არ
არსებობდა ბაზარი, არასწორია. იქ, სადაც არსებობს საქონელგაცვლა, გარკვეული ფორმით არსებობს
ბაზარიც. მაგრამ ის საბჭოთა კავშირში არსებობდა უკიდურესად შეზღუდული ფორმით. ამ
შემთხვევაში ბაზრის ბევრ ფუნქციას ითავსებდა სახელმწიფო, მაგრამ იგი, თუმცა დიდი
შეზღუდვების პირობებში, მაინც ეყრდნობა ბაზრის მოთხოვნებს. დიდი დაბრკოლებებით, მაგრამ
მაინც, სახსრები მიედინებოდა იმ სფეროებში, სადაც მოთხოვნა მეტი იყო. ფასებს სახელმწიფო
ადგენდა, მაგრამ იგი, გარკვეულწილად, მაინც ეყრდნობოდა მოთხოვნა-მიწოდების კანონს. კერძო
საკუთრება აკრძალული იყო, მაგრამ ის მაინც არსებობდა პირადი საკუთრების სახით და ჩრდილოვან
ეკონომიკაში.
მართალია, საწარმოები საერთო საკუთრებაში იმყოფებოდა, მაგრამ მმართველი ჯგუფი მას ექცეოდა
როგორც კერძო საკუთრებას, რის შედეგადაც ისინი იღებდნენ არაკანონიერ, მაგრამ თავიანთი “სამე-
წარმეო” საქმიანობით მიღებულ შემოსავალს. მაშასადამე, საწარმოებში არსებობდა დასაქმებულ
საქმოსანთა ფენა, რომლებიც გარკვეულწილად წარმოადგენენ ბიზნესმენთა თვისებების მატარებ-
ლებს [2]. პრინციპში, მათი საქმიანობა დაკავშირებული იყო დადებით თვისებრივ ძვრებთან ეკო-
ნომიკაში, გარკვეულ პროგრესთან (ტექნოლოგიების სრულყოფა, ბიუროკრატიის ბატონობის
შესუსტება, წინაპირობების შექმნა საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელად, არაფორმალური
ინსტიტუციების სრულყოფა და ა.შ.). ბაზრის არსებობაზე მიუთითებს ასევე საკოლმეურნეო
საკუთრებისა და თავისუფალი საკოლმეურნეო ბაზრის არსებობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1927 წლამდე საბჭოთა კავშირში არსებობდა კერძო საკუთრება (ახალი
ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად) და შემდეგაც, 1956 წლამდე, ფუნქციონირებდა “სარეწაო
კოოპერაციის” სრულიად განსხვავებული მიმართულებების სამეწარმეო სექტორი (კვების მრეწვე-
ლობა თუ ლითონგადამამუშავებელი მრეწველობა, საიუველირო საქმე თუ ქიმიური მრეწველობა),
სახელოსნოები და საწარმოები (არტელები), რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ საბჭოთა
კავშირის ეკონომიკაში. სამეწარმეო სექტორში ფუნქციონირებდა საკონსტრუქტორო ბიუროები,
ექსპერიმენტული ლაბორატორიები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, არასახელმწიფოებრივი
საპენსიო სისტემა, არტელები გასცემდნენ სესხებს და ა.შ. მაშინდელი საბჭოთა მთავრობა, როგორც
ჩანს, ხვდებოდა ეკონომიკური რეგრესის უარყოფით შედეგებს და ხელს უწყობდა კერძო საკუთრების
განვითარებას და სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერებას. 1956 წელს ეს სამეწარმეო სექტორი რომ არ
განადგურებულიყო და პირიქით გაძლიერებულიყო, საბჭოთა კავშირში მძლავრ ეკონომიკურ
აღმავლობას ექნებოდა ადგილი.
შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის ეკონომიკა იყო უკიდურესად შეზღუდული საბაზრო ეკო-
ნომიკა, რის გამოც მას ეწოდა არასაბაზრო – მბრძანებლურ-ადმინისტრაციული ეკონომიკა.
რა იყო მბრძანებლურ-ადმინისტრაციული ეკონომიკური სისტემის ძირითადი ნაკლოვანებები, რომ-
ელიც ხელს უშლიდა ეკონომიკის შემდგომ განვითარებას? ამ კითხვაზე პასუხი მოცემულია ამ პრობ-
ლემების შემსწავლელ ცნობილ წარმომადგენელთა ნაშრომებში [3; 4; 5], რომლის ძირითადი არსი
შემდეგში მდგომარეობს:
რადგან სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქცია ცვლის საბაზრო მექანიზმს, ერთიანი ცენტრი იძულ-
ებულია, გადაამუშაოს უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია, რათა შემდეგ გასცეს ბრძანება თითო-
ეული ეკონომიკური აგენტისადმი. მაგრამ, ერთ ორგანიზაციას, როგორი უნიკალური შესაძლებ-
ლობებიც არ უნდა ჰქონდეს მას, დანაკარგების გარეშე ამის გაკეთება არ შეუძლია, ვინაიდან გარემო,
რომელშიც ფუნქციონირებს ეკონომიკა, მუდმივ ცვლილებებს განიცდის, რის გამოც გამუდმებით
იცვლება მასზე მოქმედი ფაქტორები. ბუნებრივია, ამის გამო გეგმები ვერ სრულდება და იწყება ქაოსი
– შეზღუდული ეკონომიკური რესურსები მეტად არარაციონალურად გამოიყენება. საბაზრო ეკონო-
მიკა კი, ფასების მექანიზმის მეშვეობით, ამ პრობლემას თითქმის ავტომატურად აგვარებს.
საგეგმო ეკონომიკის დროს ასევე დიდია ტრანსაქციური დანახარჯები, რომელიც გაიწევა საგეგმო
დავალებათა მისაღებად და მათ ცხოვრებაში გასატარებლად საჭირო უზარმაზარი ბიუროკრატიული
აპარატის შესანახად.
კერძო საკუთრებისა და მეწარმეობის აკრძალვის გამო თითქმის მთლიანად იგნორირებულია ადა-
მიანთა შემოქმედებითი უნარი, თუმცა ცალკეული პირები მაინც ახერხებენ თავიანთი შესაძლებ-
ლობების გამოვლენას, მაგრამ ეს ხდება ჩრდილოვან ეკონომიკაში, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა ასევე
დიდ დანახარჯებს მოითხოვს.
ეკონომიკური განვითარების ლოგიკას ასეთ პირობებში ტოტალიტარიზმთან, ანუ ისეთ სისტემასთან
მივყავართ, სადაც ადამიანური საქმიანობის ყველა დარგი ხელისუფლებას ემორჩილება, რაც ასევე და-
კავშირებულია ტრანსაქციური დანახარჯების ზრდასთან. ასეთ პირობებში, ხელფასის
დაბალი დონის გამო, თანდათან ჩნდება და ვითარდება კორუფცია, რომელიც მთელი
საზოგადოებისთვის გარკვეულ წესად იქცევა და ტრადიციის ხასიათსაც კი იძენს. ყალიბდება ეგრეთ
წოდებული “ბიუროკრატიული”, ანუ “ადმინისტრაციული” ბაზარი, სადაც იყიდება არა მხოლოდ
მატერიალური ფასეულობები, არამედ “ძალაუფლება” და “ხელქვეითობა”, “წესები და მისი დარღვევები”
და ა.შ. ასეთი ურთიერთობების წლების განმავლობაში განმეორების გამო საზოგადოებაში ყალიბდება
შესაბამისი წეს-ჩვეულებები, იქმნება დაუწერელი სამართალი, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს
ადამიანთა ქცევებზე.
მეურნეობრიობის ასეთი სტილი მუდმივ დეფიციტს წარმოშობს როგორც მწარმოებლების, ისე
მომხმარებლებისათვის, რაც თავისთავად იწვევს წარმოების დიქტატს მომხმარებლებზე. ჩნდება რი-
გები, “დახლქვეშა პროდუქცია” და ა.შ.
სახელმწიფოს მხრიდან ვლინდება ცალკეულ საწარმოთა მკაცრი რეგლამენტაცია და, ამავე დროს,
მათზე ზრუნვა. მართალია, ყოველი საწარმო განიცდის რესურსების ნაკლებობას, მაგრამ მას შეუძლია
იმუშაოს ზარალის პირობებშიც, იგი არასდროს გაკოტრდება, ვინაიდან სახელმწიფო აუცილებლად
დაეხმარება და იხსნის გასაჭირისაგან. ასეთ პირობებში უარესდება პროდუქციის ხარისხი, მიუხე-
დავად ამისა, რიგებით შეწუხებული ადამიანები ყველაფერს ყიდულობენ.
მიწოდებაზე მოთხოვნის მუდმივი სიჭარბე იწვევს ფულადი მასის ზრდას და მის მრავალჯერად
სიჭარბეს სასაქონლო მასასთან შედარებით. ასეთი დისბალანსის შედეგად გამოწვეული ინფლაციური
პროცესები ითრგუნება ძალით, ფიქსირებული ფასების მეშვეობით. ადგილი აქვს ფარულ ინფლაციას,
რაც თავის გამოხატულებას პოულობს რიგებში, ტალონებში, ბარათებსა თუ დეფიციტური საქონლის
განაწილების სხვა ფორმებში.
ცენტრალიზებული საგეგმო ეკონომიკური წყობილების დროს სახელმწიფო შედარებით უმნიშვნელო
მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში, რაც ეგრეთ წოდებული
უცხოური ვალუტის “შავი ბაზრის” წარმოშობას იწვევს. ასევე, გასაგებია, თუ რა დიდ დანაკარგებთან
არის დაკავშირებული ქვეყნის მსოფლიო ეკონომიკური პროცესებისაგან მოწყვეტა.
ერთი მხრივ, ცალკეული ადამიანის ყოველმხრივი დამოკიდებულება ხელისუფლებაზე და, მეორე
მხრივ, სახელმწიფოს მათზე მზრუნველობა, ბადებს ინფანტილიზმს და უუნარობას, ბრძანებისა და
მზრუნველობისაკენ მაყურებელ ადამიანთა ტიპს და ა.შ.
საბაზრო ეკონომიკის მკაცრი შეზღუდვა სხვა გზით განხორციელდა გერმანიაში. ჰიტლერის გამარ-
ჯვებას ხელი შეუწყო მძიმე ეკონომიკურმა და სოციალურმა სიტუაციამ, 1928 წლის ეკონომიკურმა
კრიზისმა. კლასიკური საბაზრო ეკონომიკა უძლური იყო, გამოსულიყო მდგომარეობიდან
ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის გაძლიერების გარეშე. იტალიაში ამის მიზეზი გახდა მარცხი
პირველ მსოფლიო ომში, კოლონიების დაკარგვა და საერთაშორისო შეზღუდვები; ეკონომიკური და
სოციალური კრიზისი. მთავრობის უუნარობა – გამოეყვანა ქვეყანა კრიზისიდან. იქ ეკონომიკა
ვითარდებოდა კერძო საკუთრებისა და კერძო მეწარმეობის საფუძველზე, მაგრამ ყველაფერი ეს
ექვემდებარებოდა მთავრობის მოთხოვნებს. მთავრობა აკონტროლებდა ეკონომიკის ყველა სფეროს.
იზღუდებოდა კერძო საკუთრებაც [6; 7]. ფირმები იმდენად შეზღუდულები იყვნენ თავიანთ
საქმიანობაში, რომ ისინი არ მიეკუთვნებოდნენ არც კერძო, არც სახელმწიფო საკუთრებას.
საბაზრო ეკონომიკის ძალდატანებითი შეცვლა ან სხვა ეკონომიკური სისტემის ტრანსპლანტაცია.
რუსეთში საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ მან შემოიერთა ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის იმპე-
რიაში შედიოდნენ და ყველგან დამყარდა სოციალისტური წყობა, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში გან-
ხორციელდა საბაზრო ეკონომიკის მკაცრი შეზღუდვა. ასეთივე მოვლენას ჰქონდა ადგილი ომის შემ-
დგომ წლებში მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში.
არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. იგი შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სახით:
ეკონომიკის სოციალიზაცია. შერეული ეკონომიკის დროს სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში იზრდე-
ბა და ზოგჯერ იგი გადადის ეკონომიკის სოციალიზაციაში, რასაც მოჰყვება სახელმწიფოს ხელში ხე-
ლისუფლების კონცენტრაცია, რაც თავისთავად ზღუდავს ეკონომიკურ თავისუფლებას და მრავალი
უარყოფითი მოვლენის წყაროა. საბოლოოდ, საქმე გვექნება ეკონომიკურ რეგრესთან, რასაც მოჰყვება
ეკონომიკური კრიზისი. ამის მიზეზები შესაძლებელია ვეძიოთ ეკონომიკურ პარალოგიზმებში (უნებ-
ლიე მცდარი ლოგიკით შემცდარ ღონისძიებებზე გასვლა) [8], ხელისუფლებაში მოსული ადამინებისა
და, საერთოდ, საზოგადოების მენტალიტეტში, ინტერესთა ჯგუფების ზეწოლაში, დემოკრატიის
სისუსტეებში].
ეკონომიკური თავისუფლება არ უნდა ავურიოთ პოლიტიკურ თავისუფლებაში, ვინაიდან შესაძლე-
ბელია ქვეყანაში იყოს ავტოკრატული ხელისუფლება, მაგრამ, ამავე დროს, არსებობდეს სრული
ეკონომიკური თავისუფლება (მაგალითად, სინგაპური და ტაივანი, თავის დროზე სამხრეთ კორეა).
გამოითქმის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დემოკრატია უნდა უმადლოდეს კაპიტალიზმს (ანუ
თავისუფლებას ეკონომიკაში) და არა პირიქით [9; 10; 11]. გარკვეულწილად ეს მართალია, ვინაიდან
კაპიტალიზმმა მოიტანა დემოკრატია, რადგან ეკონომიკური თავისუფლების გარეშე დემოკრატია ვერ
მიიღწევა, მაგრამ დემოკრატიის გარეშეც ეკონომიკური თავისუფლება, შესაძლებელია, არ
არსებობდეს ან დიდხანს ვერ იქნეს შენარჩუნებული.
არასწორი საგადასახადო პოლიტიკა. გადასახადების არაოპტიმალური სიდიდე ამცირებს ინვესტი-
ციებს, აფერხებს ტექნოლოგიების სრულყოფას, ინოვაციების განხორციელებას და, მაშასადამე, ეკო-
ნომიკურ ზრდას ან ამცირებს შემოსავლებს ბიუჯეტში, რაც ხელს უშლის სახელმწიფოს თავისი
ფუნქციების განხორციელებაში, რასაც ასევე მოჰყვება ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირება.
გარე სამყაროსგან იზოლაცია, მკაცრი პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება. ასეთ პოლიტიკას
მოჰყვება ინვესტიციების შეზღუდვა, ტექნოლოგიების განუვითარებლობა, ინოვაციების შემცირება,
კონკურენტუნარიანობის შემცირება და ა.შ.
მეცნიერების, განათლებისა და ინოვაციების არასათანადოდ დაფინამსება. განათლება და
მეცნიერება არის განვითარებიs საფუძველი. საზოგადოების კეთილდღეობა განუყრელადაა
დაკავშირებული ინოვაციებთან. მან განაპირობა არნახული პროგრესი ადამიანთა
საქმიანობის ყველა სფეროსა და ყოფაცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ
ეკონომიკური განვითარების პროცესი, ეს არის ინოვაციათა განხორციელების პროცესი
ეკონომიკური სისტემის ყველა ელემენტში. ინოვაციური ეკონომიკა ეფუძნება ცოდნას,
ინოვაციების ნაკადს, ტექნოლოგიების, ინფორმაციის, ინსტიტუციების,
ადამიანისეული კაპიტალის, წარმოების ორგანიზაციის, პროდუქციისა და ა.შ.
გამუდმებულ სრულყოფას, მეცნიერთა და ნოვატორთა ინტელექტუალურ შრომას.
არასრულყოფილი ინსტიტუციები. აფერხებს ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირებას. წარმოშობს
მრავალ ნეგატიურ მოვლენას: ჩრდილოვან ეკონომიკას, ნეპოტიზმს, კორუფციას, ეტატიზმს და ა.შ.
მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას განეკუთვნება ასევე: არჩევნების დროს პოლიტიკო-
სების მიერ შემოთავაზებული პოპულისტური დაპირებები; არასწორი ანტიმონოპოლისტური
პოლიტიკა; ბიზნესში მთავრობის არაეკონომიკური ჩარევა; კერძო საკუთრების ხელყოფა; არასწორი
აგრარული, ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკა და სხვა.
არასამართლიანი გლობალიზაცია. მან შესაძლებელია, ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა
მოახდინოს ეკონომიკაზე: შეზღუდოს ეროვნული წარმოება, შეანელოს ტექნოლოგიური პროგრესი,
შეამციროს ადამიანისეული კაპიტალი, გაანადგუროს ბუნებრივი რესურსები და ა.შ. გარდა ამისა,
გლობალური ხასიათის ნეგატიური პროცესები ასევე ნეგატიურად აისახება ეროვნულ ეკონომიკაზე
და სხვ.
საბაზრო ეკონომიკის ჩავარდნები. საბაზრო ეკონომიკის ჩავარდნების პრობლემები ეკონომიკურ
ლიტერატურაში ფართოდაა განხილული. ჩვენ დავძენთ მხოლოდ იმის შესახებ, რომ, თუ ეს პრობ-
ლემები დროულად არ იქნა აღმოფხვრილი, ეკონომიკაში რეგრესული პრობლემები წარმოიშობა. მა-
გალითად, თუ სიღარიბისა და შემოსავლების განაწილების უთანაბრობის პრობლემა დროულად არ
იქნა გადაჭრილი, მას შესაძლებელია მოჰყვეს სოციალური და კრიმინოგენური სიტუაციის გამწვავება;
ეკოლოგიური მოთხოვნების გაუთვალისწინებლობას – ბუნებრივი რესურსების, ფიზიკური და
ადამიანისეული კაპიტალის გაუარესება, პროდუქციის გასაღების შემცირება და სხვ.
ეკონომიკის ქაოსური ხასიათი. იგი ეკონომიკური რეგრესის ყველაზე უხილავი წყაროა, რომლის
მთლიანად თავიდან აშორება შეუძლებელია. ქაოსურობის შედეგად გამოწვეული რეგრესის გამოც-
ნობა არათუ კრიზისამდე, არამედ კრიზისის დროს და კრიზისის შემდეგაც კი ძნელია (მაგალითად,
ეკონომიკურ თეორიაში ცნობილია დიდი ეკონომიკური დეპრესიის და სხვა კრიზისების არაერთი
მიზეზი). ბაზარზე არსებობს უამრავი რაოდენობის ეკონომიკური აგენტი, რომელთა საქმიანობა მთავ-
რობის მიერ დადგენილი “თამაშის წესების” ფარგლებში მთლიანად თავისუფალია. მართალია, საბა-
ზრო ეკონომიკას მართავს სხვადასხვა სახის კანონი, რომელიც მას გარკვეული პერიოდის განმავ-
ლობაში სტაბილურობას ანიჭებს, მაგრამ, თითოეული აგენტის საქმიანობა და მათი აგრეგირებული
მოქმედება ყოველთვის არ შეესაბამება ეკონომიკური სტაბილიზაციის მოთხოვნებს. ქაოსურობის
მრავალი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. მაგრამ, ამავე დროს, ბაზრის ქაოსურობა იძლევა
საბაზრო მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობას. მაშასადამე, სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს არა
ქაოსურობის აღმოფხვრა, არამედ მისი უარყოფითი მოქმედების გამოცნობა და თავიდან აცილება ან
დამდგარი უარყოფითი შედეგების რაც შეიძლება სწრაფად და ნაკლები დანაკარგებით დაძლევა.
ბუნებრივი პირობების ცვლილება. არის თუ არა ბუნებრივი პირობების ცვლილების შედეგად (გვალ-
ვა, წყალდიდობები, მოუსავლიანობა, ნედლეულის მარაგების შემცირება და ა.შ.) გამოწვეული
დაქვეითება ეკონომიკური რეგრესის წყარო? რასაკვირველია, გარკვეული ზომით არის, ვინაიდან ამ
შემთხვევაში, ადგილი აქვს რა ეკონომიკურ ვარდნას, ანუ უარყოფით რაოდენობრივ ცვლილებებს,
იგი გადადის უარყოფით თვისებრივ ცვლილებებში. მაგალითად, იზრდება უმუშევრობა და
სიღარიბე, რაც აქვეითებს ქვეყნის ადამიანისეულ კაპიტალს და იწვევს სოციალურ დაძაბულობას და
ა. შ.
არასწორი საგარეო პოლიტიკა. პოლიტიკა, რომელიც მიმართულია მეზობელ სახელმწიფოებთან,
განსაკუთრებით დიდ სახელმწიფოებთან, კონფრონტაციისაკენ.
გარდა ამისა, ეკონომიკური რეგრესის წყარო შეიძლება იყოს: მოძველებული ტექნოლოგიების,
წარმოების მეთოდები და ფორმები; ვალუტის კურსის სწრაფი და დიდი ზომით ცვლილება; საბაზრო
ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა და გაუმართაობა; ფულის დაუსაბუთებელი ემისია; ბიუჯე-
ტის დეფიციტი; დიდი შიგა და საგარეო ვალი, ჭარბმოსახლეობა და სხვ.
ეკონომიკური რეგრესის ინდიკატორები
ეკონომიკურ რეგრესს აუცილებლად არ მოჰყვება ეკონომიკის რაოდენობრივი მაჩვენებლების
გაუარესება. პირიქით, ზოგჯერ სწორედ ეკონომიკური დაქვეითების პირობებში მიმდინარეობს
ეკონომიკური განვითარება (მაგალითად პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირველ ეტაპზე,
ეკონომიკური ციკლების დროს და სხვ). ამდენად, ეკონომიკური რეგრესის შესაფასებლად
გაუარესებულ საბოლოო რაოდენობრივ მაჩვენებლებს (ასეთი მაჩვენებლები გამოიყენება
ეკონომიკური ვარდნის, ეკონომიკური დაქვეითების, ეკონომიკური კრიზისის დროს) ვერ
გამოვიყენებთ. ეკონომიკური რეგრესის შეფასენის მაჩვენებლები უკავშირდება ეკონომიკური
რეგრესის წარმოშობის მიზეზებსა და წყაროებს. ასეთი მაჩვენებლებია: სოციალური და
კრიმინოგენული დაძაბულობის გაუარესება, ეკონომიკის სოციალიზაციის გაძლიერება, ინსტიტუციების
გაუარესება, კორუფცია, ნეპოტიზმი, ეტატიზმი, ტექნოლოგიების, ფიზიკური და ადამიანისეული
კაპიტალის გაუარესება, დანახარჯების შემცირება, მეცნიერებაზე, განათლებასა და ინოვაციებზე, ბიზნესში
მთავრობის არაეკონომიკური ჩარევა; კერძო საკუთრების ხელყოფა; არასწორი აგრარული, ფულად-
საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკა სხვ.
სახელმწიფო, როგორც ეკონომიკის „მესაჭე“
ეკონომიკური რეგრესი შესაძლებელია წარმოიშვას ნებისმიერ, თვით ყველაზე მაღალგანვითარებულ
ეკონომიკაშიც კი. ამდენად აუცილებელია ეკონომიკის მუდმივი გაძღოლა. ამისათვი კი სახელმწიფომ
უნდა შეასრულოს ეკონომიკის „მესაჭის“ ფუნქცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ეკონომიკური
რეგრესი და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური რყევები. ეკონომიკური რეგრესის
დეტერმინანტთა თითქმის ყოველდღიური ანალიზის საფუძველზე უნდა ხორციელდებოდეს
შესაბამისი ღონისძიებები. ამ პროცესში ჩართული უნდა იყვნენ მეცნიერები და ბიზნესი.
კონსოლიდირებული ეკონომიკის, ანუ განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკური სისტემის ჩა-
მოყალიბება და შენარჩუნება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია გამართული სამეურნეო
სისტემის შექმნაზე, რომელიც ეფუძნება საბაზრო მექანიზმს. ასეთი სამეურნეო სისტემის შესაქმ-
ნელად სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მეწარმეობის თავისუფლება, კერძო საკუთრების დომი-
ნირება და მისი ხელშეუხებლობა, ბიზნესის გადაქცევა შემოქმედებითი საქმიანობის სფეროდ,
ჯანსაღი ფინანსების არსებობა, მეცნიერების განვითარება, სახელმწიფო და კერძო სექტორში
არსებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის კოორდინირება. სახელმწიფოს მარეგულირე-
ბელი ინსტრუმენტებიდან უპირატესობა უნდა მიენიჭოს ინოვაციურ ინსტრუმენტებს და ა. შ.
საქართველოს ეკონომიკაში ეკონომიკური რეგრესის გამოვლინების მიზეზები
ეკონომიკაში რეგრესული პროცესების გამოვლენის მაგალითად, სხვა ქვეყნებთან ერთად, შეიძლება
გამოდგეს საქართველოც, სადაც ადგილი ჰქონდა ეკონომიკური რეგრესის გამოვლენის როგორც
ობიექტურ, ისე სუბიექტურ მიზეზებს [12; 13; 14; 15; 16; 17; 18; 19; 20; 21; 22; 23; 24]
ობიექტური მიზეზებიდან შეიძლება დავასახელოთ: მსოფლიო ისტორიისთვის ჯერ კიდევ უცნობი
ტრანსფორმაციის განხორციელება; ძველი ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტა და ახლის
არარსებობა; ახალ ეკონომიკურ სისტემაზე ერთდროული გადასვლისა და სახელმწიფოებრიობის
აღდგენასთან დაკავშირებული სირთულეები; ქვეყნის რთული გეოპოლიტიკური მოწყობა; ცალკეულ
შემთხვევებში საერთაშორისო ორგანიზაციების არასაკმარისია კომპეტენტურობა.
სუბიექტური მიზეზებიდან შეიძლება დავასახელოთ:
1. დიდი ხნის განმავლობაში დამნაშავე ელემენტებთან ბრძოლის არაეფექტიანი ზომების
გატარება, რის გამოც მძიმე კრიმინოგენული სიტუაცია წლობით გაგრძელდა.
2. ეკონომიკური რეფორმების არაკომპლექსურობა და არასისტემურობა.
3. ლიბერალური პოლიტიკის არასწორი აღქმა და განხორციელება.
4. რეფორმების განხორციელების არასწორი გზის არჩევა.
5. გარდამავალი ვალუტის – კუპონის შემოღების შემდეგ არასწორი ფულად-
საკრედიტო (ხორციელდებოდა სრულიად გაუმართლებელი ფულადი და საბიუჯეტო ემისია,
საზღვარგარეთის კრედიტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება) პოლიტიკის გატარება,
რის შედეგადაც მოხდა კუპონის ძლიერი გაუფასურება – ჰიპერინფლაცია.
6. საქართველოს ეკონომიკაში 1995-1997 წლებში ეკონომიკური რეფორმების წარმატებით
განხორციელების შემდეგ რეფორმების კვლავ არასწორად წარმართვა, სახელმწიფოს
მარეგულირებელი ფუნქციების არაეფექტიანობა. შედეგად გაიზარდა კორუფციის დონე,
გაძლიერდა ბიზნესის რეკეტი, წარმოიშვა საფინანსო, საბიუჯეტო და ენერგეტიკული
კრიზისი, გამწვავდა კრიმინოგენული სიტუაცია და ა.შ.
7. მნიშვნელოვანი საერთაშორისო დახმარებების არაეფექტიანად გამოყენება, რაც ასევე წითელ
ზოლად გასდევს მთელ ტრანსფორმაციულ პერიოდს.
8. მცირე ბიზნესის განვითარებისადმი უყურადღებობა.
9. წლების განმავლობაში სოფლის პრობლემების უგულებელყოფა
10. ომი რუსეთთან.
11. პრივატიზაციის დროს დაშვებული შეცდომები.
12. კერძო საკუთრების (რომელიც საბაზრო ეკონომიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს) ხელშეუხებ-
ლობის პრინციპის ხელყოფა.
13. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ფაქტობრივად გაუქმება.
14. შემოსავლების უთანაბრობის ზრდა.
15. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეცდომა იყო ეკონომიკის ინოვაციური განვითარების
გზის უგულებელყობა, რომელიც მხოლოდ 2013 წელს იქნა აღიარებული და
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და იდგმება ამ მიმართულებით
ლიტერატურა
1. Amarty Sen. Economic Regress: Concepts and Features. “THEWorld BANK ECONOMIC REVIEW”, Volume 7,
Issue suppl_1,1993
https://academic.oup.com/wber/article-abstract/7/suppl_1/315/1707171\
2. Papava Vl., 2002, Political Economy of the post-communist capitalism and its application for
Georgian Economy, Tb., “PDP”.
3.Mises E.L., 1993, Bureucracy. Planned chaos. Anti-capitalist mentality. M.: “Issue”
4.Hayek F.1991, Harmful self-confidence. M., “Economics”.
5.Kornai J., 1990, Deficit, M., “Economics”.
6. Berend Tibor Ivan. An Economic History of Twentieth-Century Europe. — Cambridge
University Press, 2005.
7.Payne, Stanley G. A History of Fascism, 1914-1945. — Routledge, 1995. — ISBN 1-857285-
95-6
8. Papava G., 2009, Methodology of knowledge of the qualitiies of mixed market economy‘s realities
and paralogism, Stockholm, C&ACC
9.Baltserovich L. Freedom and Development, Tb., 2004. News, 2005 (in Georgian)
10. Friedman M., 2006, Capitalism and freedom. М.: New publishing house.
11. Schumpeter J, 1949, Capitalism, socialism and democracy.
12. Asatiani R., 2014, Where is Georgia going? Tbilisi, “Siakhle”, (in Georgian language).
13. Burduli V., 2012, Ways of development of branch and technological structure of economy in the
country in the conditions of globalization. – Tb., “Ekonomisti”,; N3.
14. Berulava G., 2011, The Patterns of Business Environment Formation and Perspectives of its
Enhancement in Georgia. “Collection of scientific works of PaataGugushvili Institute of
Economics”.V.4, Tbilisi, “Publishing house of TSU PaataGugushvili Institute of Economics”. (in
Georgian language); and others.
15. Papava Vl., 2002, Political Economy of the post-communist capitalism and its application for
Georgian Economy, Tb., “PDP”.
16. Papava Vl. 2005, Necroeconomics. Political Economy of Post-Communist Capitalism. New
York, Universe.
17. Papava Vl., 2013, Economic Reforms in Post-Communist Georgia: Twenty Years After.
NovaSciencePublisher
18. Chikava L., 2013; Occupation and unemployment in Georgia. Tbilisi, “Universali”, (in Georgian
language).
19. Chitanava N., 1999, Social and economic problems of a transition period (state regulation of
economy), part II, Tbilisi, (in Georgian language).
20. Meskhia I., 1996, Murjikneli M. Economic Reform in Georgia. Tbilisi, “Publishing House TSU”,
(inGeorgian language).
21. Silagadze A., 2013, General aspects of development of “post-communist economy”.”Actual
problems of economy of the post-communist countries at the present stage”. Tbilisi,
“Publishing house of TSU PaataGugushvili Institute of Economics”, (in Georgian language);
22. Tsereteli G., 2003,To a question of an assessment of efficiency of state regulation of post-
communist country (in Georgian language) – In the collection: Problems of development of
market economy in Georgia. VolumeIII. Tbilisi.
23. Abesadze R., 2011, Some theoretical aspects of economic development. Journal “The
Caucasus & Globalization”, CA&CC Pressâ, SVEDEN, Volume 3, Issue 4.
24. Abesadze R., Kakulia E., 2009, The problems of state regulation of small business in Georgia.
Journal: “Central Asia and the Caucasus”. No 6(60).